”კაჩიგარიაში” მცხოვრებ სამ მცირეწლოვანს გაგიჟება, მერე კი შიმშილით სიკვდილი ემუქრება
ბინძურ ”კაჩიგარიაში” შეხიზნულ სამ მცირეწლოვან ბავშვს ნამდვილად ემუქრება კატასტროფა, თუ მათზე განგაში წინასწარ არ ატყდა და არა, როგორც ჩვენ ვიცით, - მათი ფსიქიკურად დაავადების ან უარეს შემთხვევაში, შიმშილით სიკვდილის შემდეგ. როცა ნანგრევებში მოთამაშე ამ ბავშვებს მივადექი, შოკში ჩავვარდი, - სამი და-ძმიდან უფროსი, ჭუჭყიან სარაფანში (არადა, ციოდა!) გამოწყობილი 6 წლის ნინო ნანგრევებში ქვითა და ჯოხით დარბოდა და იქვე შეკრებილ მეზობელ ბიჭებს ცხოვრებისაგან გაუბედურებული ქალივით უხეშად ემუქრებოდა.
თუკი შეიძლება საცხოვრებელი ეწოდოს ათასგვარი ნაგავისაგან შეკოწიწებულ ხუხულას, რომელშიც მხოლოდ ორი ჭუჭყიანი საწოლი და ასევე ჭუჭყიანი საბავშვო ეტლი ძლივს ეტევა. ეტლში, ძველ საფენებში გახვეული პატარა იწვა, - ჯიხვაძეების უმცროსი შვილი, დათო. ის სულ სამი კვირის წინ დაიბადა. ჩვილის გარშემო კოღოების მთელი გუნდი დაფრინავდა, რომელებიც აქ ნესტიან ნანგრევებში ბუდობენ. გარშემო ყველგან მომწამვლელი სუნი იდგა, - ოჯახის დიასახლისმა, რომელსაც სუნთქვა ისედაც უჭირდა ”ეზოში” მდგარ დამწვარი პოლიეთილენისგან ანთებულ ”ფეჩზე” ჩვილისთვის ფაფის მომზადება დაიწყო!
მეც იქვე დაგდებულ ხის ნაჭერზე ჩამოვჯექი, სადაც ბავშვები ისე ამეწეპნენ, ხელის განძრევის საშუალება აღარ მომცეს, - ჩემზე მოკრულები ჩემი ჩანთისკენ ისე ხარბად იცქირებოდნენ, სასწრაფოდ ფული ამოვიღე და მივეცი. ბიჭმა გოგონას ფული არ დაანება, ეს უკანასკნელი კი ისტერიკულად ატირდა. ბავშვს ისტერიკამ დიდხანს არ გაუარა. ამ დროს შიმშილისაგან გაძვალტყავებული დედამისი მშვიდად მეუბნეოდა, - ნევროზი აქვს, ასეთი ისტერიკა ხშირად ემართება, მალე გადაუვლისო. პატარა ნიკაც ”მაიმედებდა”, - ნუ გეშინია, იტირებს, იტირებს და გაჩუმდებაო და... იცინოდა. მოკლედ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ორივე ბავშვს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა სინამდვილეში ორივენი უბრალოდ, არაბავშვური, სასტიკი გარემოსა და შიმშილის მსხვერპლნი გამხდარიყვნენ.
http://www.kvirispalitra.ge/public/18810-k...eqskluzivi.html