„ბატონო ბიძინა, თქვენ არაერთგზის გითქვამთ, რომ ასრულებთ საქართველოს მოსახლეობისთვის მიცემულ საარჩევნო დაპირებებს, ააყვავეთ სოფლის მეურნეობა, მოაგვარეთ ჯანმრთელობის დაცვის პრობლემები. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ორ დღეში მედია საშუალებებთან დაგეგმილ შეხვედრაზე თქვენ ამაყად განაცხადებთ, რომ პენსია ანუ ასაკობრივი შემწეობა 1 სექტემბრიდან უფრო მეტია ვიდრე საარსებო მინიმუმი და ამით „შესრულებული“ დაპირებების სიას კიდევ ერთს დაამატებთ. ეს წერილიც ამიტომ მოგწერეთ, იქნებ აგიხსნათ (სამწუხაროდ ამას თქვენი მინისტრები არ ან ვერ აკეთებენ), რომ საარსებო მინიმუმის არსებული მოდელი და მეთოდოლოგია 18 წლის წინ არის დადგენილი და ამ მეთოდოლოგიით დათვლილი საარსებო მინიმუმი, ივლისის მონაცემებით 144 ლარი, ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილში მწარე ირონიას იწვევს.
თქვენ ბიზნესს საქმიანობას მისდევდით და არც მოგეთხოვებოდათ გცოდნოდათ სოციალური პოლიტიკის ძირითადი საკითხები, მაგრამ როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა გაანალიზოთ ის რეალობა და მემკვიდრეობა, რომელიც დღეს საქართველოში შეიქმნა. მოსახლეობა ელის სოციალური დაპირებების შესრულებას, მაგრამ არა ისე, როგორც ეს წინა მთავრობების ტრადიცია იყო. სოციალური პოლიტიკის გატარება კი წარმოუდგენელია რეალური საარსებო მინიმუმის ცოდნის გარეშე. საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. უმთავრესი კი ის არის, რომ საარსებო მინიმუმი საფუძვლად ედება სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებას.
საქართველოში საარსებო მინიმუმის გაანგარიშება ხორციელდება ნორმატიულ-სტატისტიკური მეთოდის საფუძველზე. ის მოიცავს სასურსათო კალათას – კვების პროდუქტების მოხმარების მინიმალურ ნორმებს მოსახლეობის ფაქტობრივი მოხმარების მიხედვით, რომლის გაანგარიშებაც ხდება სასურსათო კალათის ღირებულების საფუძველზე, მასთან თანაფარდობით. მთლიანობაში ეს გვაძლევს სამომხმარებლო კალათის ღირებულებით გამოხატულებას ანუ საარსებო მინიმუმს – მიმდინარე საშუალო ფასების მიხედვით.
2000 იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა საარსებო მინიმუმის გაანგარიშების ახალი კონცეფცია (საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ), რომელიც დღესაც მოქმედებს და ორიენტირებულია მოხმარების ფაქტობრივ მონაცემებზე და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნორმატიულ მაჩვენებელს. ამ მიდგომის შესაბამისად, შემცირდა სასურსათო კალათის კალორიულობა 2500-დან 2300 კილოკალორიამდე დღეში, მაშინ როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდირებული ნორმაა 2450კკალ. ამასთან, ნორმის ფარგლებში იქნა შენარჩუნებული ზოგიერთი მიკროელემენტის (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) შემცველობა, მაგრამ დაირღვა ცხოველური და მცენარეული ცილების თანაფარდობა, ცალკეული ვიტამინების შემცველობა და სხვ. ასეთი მიდგომა ეყრდნობა მოხმარების ფაქტობრივ მონაცემებს, როდესაც სასურსათო კალათის შემადგენლობაში დაბალი კატეგორიის სურსათის მოხმარების წილი გაიზარდა მაღალი კატეგორიის სურსათის წილის შემცირების ხარჯზე. აღნიშნული მიდგომის საფუძველზე გაანგარიშებული საარსებო მინიმუმის ღირებულება შემცირდა თითქმის 35%-ით, შესაბამისად, სიღარიბის დონე ქვეყანაში ,,დაეცა“ 53,4%-იდან 30%-მდე. წარმოდგენილი კონცეფცია დასაბუთებულია იმით, რომ იქმნება უფრო მოქნილი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების საშუალება.
ამ კონცეფციის მიღება დიდი შეცდომა იყო, იმის მიუხედავად, რომ ახალ კონცეფციას სათანადო დასაბუთება და მოტივაცია ქონდა. ის მიუღებელია, ვინაიდან იგნორირებულია საარსებო მინიმუმის, როგორც სოციალური ნორმატივის არსი. იგი უნდა ყალიბდებოდეს ქვეყნის ფინანსური შესაძლებლობის მიხედვით ობიექტური, მეცნიერულად დასაბუთებული ნორმების საფუძველზე და არა ფაქტობრივი მოხმარებისა, რომელიც ხარისხობრივად გაუარესებულია სწორედ მოსახლეობის დაბალი შემოსავლების გამო. ასევე მიუღებელია მისი, როგორც „სოციალური ორიენტირის“ როლი, ვინაიდან უმჯობესია მისაღწევ დონედ მიჩნეულ იქნეს გაცილებით დასაბუთებული სოციალური ნორმატივი.
გარდა ამისა, წარმოდგენილი მეთოდოლოგიით საარსებო მინიმუმში სასურსათო კალათისა და სხვა ხარჯების პროცენტული თანაფარდობა 70:30 ზეა, ანუ ჯერ ითვლიან სასურსათო კალათის ღირებულებას წარმოდგენილი ნორმატივებით, ხოლო შემდეგ მექანიკურად ემატება სხვა ხარჯები. ეს პროცენტი დადგინდა 1995-96 წლებში, მას შემდეგ 18 წელი გავიდა და ეს შეფარდება არ შეცვლილა. რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით მეტია მის სამომხმარებლო კალათაში სურსათზე დანახარჯის ხვედრითი წილი. ცხადია, 18 წლის წინ ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა განსხვავებული იყო და საშუალო ხელფასიც დღევანდელთან შედარებით თითქმის 8-ჯერ ნაკლები, ამიტომ ამ თანაფარდობის შენარჩუნება დღეს უკვე ანომალიაა.
მაგალითისთვის, დღეს საარსებო მინიმუმში სასურსათო კალათის ღირებულება (დათვლილი 2300 კკალ) არის 101,5 ლარი, რაც საარსებო მინიმუმის 70% უნდა იყოს, შესაბამისად სხვა ხარჯები არის 43,5 ლარი და ვიღებთ 145 ლარს.
საგაზაფხულო სესიაზე ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებმა პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიზანი საარსებო მინიმუმის გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგიის შემოთავაზება იყო. ახლი მეთოდოლოგიით (არანაკლებ 2500 კკალ), სასურსათო კალათის ღირებულება გაიზრდება 125 ლარამდე, ხოლო სასურსათო და არასასურსათო მდგენელის პირველ ეტაპზე სულ მცირე გათანაბრება გვაძლევს 250 ლარის ოდენობის საარსებო მინიმუმს.
სამწუხაროდ, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ გამოავლინა არაკონსტრუქციულობის ძალზე ცუდი პრეცედენტი, მათ უარი თქვეს ჩვენი წინადადების განხილვაზე. იცით რა უნდა გადაეწყვიტა თქვენს საპარლამენტო გუნდს? მხოლოდდამხოლოდ ის, რომ ჩვენი წინადადება, შესაბამის კომიტეტში გადაქცეულიყო თუ არა საკანონმდებლო ინიციატივად ანუ მოგვეწვია ერთად ექსპერტები და ერთად დაგვეწერა საკანონმდებლო ინიციატივა, ამის შემდეგ უკვე საპარლამენტო კომიტეტი ჩვენს გარეშეც წარადგენდა ახალ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ამ განხილვების დროს ყველაზე ცუდი რაც წარმოჩინდა იყო ორი რამ:
1. ქართულმა ოცნებამ უარი თქვა კონკრეტულ სოციალურ საკითხზე არასაპარლამენტო პარტიასთან თანამშრომლობაზე იმ დროს, როცა თქვენ ე.წ. კოჰაბიტაციის პირობებში ნაციონალურ მოძრაობასთან კომუნიკაციით უკვე დაღალეთ საქართველოს მოსახლეობა;
2. მოქალაქეთა კავშირისა და ნაცმოძრაობის მმართველობის მენტალური მემკვიდრეობა - საკომიტეტო მოსმენისას ქართული ოცნების წარმომადგენლები ღიად აცხადებდნენ, რომ ეს გადაანგარიშება რომ დავიწყოთ, ხომ ვეღარ შევასრულებით ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებებსო.
ბატონი ბიძინა, თქვენ ხშირად იმეორებთ ხოლმე, რომ სააკაშვილი ტყუილში აცხოვრებდა ხალხსო.. ნამდვილად გეთანხმებით, ტყუილი იყო სააკაშვილის მმართველობის მთავარი ნიშანი, მათ შორის იყო ტყუილი საარსებო მინიმუმის შესახებ. მოგიწოდებთ, მემკვიდრეობით ნუ განაგრძობთ ხალხის მოტყუებას, რადგანაც ჩვენი მოსახლეობა არ არის ტყუილზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკის ღირსი.“
https://www.facebook.com/TargamadzeGiorgi
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)