https://www.bpn.ge/article/156832-inplacia-...sec-ar-hqopnis/„ინფლაცია იმხელა ტემპით გარბის, რომ დამსაქმებელი ვერ ეწევა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას HR.ge-ის ბიზნეს განვითარების დირექტორმა ინგა შახბაზიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები ცდილობენ ანაზღაურების მატებას, ფასების ზრდის არსებული ტემპის ფონზე, ეს ცვლილება მოქალაქეთა მინიმალურ საჭიროებებს ვეღარ აკმაყოფილებს.
„ქვეყანაში ინფლაციაა, ყველაფერი გაძვირებულია. კომპანიები კი ცდილობენ ანაზღაურების გაზრდას, ბევრმა გაზარდა კიდეც, თუმცა მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში.
ეს შეიძლება იყოს 15-20%-იანი ზრდა კონკრეტულ პოზიციებზე. თუმცა თუ ბაზარზე არსებულ რეალობას შევხედავთ, ყველაფერი იმ დონეზეა გაძვირებული, რომ პროცენტულად ამ კუთხით ბევრად მეტადაა გაქცეული სიტუაცია.
შესაბამისად, თუ ადრე სამუშაოს მაძიებელს გარკვეულ პოზიციაზე დამსაქმებელი 1000 ლარს სთავაზობდა, დღეს შეიძლება 1200 ლარს სთავაზობს, მაგრამ ეს 1200 ლარიც აღარ ჰყოფნის. მას მინიმუმ 1500 ლარი მაინც სჭირდება, რომ ელემენტარული საარსებო მინიმუმი ჰქონდეს. გამომდინარე აქედან, ვერ ხდება თანხვედრა.
პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რომ კომპანიას აქვს შესაძლებლობა და ხელფასს არ უმატებს. ზრდა გააკეთა, მაგრამ ინფლაცია იმხელა ტემპით გარბის, რომ დამსაქმებელი ვერ ეწევა. ამ შემთხვევაში, როგორც დამსაქმებელმა ისე რომ ვისაუბრო, რეალობა ესაა“, - განაცხადა ინგა შახბაზიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“.
მისივე თქმით, შეცვლილია თავად სამუშაოს მაძიებელთა კულტურა და მიდგომებიც, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი თაობა, წინა თაობებისგან განსხვავებით, შრომის ბაზარზე ბევრად მაღალი ამბიციებითა და მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოთხოვნებით შემოდის.
„გარდა ამისა, მეორე საკითხია ახალი თაობის ამბიცია, რომელიც ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე იყო. ადრე დამწყები კადრი შეგეძლო აგეყვანა სტაჟირებით, თუნდაც ხელფასით, მაგრამ შედარებით დაბალი ანაზღაურებით. შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად მიგეყვანა იმ დონემდე, რომ კარგი ანაზღაურება გადაგეხადა.
დღეს, როდესაც გასაუბრებაზე მოდის სტუდენტი, რომელსაც საერთოდ არ აქვს გამოცდილება, მასაც კი აქვს მოთხოვნა, რომ მინიმუმ, 1500-2000 ლარი უნდა გადაუხადო. იმისთვის, რომ მან თავისი დრო დახარჯოს და სამსახურში იაროს.
ამით იმის თქმა მინდა, რომ თვითონ სამუშაოს მაძიებლის კულტურა და აზროვნებაც შეცვლილია. მაგალითად, პანდემიამდე ადამიანი CV-ს ყველგან აგზავნიდა. თითოეულ ვაკანსიაზე დამსაქმებელს 200-300 რეზიუმე მისდიოდა და არც იცოდა, ვისთვის დაერეკა.
დღეს კი, სანამ სამუშაოს მაძიებელი CV-ს გააგზავნის, ჯერ დეტალურად კითხულობს სამუშაოს აღწერილობას, აგროვებს ინფორმაციას კომპანიაზე, ცდილობს გაარკვიოს ხელფასის ოდენობა და მხოლოდ ამის შემდეგ წყვეტს, ღირს თუ არა განაცხადის გაგზავნა.
სამუშაოს მაძიებლის კულტურის ცვლილება ცუდი არ არის, პირიქით - ძალიან კარგია, რადგან არჩევანს უფრო გააზრებულად აკეთებს. თუმცა, მეორეს მხრივ, ვერ კმაყოფილდება დამსაქმებელი. მისდის ნაკლები CV, ვერ აჰყავს კადრი და უწევს ხელახალი ვაკანსიის გამოცხადება.
არ შესდით შესაბამისი რაოდენობის CV, ან შემოსული რეზიუმეები არ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, შესაძლოა, სატელეფონო ეტაპზევე ვერ აღწევენ შეთანხმებას და ა.შ. შესაბამისად, უწევთ ვაკანსიის თავიდან გამოცხადება.
არის ისეთი შემთხვევებიც, როცა კადრს აიყვანენ, მაგრამ თანამშრომელი მალევე მიდის. საწყის ეტაპზე გამოსაცდელი ვადაა და ხშირად შეიძლება, სამუშაოს მაძიებელს არ მოეწონოს გარემო და წავიდეს. სწორედ ამიტომ ვუწოდებ ასეთ პოზიციებს „დენადს“.
როდესაც ადამიანი მაღალ პოზიციაზე საქმდება, ის თვეობით, ან წლობითაც კი რჩება კომპანიაში, მაგრამ როდესაც დამწყებ კადრზე ვსაუბრობთ (მაგალითად: გაყიდვების კონსულტანტი, მიმტანი და ა.შ.), ის დიდხანს ერთ ადგილას არ ჩერდება. მუდმივად ეძებს უკეთეს პირობებს და ამიტომაა, რომ 2 თვეში სხვაგან გადადის. კომპანია კი ისევ კადრის გარეშე რჩება და ვაკანსიის გამოცხადება თავიდან უწევს.“, - აცხადებს ინგა შახბაზიანი „ბიზნესპრესნიუსთან“
შემოენძრევიან ეხლა გამპრავებლები