თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა იარაღის უკანონო ტარების მიზეზი განმარტა
12:41 14-12-2013
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი წაყენებულ ბრალს აღიარებს და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მიზეზს განმარტავს.
როგორც ჟურნალისტებს ნინუას ადვოკატმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა, აღნიშნულის მიზეზზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე ისაუბრა.
"ალესანდრე ნინუამ თავად მოახდინა დაპატიმრების პროვოცირება. როგორც პროცესზე მან განაცხადამ, ყოველ დილას იწყებდა იმაზე ფიქრით, დღეს შესყიდვების დეპარტამენტის რომელ თანამშრომელს დაკითხავდნენ ან დააპატიმრებდნენ. ერთი წლის განმავლობაში ეს მისთვის დიდი მორალური სტრესი იყო და დაკავების პროვოცირება მოახდინა იმის დასამტკიცებლად, რომ ციხის არ ეშინია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნინუამ პატრულს თავი დააჭერინა", - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე განმარტებით, ნინუა ბრალს ეთანხმება. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავად მივიდა პატრულთან, განზრახ გადმოაგდო ქამრიდან იარაღი, რომელიც, ბუნებრივია, პატრულმა დაინახა და შესაბამისად მოახდინა რეაგირება", - განმარტა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, ადვოკატის თქმით, ალექსანდრე ნინუამ პროცესზე აღნიშნა ისიც, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯერ მისი დაკითხვა მიმდინარეობდა, აიძულებდნენ, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, შემდეგ კი უკვე შესაბამის უწყებაში შესყიდვების დეპარტამენტის რიგითი თანამშრომლების დაბარება ხდებოდა, რომლებზეც უკვე ზეწოლა თავად მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით ხორციელდებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ალექსანდრე ნინუასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმდინარე პროცეზე ამ დროისთვის შესვენებაა გამოცხადებული. მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა, პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, რისი შეცვლის შუამდგომლობაც დაცვის მხარეს არ დაუყენებია.
ალექსანდრე ნინუა დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ბოლო პერიოდში კი საქართველოში კეზერაშვილის ბიზნესს კურირებდა. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალექსანდრე ნინუა გიგა ბოკერიას ნათესავია.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...ml?device=xhtml