"ასეთი წყევლა აქამდე არც გამიგონია, - თქვენ არ ჩადით დედათქვენებთან ცოცხალნი, პური და ღორი კი არა, სოხუმის მიწა გაჭამოთ ღმერთმაო... მთელი ღამე ტანში მბურძგლავდა, ვინ იცის, სად წამოგვეწევა შავკაბიანი მეგრელი დედაკაცის წყევლა"...
კახა დვალიშვილის - "ნიუტონას" დღიურებიდან, 20 აგვისტო 1992 წ.
(ლია ტოკლიკიშვილი, "როცა ისინი მკვდრები იღვიძებენ")
"22 სექტემბერს აფხაზებმა თბილისიდან მომავალი თვითმფრინავი ბაბუშერის აეროპორტში დაჯდომისას ააფეთქეს. 115 ახალგაზრდა კაცი თვითმფრინავში ცოცხლად ჩაიწვა, მხოლოდ რამდენიმეს გადარჩენა მოვახერხეთ. საჰაერო გზაც ჩაიკეტა და სოხუმი ყველა მხრიდან მოწყვეტილი აღმოჩნდა. ვინაიდან ჩვენი ჰოსპიტალი დაჭრილების ევაკუაციას ვეღარ ახერხებდა, ასსაწოლიან საავადმყოფოში 600-მდე დაჭრილი გვყავდა. პირდაპირ დერეფნებში ვაწვენდით, ბოლო დღეებში სოხუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ შეწყვიტა მუშაობა, ექიმები ჩვენთან გადმოვიდნენ სამუშაოდ. 23 სექტემბერს შემთხვევით დავინახე, რომ სოხუმის აკვატორიაში სამი სადესანტო უკრაინული გემი შემოვიდა. მას შეეძლო, პირდაპირ ნაპირს მოსდგომოდა, გემთან მისადგომი "ლიტერატურკასთან" ("ლიტერატურნაია გაზეტას" პანსიონი) იყო.
როგორც კი დავინახეთ, რომ ერთი გემი აქეთ მოიწევდა, დაჭრილების ერთი ნაწილი საევაკუაციოდ გავამზადეთ და გემზე გადავიყვანეთ. ის გემი 25-შიც გამოჩნდა. უკანასკნელი დაჭრილებიც გემზე ავიყვანეთ. 26 სექტემბერს 20 დაჭრილი გვყავდა, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმე იყო. 27 სექტემბერს დაჭრილები გადავიყვანეთ "ლიტერატურკის" გემის მისადგომთან და ჰოსპიტლის ერთგვარი ევაკუაციაც დავიწყეთ. გამოსვლის წინ ვთქვი, - კარები არ დაკეტოთ-მეთქი (მაროდიორები უპირველესად დაკეტილ კარებს ანგრევდნენ ხოლმე). მთელი დღე გემის მისადგომთან გავატარეთ, მაგრამ გემი არ გამოჩენილა. დაღამდა. როდესაც ღამით სოხუმის ცაზე მანათობელი ტყვიების ფეიერვერკი გაუშვეს, მივხვდი, სოხუმი დაეცა...
რა გველოდა ჩვენ, ყველასგან მიტოვებულ 30 კაცს (აქედან რამდენიმე ქალბატონი იყო და 20 დაჭრილი)... 27-ში, ღამით, გადავწყვიტეთ, ჰოსპიტალში დავბრუნებულიყავით, რაც ძალიან სარისკო იყო - არ ვიცოდით, იქ ვინ დაგვხვდებოდა. როცა ჰოსპიტლის კარები შევაღე, თავზარი დამეცა, - სრულიად გაძარცული და აოხრებული იყო. დაჭრილები პალატებში მოვათავსეთ. იმ ღამეს 6 დაჭრილი კიდევ მოიყვანეს. გაძარცულ შენობაში ოპერაციების გაკეთება გმირობის ტოლფასი იყო. ექიმები დილამდე საოპერაციოში იყვნენ. 28 სექტემბერს, დილით, ეზოში გამოვედი. სამხედრო ექიმი ვარ და ემოციებს არ უნდა ავყვე, მაგრამ ასეთი შემაწუხებელი სიჩუმე არ მახსოვს. ირგვლივ ყველაფერი დუმდა... ჰოსპიტლის საბოლოო ევაკუაცია გადავწყვიტე. ორ, "იკარუსის" ტიპის ავტობუსში მოვათავსეთ დაჭრილები - 26 კაცი, თანამშრომლები ჩავსხი სამედიცინო მანქანებში და შენობის უკანასკნელი შემოვლა დავიწყე. ერთ-ერთ პალატაში ორი გარდაცვლილი მეომარი აღმოვაჩინე - დაჭრილებთან ერთად მიცვალებულებიც მოჰყავდათ, რადგან მეომრები ბიჭების სიკვდილს არ იჯერებდნენ და მათი გადარჩენის იმედი ჰქონდათ... შემდეგ მეგობრები მიასვენებდნენ. ბოლო დღეებში გარდაცვლილების დაკრძალვა ჩვენ გვიწევდა, ჰოსპიტლის ეზოში ტრანშეა გავთხარეთ და საძმო სასაფლაო გავაკეთეთ. გარდაცვლილთა გვარებიც მახსოვს - გვაზავა და ჯავახიშვილი (ძმათა სასაფლაოზე დაკრძალულთა გვარები არ ვიცოდით, ერთს მეტსახელად იაგო ერქვა...).
შემდეგ ყველა ისევ გემის მისადგომთან მივედით. 15 000 კაცი გაჰყურებდა ზღვას გადარჩენის იმედით. ჩვენები სვანეთში წასვლას ითხოვდნენ, მე დაჭრილების ამხელა გზაზე ტრანსპორტირების მომხრე არ ვიყავი. ზოგს გადასასხმელი აპარატიც კი ედგა,”რადგან შტატივები ძარცვისას წაიღეს, ექთანებს აპარატები ხელით ეკავათ. როგორც იქნა, გემი გამოჩნდა, მაგრამ ნაპირს ვერ მოადგა. ხალხის ევაკუაცია ნავით დაიწყეს. სასოწარკვეთილი ხალხი შუაზე გაიყო და თეთრხალათიანები გაგვატარეს... ბოლოს, გემიც დაიძრა. მაშინ გავაცნობიერეთ - აფხაზეთი ჩვენი აღარ იყო"...
გივი იმნაიშვილი, აგუძერის სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ნაწილის უფროსი
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 20 წელი სრულდება...
http://www.kvirispalitra.ge/versia/18782-s...damcvelebi.html