http://commersant.ge/?page=news&id=3154#.U...NqRDFs.facebookცნობილი ხდება ბიზნესზე წინა ხელისუფლების ზეწოლის მორიგი ფაქტი
2013-09-20 13:24:51
ძვირადღირებული ავტომობილების „ჩუქების“ გარდა, „გუდვილს“ რაბათის ციხეში 3 მილიონი ლარის ჩადება აიძულეს
როგორ აიძულა ყოფილმა ხელისუფლებამ კომპანია „გუდვილი“, მისთვის ძვირადღირებული მანქანები ეჩუქებინა?
საუბარია 44 ,,ტოიოტა ჰაილუქსისა" და 5 ,,ტოიოტა LC-70"–ზე, საერთო ღირებულებით 1 მილიონ 671 516 ლარი, რომელიც ,,გუდვილმა" ეკონომიკის სამინისტროს აჩუქა.
ინფორმაციას გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ აქვეყნებს და წერს, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ბიზნესების და ქონების წართმევამ, ბიზნესის დატერორებამ, სისტემატური და სისტემური ხასიათი მიიღო. ფინანსდებოდა საარჩევნო კამპანიები, ოფშორული კომპანიების ანგარიშებზე მიიქცეოდა მილიონები. ბიზნესმენებს ან ,,წილში უჯდებოდნენ", ან საქმის დათმობას აიძულებდნენ, ან აპატიმრებდნენ.
20 ათასამდე მომჩივანი მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას მათთვის ბიზნესებისა და ქონების წართმევის გამო, თუმცა, როგორც „ბანკები და ფინანსები“ წერს, თავსმოხვეული კოჰაბიტაციის ფონზე ჯერჯერობით ამ სფეროში სამართლიანობა ვერ აღდგა.
„თითქოს პროკურატურა სათანადო ფაქტებით არ არის შეიარაღებული და ამის გამო საკუთრებისა და ბიზნესების ხელყოფასთან დაკავშირებით მხოლოდ 70-მდე საქმეზეა წარმოება დაწყებული,“ – წერს „ბანკები და ფინანსები.“
გაზეთს ხელთ ჩაუვარდა დოკუმენტი, რომელიც ,,გუდვილსა" და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის არის გაფორმებული.
დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ 1, 7 მილიონ ლარად ძვირადღირებული მანქანები შეიძინა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა.
დოკუმენტი დასათაურებულია, როგორც ,,მოძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ (საჩურად) გადაცემის შესახებ ხელშეკრულება". იგი დადებულია ქალაქ თბილისში 2008 წლის 11 დეკემბერს და მასში ნათქვამია:
,,ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერებმა, ერთის მხრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა იაკობ ღონღაძემ (მინდობილობა 2008 წელი 5 დეკემბრის #15/2713/6-8) და მეორეს მხრივ, შპს „გუდვილის გენერალურმა დირექტორმა ნუგზარ მაღულარიამ, შპს ,,გუდვილის" 2008 წლის 17 ნოემბრის #1-85 განცხადების საფუძველზე გავაფორმეთ ჩუქების ხელშეკრულება მასზედ, რომ შპს ,,გუდვილი" უსასყიდლოდ (ჩუქების ფორმით) გადასცემს (შემდგომში განკარგვის უფლებით), ხოლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო საკუთრებაში იღებს დანართში ჩამოთვლით 44 ერთეულ ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქს"-ს და 5 ერთეულ ,,ტოიოტა LC-70"-ს, საერთო ღირებულებით 1 მილიონ 671 516 91 ლარი”.
დოკუმენტს ხელს აწერენ ,,მჩუქებელი" შპს ,,გუდვილის" გენერალური დირექტორი ნ. მაღულარია და ,,დასაჩუქრებული" ი. ღონღაძე.
"გუდვილში" ,,ჩუქების" ფაქტი არც უარყვეს და არც დაადასტურეს და ამ ეტაპზე ყოველგვარი კომენტარისგან თავი შეიკავეს. თუმცა, არაფორმალურ საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ყველაფერი ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ,,გუდვილთან" მიმართებაში.“
Commersant.ge-სთვის კი ცნობილი ხდება, რომ ძვირადღირებული ავტომობილების „ჩუქების“ გარდა, „გუდვილს“ რაბათის ციხეში 3 მილიონი ლარის ჩადება აიძულეს.