ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე "2008 წლის ომის გმირი" ნეჩაევი იქნებოდა... ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და სოციალურ ქსელებში დიდი აგრესია გაჩნდა იმ სპორტსმენების მიმართ, ვინც სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას აპირებს... "მახსოვს, მოსკოვში ვიყავი 1980 წელს, როდესაც მოსკოვის ოლიმპიადას ძალიან ბევრმა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა და არ ჩამოვიდნენ. ამით რა შედეგი მიიღეს?! რუსებისთვის ეს იგივეა, კოღომ რომ უკბინოს. ჩვენი არ წასვლაც მათთვის კოღოს კბენა იქნება"... - ამბობს ცნობილი ფეხბურთელი და ლეგენდარული შვიდი ნომერი - მანუჩარ მაჩაიძე...
- ნაჩაევზე ლაპარაკი არც ღირს და მაგაზე არც ვაპირებ, დრო დავკარგო... დღეს ძალიან დიდი სპეკულაცია ხდება ამ თემით – უნდა წავიდეთ თუ არა სოჭის ოლიმპიადაზე... თუ იტყვი, რომ უნდა წავიდეთო, შეიძლება რუსოფილად ჩაგთვალონ, იტყვი, არ უნდა წავიდეთო და ურაპატრიოტიაო და ასე შემდეგ... ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი ძირძველი ტერიტორიები, რომ ისევ საქართველოს შემადგენლობაში შევიდეს, მაგრამ არ მგონია, სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანასთან დაპირისპირება გამართლებული იყოს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა, მათ ერთი რამ მკაფიოდ უნდა იცოდნენ - სოჭი უძველესი ქართული მიწაა! ამას ადასტურებენ როგორც ქართველი ისტორიკოსები, ასევე უცხოელები. საქართველოს უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი იქ იყო, სადაც ისტორიულად კავკასიის ქედი მიდის და უერთდება ზღვას. შემდეგ რუსებმა სხვადასხვა მცოცავი ანექსიით იარეს, იარეს და ყველაფერი წაგვართვეს. ახლა საზღვარი მდინარე ყუბანთან უნდა იყოს და უკვე ენგურთან არის. ეს ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ და უნდა გვახსოვდეს. დღეს კი არავინ არ ახსენებს.
- ნათლად არ ჩანს თქვენი პოზიცია, მხარს უჭერთ თუ არა ქართველების სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლას?
- ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, დიპლომატია გამოვიჩინოთ და მსოფლიოს შევახსენოთ სიმართლე. ქართველებმაც, რუსებმაც და მსოფლიო ისტორიკოსებმაც ძალიან კარგად იციან, სოჭი რომ უძველესი ქართული ქალაქია. ძალიანაც კარგია, საქართველოს ტერიტორიაზე რომ ტარდება ზამთრის ოლიმპიადა. ამიტომ იქ უნდა გავაპროტესტოთ, სოჭი რომ საქართველოს აღარ ეკუთვნის და მოვითხოვოთ სოჭიც საქართველოს დაუბრუნდეს, სხვა დაკარგულ ტერიტორიებთან ერთად. მე ამ სიტყვებს გასაღიზიანებლად არ ვამბობ (რუსეთის გაღიზიანება არ შეიძლება). რუსეთს უნდა შევახსენოთ, რომ დიდი თხოვნა გვაქვს, ჩვენთვის წართმეული ტერიორიები დაგვიბრუნოს. მერე ვიქნებით კარგი მეგობრები და მათი პატივისცემაც გვექნება. თუმცა უპატივცემულო დამოკიდებულება დღესაც არ გვაქვს... სპორტულ ღონისძიებაზე წასვლა-არ წასვლა კი, იცით, როგორ არის? - წახვალ, ცუდია, არ წახვალ კიდევ უფრო ცუდი... აქედან გამომდინარე არჩევანი უნდა გავაკეთოთ ცუდსა და უარესს შორის... მახსოვს, მოსკოვში ვიყავი 1980 წელს, როდესაც მოსკოვის ოლიმპიადას ძალიან ბევრმა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა და არ ჩამოვიდნენ. ამით რა შედეგი მიიღეს?! რუსებისთვის ეს იგივეა, კოღომ რომ უკბინოს. ჩვენი არ წასვლაც მათთვის კოღოს კბენა იქნება...
- საქართველოს პრეზიდენტი ამბობს. რომ პუტინი ყველაფერს გააკეთებს საქართველოს დასამცირებლად სოჭის ოლიმპიადაზე...
- საქართველოს პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს კიდევ ხმა აქვს ამოსაღები?!.. იგი 18 წელია ებრძვის ქართველ ერს და ქართულ სახელმწიფოს და არ აქვს მორალური უფლება, ასეთი განცხადება გააკეთოს. ამდენი ხანია მას ვიცნობ და არ მახსოვს, ეთქვას, მე ეროვნებით ქართველი ვარო. მას საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ერის შექმნა სურდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ქართველი ერი ვერ მოსპო არაბებმა, მონღოლებმა, თემურ-ლენგმა, შაჰ-აბასმა და ვერც რუსეთმა... სააკაშვილი მითუმეტეს ვერ მოსპობს. დემაგოგი ვითომ შეწუხებულია საქართველოს ანექსიით, მაგრამ ეგ ზღაპრები თავის შვილიშვილებს მოუყვეს. ეროვნება წაგვართვა მაგ არაქართველმა. ახლა კიდევ გამოდის და ბედავს იმის განსჯას, სოჭის ოლიმპიადაზე ქართველები უნდა წავიდნენ თუ არა?!
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)
http://www.kvirispalitra.ge/politic/18989-...?add=1#comments ეე მანუჩარ სოჭს ვეღარ დავიბრუნებთ ვერა

სოჭი კი არა რუსეთმა მომავალში თუ დროშა დაგადგმევინა ფსოუზე მაგაზე სულ მადლობები უნდა ვუხადოთ