"ბატონო ბიძინა, თქვენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბრძანდებით, მე კი ერთი რიგითი ლიტერატორი ვარ, ჩვენს შორის იმხელა დისტანციაა, რომ, წესით და რიგით, თავშიც არ უნდა მომივიდეს თქვენი შეწუხება და წერილობით მომართვა, მაგრამ ვაგლახ, რომ XXI საუკუნეში ვართ და ეს ყბადაღებული ”სიტყვის თავისუფლება” ყოველი ადამიანის კუთვნილებადაა გამოცხადებული.
ბატონო ბიძინა, გულწრფელად გეტყვით, ჩემს თვალში თქვენ საქართველოს უგვირგვინო ხელმწიფე ბრძანდებით, ჩვენი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი, ანუ ავტოკრატი – ოღონდ ავტოკრატი ”ადამიანური სახით” (განსხვავებით თქვენი წინამორბედისგან), ამიტომაც ვბედავ და გწერთ.
თუმცა, გულის სიღრმეში, არ მჯერა, რომ ჩემი წერილი თქვენამდე მოაღწევს, დიდი-დიდი, თქვენმა თანაშემწემ, მდივან-რეფერენტმა წაიკითხოს და… სანაგვე ყუთში გადაუძახოს.
ამიტომ, ალბათ, უპრიანი იქნება, თუკი ამ თქვენს ნდობით აღჭურვილ თანაშემწეს მივმართავ…
ჩემო იმანო, ჩემო უცნობო თანამემამულევ, ამ წერილის ავტორს იმდენი უპასუხო კითხვა დაუგროვდა განვლილი ერთი წლის განმავლობაში, იმდენად განცვიფრებული თუ გაოგნებულია ამ ჩვენი მზიანვარდებიანსაოცნებო ყოველდღიურობით, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე (სანამ თავისქალა აეხადა ფიქრისგან ან გული გაუსკდა ნერვიულობისგან), იძულებულია ეს მტანჯველი კითხვები ხმამაღლა, საჯაროდ დასვას…
პირველი კითხვა – რა აქვს თავში ბიძინას?
ჩემო იმანო, პატივცემულო რეფერენტო, თქვენს პატრონს (”ბოსსა” თუ ”შეფს” – არ ვიცი, როგორ მოიხსენიებთ ზურგსუკან) პირადად იცნობთ, ყოველდღიური ურთიერთობის პატივი და ბედნიერება გხვდათ წილად, და იქნება მითხრათ, მიმანიშნოთ მაინც, ვინ არის და რას წარმოადგენს? რა სურს? რა ამოძრავებს? პირადად ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი ნამდვილი გამოცანაა – იქნებ რაიმე მცირედი გასაღები მაინც მომცეთ ამ თავსატეხის ამოსახსნელად?
კაცი მილიარდერია, ყველაფერს თავისი ჭკუით, გამჭრიახობით, მტკიცე ნებისყოფითა და ხერხიანობა-გერგილიანობით მიაღწია – ანუ, ასე ვთქვათ, სრულიად ”სელფმეიდია” – თანაც ლამისაა არაამქვეყნიურია, ლამისაა ასკეტივით, განდეგილივით ცხოვრობს, თანაც როგორი უშუალოა, თანაც უდიდესი ქველმოქმედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში (ასე მგონია, ყველა სარაჯიშვილ-ზუბალაშვილზე მეტი ფული აქვს უკვე დახარჯული), თანაც მმართველობა-პოლიტიკოსობა არ მოსწონს და მიდის, ძალაუფლებაზე უარს ამბობს (?!)
გ ა ს ა შ ტ ე რ ე ბ ე ლ ი ა !
თუმცა ისტორიამ იცის მმართველის მიერ თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვების შემთხვევები. ამგვარი უჩვეულო ქცევის უძველესი მაგალითი ისტორიის მამად წოდებულ ჰეროდოტესთან შეიძლება ვნახოთ: კუნძულ სამოსის მმართელად ტირან პოლიკრატეს დანიშნული ჰყოლია კაცი, სახელად მეანდრე. ერთ მშვენიერ დღეს პოლიკრატე გარდაიცვალა, მეანდრე კი გადადგა, ხალხს უთხრა, ამიერიდან თქვენი თავი თვითონვე მართეთო. გაშტერებულ ხალხის კითხვაზე, რატომ მიდიხარო, თურმე ასე უპასუხა: ”მე არაფრით გავაკეთებ იმას, რასაც ვგმობ სხვის საქციელში. მე ხომ არ მომწონდა პოლიკრატეს ბატონობა ადამიანებზე, რომლებიც მისი თანასწორი იყვნენ…”
მეანდრემ თავისი გადადგომა მარტივად ახსნა – ”ზნეობის ოქროს წესის” მოშველიებით – რომ არ სურს სხვას გაუკეთოს ის, რასაც თავისთვის არ ინდომებდა. ანუ არავის ჩაგვრა თუ შეზღუდვა არ მინდაო. კეთილშობილური მოტივია, ვერაფერს იტყვი.
მაგრამ რა ამოძრავებს ჩვენს მმართველს, ჩვენს ბიძინას? რა მოტივი აქვს? სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაო! უკაცრავად, მაგრამ მოტივად ეს, მე მგონი, არ გამოდგება – ამის გაკეთება უფრო ეფექტიანად მაშინ შეიძლება, როცა სახელმწიფოს მართვის საჭე ხელში გაქვს, თორემ თუ მანქანიდან გადმოხვედი და გაჩერებულს უკნიდან მიაწექი, შორს ვერ წავა. ჩვენი პრემიერისგან, პირველ რიგში, სწორედ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას ველოდით!ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა რაღაა? ვერაფრით გამიგია და ეს კითხვა, უკაცრავად სიტყვაზე, ტვინს მიბურღავს!
არადა, ნათქვამი აქვს – ყველაფერს დავალაგებ და ისე წავალო!.. რა დაალაგა? რა გვაქვს დალაგებული?.. რა ხდება, საერთოდ?.. ნუთუ, დავიჯერო, პასუხისმგებლობას გაურბის? ან იქნებ, უბრალოდ, მეანდრესავით ამძიმებს პოლიტიკოსობა-მმართველობა?
მაგრამ იქნებ, სინამდვილეში, არც მიდის? იქნებ ხრიკია ეს ყველაფერი? უკაცრავად - ტაქტიკური მანევრი? აკი განაცახდა – 20 წელი კიდევ თქვენთან ვიქნებიო… მაშ, რა გამოდის? ქვეყნის მართვას კულისებიდან აპირებს? (დიახაც, მექნება დიდი გავლენაო – დაადასტურა).
უკაცრავად, მაგრამ ეს სადაური დემოკრატიაა? მართვის სადაური წესია?
სადაური წესია და აქოური წესია! – გაიფიქრებს მკითხველი და მწარედ ჩაეცინება.
ჰოდა, ამიტომაც არის ბატონი ბიძინა ჩემს თვალში საქართველოს უგვირგვინო მეფე, რომ ერთპიროვნულად შეუძლია აგვარჩევინოს პრეზიდენტი, დაგვინიშნოს პრემიერ-მონისტრი და შემდეგ მათი ხელით მართოს ქვეყანა.
…უამრავი კითხვა დამიგროვდა, მაგრამ მათგან ორი უმთვარესია – ყველაზე მტანჯველი.
ორიენტაცია და ჰესები.
ევრაზიულ კავშირში შესვლის საკითხი უნდა ავწონ-დავწონოო, რას მოგვცემსო, იქნება გვაწყობდესო, – ბრძანებს ბატონი ბიძინა.
დიდი ბოდიში, მაგრამ რა არის აქ ასაწონ-დასაწონი და გასარკვევი?!
არ გვინდა ჩვენ მოდერნიზებულ რუსულ იმპერიაში ცხოვრება, მორჩა და გათავდა!
ჩემო იმანო, პატივცემულო რეფერენტო, ოღონდ ეხლა არ მითხრა, დათვი რო მოგერევა, ბაბა დაუძახეო (და თან რუსი ”ბაბაც” გაიხსენე, რა კარგი იყო, 37 მანეთად მოსკოვში რომ ჩავდიოდითო).
რუსი ხალხისა და კულტურის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს (მოთხრობების და ლექსების წერა ბავშვობაში სულაც რუსულად დავიწყე – ჩემდა სამარცხვინოდ). მაგრამ რუსული იმპერიალიზმი, ”დერჟავის” იდეა, ყალბი მესიანიზმი (მოსკოვი რომ თურმე ”მესამე რომია და მეოთხე აღარ იქნება” და ამიტომ მთელ მსოფლიოს უნდა დაეუფლოს და ”გააბედნიეროს”) სრულიად აუტანელი და მიუღებელია.
საგარეო ორიენტაციის საკითხზე რეფერენდუმი ერთხელ უკვე ჩავატარეთ – შედეგი სრულიად ცხადი და ერთმნიშვნელოვანი იყო.
სულხან-საბადან მოყოლებული, ეს საკითხი ისედაც ნათელია – დასავლეთს სამარცხვინო გულგრილობა-უყურადღებობის მიუხედავად (ცალმხრივი სიყვარული ტრაგიკულიაო, სამწუხაროდ…)
მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რა არის მიზეზი იმისა, რუსეთთან ყოფნა რომ არ გვინდა? ისტორიული გამოცდილებითაც ვიცით და ინტუიციითაც ვგრძნობთ – რუსი ამქვეყნად არავის სცემს პატივს, თავისიანსაც კი. და ჩვენ რაღას გვიზამს? როგორ მოგვექცევა? და როგორ გვექცეოდა?.. მონებად ვჭირდებით და არა თანასწორ პარტნიორებად და მეგობრებად. სამწუხაროდ, სხვანაირად არ შეუძლია.
ვასილი გროსმანის თქმისა არ იყოს, ”რუსული სულის მისტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის სული მონისა.”
მონა ან ემონება, ან იმონებს…
შეიძლება მითხრათ, კი მაგრამ, ჩვენ ხომ ისედაც – გვინდა თუ არ გვინდა – რუსეთის გავლენის სფეროში ვართ…
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, არც ევროპა და არც ამერიკა ჩვენი გულისთვის თავს არ მოიკლავს, რუსეთს არ დაუპირისპირდება – მაშ, იქნებ ჩათრევას ჩაყოლა ჯობია?
არა, არ ჯობია!
რატომ?
ამას კი ვეღარ აგიხსნით მარტივად და მოკლედ, ამიტომ შოთას სიტყვებს გავიხსენებ – სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი…
მე, ბატონო, სიკვდილს არ ვაპირებ, – შეიძლება მითხრას პრაგმატულად მოაზროვნე მავანმა ქართველმა და მხრები აიჩეჩოს, – ნაძრახი სიცოცხლეც ტკბილიაო!
ვაჟას სიტყვებსაც გავიხსენებ – ბილწს არ შავეკვრი ზავითა…
რუსის პოლიტიკა სწირედაც რომ ბილწი პოლიტიკაა – პუტინი ამ პოლიტიკის ხილულ პერსონიფიკაციას წარმოადგენს.
პუტინისეულ ევრაზიულ კავშირში შესვლაზე ფიქრიც კი (არათუ შესვლა), მოძალადესთვის საკუთარი სხეულის ერთი ნაწილის შეთავაზების ტოლფასი მგონია.
ეე, ეს რა მიამიტი ვინმე ყოფილაო, შეიძლება გაიფიქროს პრაგმატულად მოაზროვნე მკითხველმა. (სხვათა შორის, ”მიამიტი” სომხურად თურმე ”ცალტვინას” ნიშნავს).
ჩემო იმანო, პატივცემულო რეფერენტო, დარწმუნებულო ვარ, ბატონ ბიძინას ამ ჩემს წერილს არ აჩვენებ, მაგრამ იქნებ სასხვათაშორისოდ მაინც უთხრა, რომ ზოგიერთი ”მიამიტი” ქართველისთვის ევრაზიული კავშირის წევრობაზე ლაპარაკი ღირსების, მეობის, იდენტობის, ეროვნული თვითმყოფადობის, ღირებულებითი არჩევანის უარყოფის ანუ ღალატის ტოლფასია?
მოკლედ, ან ევროპისკენ მივდივართ ან – ევრაზიული კავშირისკენ. ორივე ერთად არ გამოვა. უბრალოდ, შეუძლებელია.
ქვეყნის საგარეო ორიენტაციის საკითხს მარტო კაცი არ უნდა წყვეტდეს (მართლა ღვთივკურთხეული ხელმწიფე ხომ არ არის?!). და თუკი ეს საკითხი დღის წესრიგში დგება, მაშინ, მოდი, ერთხელაც ჩავატაროთ რეფერენდუმი, მოვაწყოთ საერთო-სახალხო განხივლა, საჯარო, ფართომასშტაბიანი დისკუსია – გამოვიყენოთ ცივილიზებულ სამყაროში არსებული ყველა დემოკრატიული მექანიზმი… ოღონდაც ერთი კაცი ნუ გადაწყვეტს ყველას ნაცვლად და მერე საკუთარ გადაწყვეტილებას ნუ მოგვახვევს თავს…
ახლა ჰესებზეც ვთქვათ.
საარჩევნო ბლოკ ”ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”-ს საარჩევნო პროგრამაში თუ ჩავიხედავთ, მე-4 თავში, ”გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება”, 54-ე გვერდზე წავიკითხავთ: ”სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა”.
ანუ ”ქართულმა ოცნებამ” და პირადად ბატონმა ბიძინამ ამომჩევლებს მოგვცეს პირობა, რომ დიდი ჰესები საქართველოში აღარ აშენდებაო. გავიდა ერთი წელი და რას ვხედავთ? განახლდა ხუდონჰესის მშენებლობა, ბატონი ბიძინა კი აცხადებს, რომ ქვეყანას ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი ჰესები სჭირდება.
დიდი ბოდიში, მაგრამ ბატონმა ბიძინამ ეს შარშან არ იცოდა? თუ ის არ იცის, საკუთარ პროგრამაში რა უწერია? ერთიცა და მეორეც ძლიერ სამწუხაროა.
ბატონი ბიძინა სიამაყით აცხადებს, რომ სიტყვის კაცია – ბიზნესის სამყაროში ყველამ კარგად იცისო, სიტყვას თუ მისცემს, აუცილებლად შეასრულებს. რა უფლება მაქვს, არ ვენდო ბატონ პრემიერს, მაგრამ ვერაფრით ამიხსნია, რაც ჩემი თვალით ვნახე და ჩემი ყურით მოვისმინე სულ რაღაც სამიოდე დღის წინათ youtube-ზე, კერძოდ, ბატონი ბიძინას წინასაარჩევნო საუბარი ხაიშელ ამომრჩეველთან
(
http://www.youtube.com/watch?v=CDFz_Ky7hU4 ;
http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=1cOc23IA4kU ).
სოფელ ხაიშის აყრაზე ბატონი ბიძინა ბრძანებს: ”არა, ეს წარმოუდგენელია, ამის ხარჯზე როგორ შეიძლება ენერგეტიკა მივიღოთ”-ო. (!)
რა შეიცვალა ამ ერთ წელიწადში? მაშინ წარმოუდგენელი იყო ხაიშის დატბორვა და ახლა კი – დასაშვებია?!
…უახლოეს მომავალში კიდევ 55 ჰიდროელექტროსადგურის აშენებაა დაგეგმილი…
…ძალიან, ძალიან მტკივა გული ამ ყველაფრის გამო – გაცრუებული იმედებისა და არახდენილი ოცნებების გამო…
რა განსხვავებაა ჩემთვის, რუსი ჯარისკაცი წამართმევს მიწას თუ საკუთარი ხელისუფალი დამიტბორავს და ჩამიძირავს ქვეყანას?
როგორ ვიცხოვროთ გამოჰესებულ, წყალწაღებულ საქართველოში? ლაყუჩები გამოვიბათ? ამფიბიებად ვიქცეთ?
რად გვინდა ასეთი ცხოვრება?!
დიდად მადლობელი ვარ ბატონი ბიძინასი, რომ მიხეილ სააკაშვილს ათქმევინა, არჩევნებში დავმარცხდი და ოპოზიციაში გადავდივარო. ამის გაგონება ჩემთვის სასწაულის ტოლფასი იყო (არ მჯეროდა, რომ უსისხლოდ წავიდოდნენ ნაციონალები), იმ დღეს ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულებოდა ამქვეყნად, მაგრამ გამოხდა ხანი და აღმოვაჩინე, თურმე არსადაც არ წასულან, პირიქით, მომძლავრდნენ და საცაა ისევ თავზე მოგვასხდებიან (ღმერთმა დაგვიფაროს!).
ნუთუ გარიგება მოხდა? ნუთუ ყველაფერი თამაშია? ნუთუ გვაბითურებენ და გვაპამპულებენ? ნუთუ ეს ყველაფერი ნაცების სარეანიმაციოდ კეთდება? ხელისუფლებაში” თავსუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელთა მოსაყვანად?
რა ხდება ჩვენს თავს? ვინ გვათამაშებს? მოსკოვი? ვაშინგტონი? თუ ორივე ერთად, შეხმატკბილებულად? (როგორც ერთად გაუშვეს ედუარდი და მოიყვანეს მიშა).
ნუთუ ეს სამი კაცი – ედუარდი, მიშა, ბიძინა – კრემლში დაწერილი პიესის პერსონაჟები არიან? ედუარდმა რუსებს აფხაზეთი გადასცა, დსთ-ში შეგვიყვანა, მიშამ – მთელი ჩვენი ენერგოსისტემა, კოდორი და სამაჩაბლო უბოძა, ბიძინას კი პირდაპირ ევრაზიულ კავშირში შევყავართ?
…კიდევ არაერთი კითხვა მაწუხებს: ზოგი რიტორიკულია, ზოგი ტრაგიკული, ზოგიც – ტრაგიკომიკური… პასუხის იმედი არ მაქვს, თუმც კი ვიცი, არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს… თავის დროზე, ოდესმე, მომავალში… ასე რომ, ჩვენს შვილთაშვილებს ზუსტად ეცოდინებათ, თუ რა ჰქონდა თავში ბატონ ბიძინას, რა ამოძრავებდა…
ჩემო იმანო, პატივცემულო რეფერენტო, კი ვიცი, რომ არ და ვერ გამომეხმაურები, ვერც ფეისბუქზე და ვერც ცოცხლად… მაგრამ ისიც ხომ საქმეა, არ მეშინია, ხვალ ქუჩაში პატრული გამაჩერებს, ჯიბეში ნარკოტიკს ჩამიდებს და ციხეში გამიშვებს – თუნდაც მხოლოდ ამისთვის ეკუთვნის მადლობა ბატონ ივანიშვილს (სრულიად სერიოზულად ვამბობ!).
ახლა კი ვიტყვი მთავარს, რისთვისაც, ალბათ, დაიწერა ეს ტექსტი.
ერთმა ნაცნობმა ფილოლოგმა დიდი ხნის წინათ მითხრა, ილიას თავისი ცნობილი ტრიადა -”ენა, მამული, საწმუნოება” – სინამდვილეში, სხვანაირად დაუწერიაო, კერძოდ: ”საწმუნოება, ენა, მამული”.
არ ვიცი, მართლა ასეა თუ არა, არ შემიმოწმებია, მაგრამ თუ ჩაუფიქრდები, სრულიად ლოგიკური ჩანს – რა თქმა უნდა, ქრისტიანისთვის ასეც უნდა იყოს: თავისი მნიშვნელობით პირველ ადგილზეა სარწმუნოება, მეორეზე – ენა და მესამეზე – მამული ანუ მიწა-წყალი…
ამის გაცნობიერება ჩვენთვის სწორედაც რომ დროულია, რადგან თუ ასე გაგრძელდა, მამულს მთლიანდ დავკარგავთ – საქართველოს პოლიტიკურ დეზინტეგრაციას მოახდენენ, დაძირავენ (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშნელობით) და რაც დარჩება, ნაწილ-ნაწილ შეათრევენ ყბადაღებულ კავშირსა თუ თვითგამოცხადებულ სახელმწიფოებში. ეს მწარე რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ.
ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა (თუნდაც ფორმალური, მოჩვენებითი, ისეთი, დღეს რომ გვაქვს) შეიძლება დაიკარგოს.
თუ ასე მოხდება (ღმერთმა დაგვიფაროს!), ერის გადარჩენის ერთადერთი საშუალება – სარწმუნოების ერთგულება და ენის შენარჩუნება იქნება… ებრაელებსა და სომხებს საუკუნეების განმავლობაში არ ჰქონიათ სახელმწიფოებრიობა, მაგრამ ხასიათი, იდენტობა, თვითმყოფადობა კი წარმატებით შეინარჩუნეს… ჩვენ, რასაკვირველია, ვერც ებრაელებად გადავიქცევით და ვერც სომხებად – საკუთარი მეობა გვაქვს – მაგრამ ჩვენი, განუმეორებელი სახე რომ არ დავკარგოთ, ამ ტრაგიკული პერსპექტივისთვის უნდა მოვემზადოთ, მორალურად და ფსიქოლოგიურად…
ბევრი ვიომეთ, დავმარცხდით,
შევცდით, როცა არ ვიომეთ…
ამ ბოლო ხანს ხშირად მახსენდება ჩემი ცხონებული სიძის, შესანიშნავი პიროვნების, პოეტისა და ექიმის, ბიძინა მინდაძის ეს სიტყვები.
როცა ერი შინაგანად წყვეტს ბრძოლას, უბრალოდ კი არ მარცხდება, არამედ გადაგვარებას იწყებს, ქრება – როგორც ქრება ცეცხლი, როდესაც შეშას აღარ შეუკეთებ…
დასამარცხებლად განწირულ, თუგინდ წინასწარ წაგებულ ომში გასვლა და თავგანწირვით ბრძოლა გადარჩენiს ერთადერთი შანსია, რადგან თუ არ იბრძვი, კარგავ ვყველაფერს -კარგავ საკუთარ თავს, კარგავ ღირსებას, კარგავ უფლებას, გერქვას ერი.
თუ არ გვინდა ვიქცეთ ბრბოდ, მონების მასად, არ უნდა შევეგუოთ დამპყრობელს (რუსი იქნება, თურქი თუ ამერიკელი), და არც ადგილობრივ ავტოკრატ მმართველს ვენდოთ ბრმად და ქედი მოვუდრიკოთ (ნაციონალებიდან იქნება ის, მეოცნებეებიდან თუ რაღაც ახალი, ჯერაც უცნობი პარტიიდან).
ბრძოლა გრძელდება – შინაგანი, სულიერი ბრძოლა.
დღევანდელ დღეს ბრძოლა, თავგანწირული სიყვარულით ცხოვრებას ნიშნავს. ღვთისა და მოყვასის სიყვარულით ცხოვრებას. მამულის სიყვარულით ცხოვრებას.
გულგრილობა დამღუპველია.
ერთმანეთისთვის თუ ვიცხოვრებთ, ღმერთი კიდევ ერთხელ მოახდენს სასწაულს და გადავრჩებით.
თუ არა და, ისღა დაგვრჩება სანუგეშოდ, ქართული სიმღერა ”ვოიაჯერმა” შორეულ კოსმოსში რომ გაიტა".
http://liberali.ge/ge/liberali/news/116655/ვერაფერს იტყვი. საკმაოდ დალაგებული წერილია
ნიჭიერი კაცია ირაკლი...