მიხეილ სააკაშვილი - ჰილარი კლინტონი, დიდი ალბათობით, ამერიკის შემდეგი პრეზიდენტია
09:52 14-10-2013
მიხეილ სააკაშვილი - ჰილარი კლინტონი, დიდი ალბათობით, ამერიკის შემდეგი პრეზიდენტია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჰილარი კლინტონი, როგორც ყოველთვის არის ძალიან დიპლომატიური, მაგრამ სათქმელი თქვა ძალიან მყარად.
"თქვა, რომ არის პრობლემები, გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა, რომ ე.წ. სამართლიანობის აღდგენას შეიძლება გადაჰყვეს საქართველოს პრესტიჟი, რეპუტაცია და მომავალი. ასევე გადაიზარდოს ქვეყნის გახლეჩაში და კონფრონტაციაში. ჰილარი კლინტონმა რომ არ გვითხრას ეს ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ? უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, ჰილარი კლინტონი, თუკი რამე მესმის, დიდი ალბათობით არის ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი. ამიტომ, ვურჩევ ყველას თბილისში, კარგად მოისმინოს რას ლაპარაკობს ეს ჩვენი მეგობარი, იმიტომ, რომ საქართველოს მეგობარია ნამდვილად და ჩვეთვის ცუდი არ უნდა. არ იქნება კარგი მისი რჩევის იგნორირება", - განაცხადა სააკაშვილმა.
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტომა საქართველოს შესახებ ლონდონის Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"ვფიქრობ, საქართველო რთული დილემის წინაშე დგას და ეს მდგომარეობა კარგად უნდა გაანალიზდეს, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, სადაც მას საქართველოს შესახებ შეკითხვა ამავე ინსტიტუტის წევრმა სულხან ხაბაძემ დაუსვა.
ამასთან, ჰილარი კლინტონმა ასევე ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიაღწია და აღნიშნა, რომ ამ პროგრესს ახალი მთავრობაც გააგრძელებს.
"აღსანიშნავია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიაღწია. ბევრი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ პროგრესში, ახლა თანამდებობაზე აღარ არის და თქვენ გყავთ ახალი მთავრობა, რომელსაც ცხადია, რომ უნდა ამ პროგრესის გაგრძელება და ამის საუკეთესო მეთოდით გაკეთება", - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა.
სულხან ხაბაძის კითხვაზე, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ ქვეყნის დემოკრატიის განვითარების გზაზე არსებული წინააღმდეგობების გადასალახად, ჰილარი კლინტონმა უპასუხა, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება საქართველოში სტაბილურობა მომდევნო თვეებში, დაცული იქნება თუ არა კანონის უზენაესობა, მიღწეული პროგრესის დაზარალების გარეშე.
"მე ვერ გიპასუხებთ მარტივად იმაზე, რასაც სხვები ამბობენ, რადგან ბევრია იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება საქართველოში მომდევნო თვეებში ქვეყნის სტაბილურობა და დაიცავთ თუ არა კანონის უზენაესობას, მიღწეული პროგრესისთვის დაზარალების გარეშე. ეს ძალიან ფრთხილად, დეპერსონალიზაციის გარეშე უნდა მოხდეს. თქვენ იმ ადამიანებზე კი არ უნდა იფიქროთ, ვინც თქვენი აზრით კანონი დაარღვია, არამედ ახალი ხელისუფლების პოზიციაზე და იმაზე, ახდენს თუ არა მთავრობა დემოკრატიის კონსოლიდირებას, თუ - ქვეყანას ანაწევრებს", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ თავი უნდა აარიდოს პერსონალიზაციას და იმაზე იფიქროს, რა იქნება საუკეთესო საქართველოსთვის მომდევნო წლების განმავლობაში.
"მინდა, გთხოვოთ, რომ შეეცადოთ და თავი აარიდოთ პერსონალიზაციას და ამის ნაცვლად გაანალიზოთ, რა იქნება საუკეთესო საქართველოსთვის მომდევნო ხუთი, ათი, 15 წლის განმავლობაში. არსებობენ ადამიანები, რომელსაც, როგორც თქვენ ამბობთ, ხელისუფლებისგან რაღაცის გაკეთებას მოითხოვენ, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვინც წარუმატებლად მიიჩნევს თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ასე რომ, თქვენ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა. ისე უნდა შეინარჩუნოთ საჯაროობა და გამჭვირვალობა, რომ არ შეიქმნას არასტაბილურობა და თუნდაც კონფლიქტი, რომელიც ძირს გამოუთხრის დემოკრატიის პროექტს საქართველოში", - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.
წყარო:
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...rezidentia.html================================
აბა, რას იტყვით?