dylan
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21528
წევრი No.: 86401
რეგისტრ.: 11-March 09
|
#38197477 · 29 Sep 2013, 17:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როდესაც ცნობიერი სამშვინველი ადამიანში მიაღწევს თავისი განვითარების პიკს, მხოლოდ ამის შემდგომ იწყება სწორედ ქრისტიანული რელიგიის ტერმინით რომ ვთქვათ - სულიწმინდას ცნობიერება. (ძველინდურ რელიგიებში სულიწმინდას ცნობიერებას აღნიშნავენ მანასის ცნობიერებით) მაგრამ სულიწმინდას ცნობიერებამდე თვით ცნობიერი სამშვინველის მდგომარეობიდანაც ჯერ კიდევ ძალიან შორს არის და შესაძლოა ადამიანს, რომელმაც, ასე ვთქვათ მიაღწია ცნობიერი სამშვინველის ცნობიერებამდე, იქნებ ერთი და ორი ცხოვრება არც ეყოს იმისთვის, რომ მან შეაბიჯოს სულიწმინდას ღვთაებრივ სამყაროში. (რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ, რახან ცნობიერი სამშვინველი თანდათან მასიური ხდება, განსაკუთრებული სულიერი უნარის, ნათელმხილველები უკვე აღარ არსებობენ ან არ იარსებებენ) ჩვენი მსჯელობა უფრო ნათელი რომ გახდეს, შევეცდები კონკრეტულ ინდივიდუალობათა ცნობიერებაში “შეხედვის” მაგალითზე გავანათო განსახილველი საგანი. როგორც უკვე ვთქვით, ადამიანი, რომელიც ამაღლდა ცნობიერ სამშვინველამდე, ხდება ბევრად უფრო სულიერი და ცნობიერად რელიგიური, ვიდრე აქმდე იყო იგი. მაგრამ აქვე თავს იჩენს სპეციფიური მომენტი. ადამიანი, რომელშიც გამოღვიძებას იწყებს ცნობიერი სამშვინველი, კონფლიქტში შედის დანარჩენ, ტრადიციულ ცნობიერებაში მცხოვრებ სამყაროსთან, რომელსაც ჯერ მიუღწევია ამ ცნობიერებამდე და ასეთი ადამიანი კონფლიქტში შედის პირველ რიგში თავის წარსულთან, თავის აწმყოსთან, ყოველივე იმასთან, რასაც აქამდე წარმოადგენდა და რასაც ახლა წარმოადგენს იგი. იწყება "ძველი ადამიანის" ნგრევა და "დემონტაჟი". იწყება სამშენებლო მოედნის მოწყობა ახალი, ცნობიერად რელიგიური ადამიანის შენებისთვის. "ძველი ადამიანი" - ეს არის ძველი ქრისტიანული ოკულტიზმის შესანიშნავი ტერმინი. ადმიანი, რომელიც ნამდვილად და არა მოდურობიდან გამომდინარე მოჩვენებითობით იწყებს თავისი თავის გვერდიდან დანახვას, ვარდება სასოწარკვეთილებაში: ნუთუ მთელი ცხოვრება ასეთ სიცრუეში ვცხოვრობდი, ნუთუ ასეთი წვრილმანი, ძუნწი, შურიანი, მრუში, ქურდი და საერთოდ ასეთი პატარა და საძაგელი ვიყავი? ასეთი კითხვები თრგუნავს მას, სველს მონანიების სირცხვილის ოფლში. ეს არის მონანიების დიადი დასაწყისი და ეს სინანული მით უფრო დიდია, რაც მეტად წარმატებული იყო ეს ადამიანი ჩვეულებრივ, პრაგმატულ ცხოვრებაში, ცხოვრებისეულ სიამეებით ტკბობაში და ამასთან ერთად იმაში, რელიგიურ--ეკლესიურ ცხოვრებას რომ უწოდებენ დღეს წვერგაფოთლილი მამაოები და მათი მრავალრიცხოვანი მრევლი. დაბეჯითებით ვამბობ: მამაოებს და ე.წ. მართლმადიდებლობისთვის, იეღოველობისთვის, კათოლიკობისთვის, ბაპტისტობისთვის და ა.შ... ჩამოვთვალოთ ყველა ტრადიციული, ორგანიზებული ეკლესია და მისი მრევლი, რომელიც ამაყობს თავისი "ჭეშმარიტი სარწმუნოებით" და აუტოდაფეს უწყობს სხვა რელიგიურ მიმდინარეობის მიმდევრებს, არბევს მათ საომარ იარაღად გადაქცეული ჯვრებით, - ნამდვილად ვიცი და ვამბობ, რომ ამ ხალხს მეტი აქვს მოსანანიებელი, ვიდრე ქურდს და თაღლითს. როდესაც ამას ვამბობ, ამას ვამბობ იმიტომ რომ ეს არის საკუთარი მწარე გამოცდილების ნაყოფი და არა რაღაც გონებრივ-აბსტრაქტული სპეკულაციების შედეგი. ჩვეულებრივი, დღეისთვის ნორმალური ცნობიერების ადამიანის ცხოვრების 90 პროცენტი (ვთქვათ პირობითი რიცხვი) შეცდომაა, ან ცოდვა თუ ძველებურად ვიტყვით და როდესაც ადამიანი იწყებს საკუთარი თავის გვერდიდან ხედვას და მონანიებას, ის ხედავს ამ 90 პროცენტს და ეს უარყოფითი ახრჩობს და აძრწუნებს მას ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით. პარლამენტარს, თუკი მას დაეწყება ნამდვილი მონანიების პროცესი, რაც ძალზე იშვიათად თუ მოხდება მათ ფულით დაბინდულ ცხოვრებაში. (ვიმედოვნოთ რომ არსებობენ კეთილი გამონაკლისები) ახრჩობს თავისი პარლამენტარობა, ასე რომ ამაყობდა ამით, ამდენი სიცრუე რომ იყო გახვეული ამ პარლამენტარობაში, ამდენი სიცრუით რომ მოვიდა ამ მდგომარეობამდე. მინისტრს თავს "ასფუთიანი ჩაქუჩის ცემით" ემხობა თავისი მინისტრობა, ის ძრწოლვით დაინახავს, რომ მას მინისტრობა "ქვეყნის და ხალხის" სამსახურისთვის კი არ სდომნია, როგორც სხვას და თავსაც ატყუებდა აქამდის, არამედ _ ფულის კეთებისთვის. ეს ისეთივე ცხადი ხდება, როგორც მზე მზიან ამინდში და მას ეს სიცხადე ძირავს სირცხვილის ოფლში. ასე რომ ყველას თავზესაყრელად აქვს საკუთარი ცოდვები და როდესაც ამ ცოდვებს ხედავ, უკვე აღარ იქექები სხვათა შეცდომებში. აი რას ჰგავს ეს, _ ბავშვობისას სოფელში ხშირად შევსწრებივარ ძაღლების ჩხუბს და ყოველთვის მეშინოდა გაავებული ძაღლები ჩემს წინააღმდეგ არ წმოსულიყვნენ, მაგრამ ეს არ მომხდარა არასდროს. თუმცა კი სხვა დროს, იგივე ძაღლები ცალ-ცალკე და უჩხუბრად მწოლარენი აგრესიულად გამოწეულან ჩემსკენ. და როგორც შემდეგ მივხვდი, მოჩხუბარი ძაღლი არ მიატოვებს მოწინააღმდეგეს და არ გამოიწევს შენსკენ. იმიტომ რომ მათ უბრალოდ არ სცალიათ სხვისთვის, მათ მოწინააღმდეგის გარდა არ ახსოვთ არავინ და არაფერი. შესაძლოა უხერხული შედარება იყოს, მაგრამ ასეთივე უწყინარი ხდება ადამიანი სხვის მიმართ, თუკი ის ნამდვილ და გულწრფელ მონანიებას იწყებს. ის ახლა გააფთრებულ ბრძოლაშია საკუთარ "ძველ ადამიანთან", იმ ძაღლებთან და მხეცებთან ასე უხვად რომ ბინადრობენ ყოველ ჩვენთაგანში. ახლა ეს ადამიანი ყველაზე ცოდვილად საკუთარ თავს მიიჩნევს, რადგან ყველაზე დიდ ცოდვებს ხედავს და ამჩნევს ყველაზე ახლოს, - საკუთარ თავში. სანამ მას გაეხილებოდა ცნობიერი, მისსავე შინაგანში მხედველი სამშვინველი, მისი მზერა მიმართული იყო სხვისკენ და სხვისი ცოდვებისკენ და ამიტომაც ზემოთ ნახსენები ძაღლებივით აგრესიულად იწევდა სხვისკენ. პავლე მოციქული ცოდვილთა შორის პირველ ცოდვილს საკუთარ თავს უწოდებს და ასევე უწოდებენ საკუთარ თავს სხვა მოციქულები და წმინდანები. ადამიანს უჩნდება ცნობიერი სამშვინველი და ის შეაბიჯებს მონანიების კათარზისულ მდგომარეობაში. ახლა მისთვის გასაგები ხდება სახარების სიტყვები, რომ თუ სხვას არ შეუნდე თავისი ვალები, არც შენ შეგენდობა შენი. ახლა გასაგები ხდება, რომ ჯერ საკუთარი თვალიდან უნდა ამოიღო დირე, რომ მერე სხვის თვალიდან ამოიღო ბეწვი. ახლა გაცოცხლებას იწყებენ დიად მასწავლებელთა დატოვებული სიტყვები, რასაც მკვდარი, ტავტალოგიის სახით ყოველდღიურად თავმოტყუებით ვისმენთ მამაოეთში. ახლა მწარე მონანიებად იქცევა ეს თავმოტყუების ამაყი მომენტი. ახლა უამრავი რამ ხდება გასაგები... და როდესაც ამ წერილის ავტორი იმყოფებოდა და არის მონანიებაში, მას ყველაზე მეტად ხუთავდა და ხუთავს მისი ცხოვრების ის წარსული, როდესაც თვითონაც მართლმადიდებელობაზე დებდა თავს წვერმოშვებული. როდესაც წვერჯვრის გადაწერით კანონონიკურ ლოცვებს იმეორებდა თუთიყუშივით და ძველი ქართულით. როდესაც მწვალებლობა და ერესი ეგონა ყველაფერი არამართლმადიდებლური. - ფუჰ, რა საამაყო ეგონა ეს ყველაფერი და ამის გახსენებაზე კვლავაც ჩნდებიან ბურძგლები და სირცხვილის ოფლის წვეთები. საქართველო თითქმის ქურდული ფუნდამენტალიზმის ქვეყანაა, რადგან ჩვენ მცირე გამოცდილება გვაქვს კერძო საკუთრების პირობებში ცხოვრების. სოციალისტურ რევოლუციამდელი, კაპიტალისტური ცხოვრების ჩანასახები ძალზე უცებ მოახრჩვეს კომუნისტებმა და კერძო საკუთრების და დემოკრატიულობის წესმა ვერ მოასწრო გაჯდომა ნაციის აურაში, ვერ გახდა მისი ცხოვრების წესი. იმედია ეს განხორციელდება უახლოეს ათწლეულებში. ამგვარად ამ ქურდულ გარემოში თითქმის ყველა ჩვენთაგანი გაერია ქურდობაში. ვისაც როგორ შეეძლო იმ ფორმით. არც ამ წერილის ავტორი არის გამონაკლისი, მასაც მოუპარავს აქლემი თუ არა ნემსი მაინც და როდესაც ის გადიოდა და გადის მონანიების უმწარეს მომენტებს, რაზეც მოგახსენებდით, სიმწრის ოფლად მოედინება ყველაფერი, რაც სინდისმა დააფიქსირა მეხსიერების დახმარებით: ბავშვობაში ნათქვამი ტყუილი, სიყმაწვილისდროინდელი სექსუალური ფანტაზიები, აბსურდული სიამაყეები საკუთარი თავის შეფასებისას, სიამაყე საკუთარი ეროვნულობით... უამრავი და უთვალავი რამ არის მოსანანიებელი. მაგრამ ყველაფერ ჩამოთვლილზე მეტად, იქნება ეს ეროტიკული ექსცესები თუ სხვა ჩამოთვლილი მომენტები, ყველაფერ ამაზე ბევრად და მწარედ მოსანანიებელი პირადად ჩემთვის და რადგანაც ადამიანები ზოგადად ერთნაირები ვართ, ამდენად განზოგადებულად ადამიანისათვის, ყველაზე მწარე და ყველაზე მტკივნეულად მოსანანიებელი არის შეცდომა ან ცოდვა, რომელიც რელიგიურობასთან არის დაკავშირებული. ჩვენ გვითხრეს, რომ ყველაფერი შეგვენდობა იმ შეცოდების გარდა, რომელიც სულიწმინდას მიმართ გვაქვს ჩადენილი. რა თქმა უნდა, ყოველგვარი ცოდვა პირდაპირ თუ ირიბად ღვთაებრივის და სულიწმინდასადმი მიმართებაში და ამ მიმართების გამო არის ცოდვა. - იქნება ეს ქურდობა, მრუშობა და ა.შ. მაგრამ ცოდვა, რაც უშუალოდ სცოდავს ღვთაებრივისადმი, ეს არის შეცდომა, რასაც ადამიანი უშვებს რელიგიურ და მერე ნაციონალურ სფეროებში ნეგატიური აქტიურობით. როდესაც ადამიანი ცოცხალ ღვთაებრივს ძირავს და ყინავს დოგმატიკაში, ამით ის კლავს და ჯვარს აცვამს ღმერთს და ღვთაებრივს, - ეს არის შეცოდება სულიწმინდასადმი. როდესაც ადამიანი ხდება აგრესიული სხვა ერების და მათი წარმომადგენლებისადმი, - ეს არის ცოდვა სულიწმინდასადმი და თუ გვეპატიება სხვა ყველაფერი, როგორც გვაფრთხილებენ, ამას უკვე არ გვაპატიებს არავინ..
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|