"მოვითხოვთ, ახალაიამ პასუხი აგოს ვატო ყიფიანის ცრუ დასმენისთვის" - რატომ სცემეს ციხის ყოფილ უფროსს?
”მეგობრების გარემოცვაში ბრეგვაძე ხშირად ჰყვებოდა საშინელ ამბებს და არც იმის მოყოლას ერიდებოდა, როგორ ექცეოდნენ ციხეში მისულ პატიმრების ცოლებს”
"უმოწყალოდ მირტყამდა სამივე, თან სურათებს მიღებდნენ და მას ჩემი თანდასწრებით, ინტერნეტით ვიღაცასთან გზავნიდნენ"
ამონარიდი ჟურნალ ”გზიდან”:
რუსთავის მე-17 დაწესებულების ყოფილი უფროსის, ლაშა ბრეგვაძის ცემაზე ინფორმაცია პირველად ბაჩო ახალაიას ცოლმა ”ფეისბუკით” გაავრცელა. ანი ნადარეიშვილი წერდა: ”ნადირობა ქურდებთან მებრძოლებზე გრძელდება! ციხის ყოფილი დირექტორი, ლაშა ბრეგვაძე გაიტაცეს კრიმინალებმა, სასიკვდილოდ სცემეს და ეუბნებოდნენ, რომ შეეგინებინა ბაჩოსთვის. გადაუღეს ფოტოები და ვიდეო. მისივე თვალწინ გაუგზავნეს ერთ-ერთ ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს. ასევე უთხრეს, რომ კანონიერი ქურდების უპატივცემულობას სისხლად ამოანთხევინებდნენ ყველას, მათ შორის - ბაჩოსაც”.
ამის შემდეგ ”ნაციონალებმაც” საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნეს მომხდარს. ფაქტს ციხიდან ბაჩო ახალაიაც გამოეხმაურა და ქურდებისკენ გაიშვირა ხელი. ორგანიზატორად ვატო ყიფიანი დაასახელა. აკაკი მინაშვილის განცხადებით, ბრეგვაძის ცემაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი, გიორგი გუდაძე, ვატო ყიფიანთან და ე.წ. კანონიერ ქურდთან, ”წრიპასთან” დაახლოებული პირია. მისივე თქმით, მოძალადეებმა ბრეგვაძის ცემის ამსახველი ფოტოები გაუგზავნეს სოსო ჯოხაძეს იმის დასადასტურებლად, რომ ყოფილ სახელმწიფო მოხელეებს ასე გაუსწორდნენ.
მომხდართან ყიფიანის ყოველგვარ კავშირს უარყოფს მისი ადვოკატი, მარიკა ფხალაძე:
- სოციალურ ქსელში თვითონ კრიმინალმა ჯალათმა, ბაჩო ახალაიამ გააკეთა განცხადება, რომ ქურდულმა სამყარომ, ვატო ყიფიანის მეთაურობით, გაბედა და კვლავ ასწია ხელი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. საინტერესოა, ასე ოპერატიულად საიდან გახდა ბაჩო ახალაიასთვის ეს ცნობილი? იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ორგანიზებული იყო თვითონ მის მიერ, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გაესვარათ ვატო ყიფიანის სახელი და დაჰბრალებოდა სრულიად გაუგებარი დანაშაული... ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ, ახალაიამ პასუხი აგოს ყიფიანის შეგნებულად, ცრუ დასმენისთვის. მე ვესაუბრე ლაშა ბრეგვაძეს. მან კატეგორიულად უარყო ყიფიანთან რაიმე სახის ნაცნობობა. კატეგორიულად გამორიცხა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებში რაიმე წვლილი ჰქონდეს ყიფიანს”, - ამბობს ფხალაძე.
ცხადია, ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტს ძალოვანების ოპერატიული რეაგირება მოჰყვა და სასამართლომ 3 ბრალდებულს: ლევან კვარაცხელიას, გიორგი ჩხეიძესა და გიორგი გუდაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჩვენი ინფორმაციით, საქმე ბრეგვაძის ჩვენების საფუძველზე აღიძრა. ბრალდებულებსა და დაზარალებულს ერთმანეთთან დიდი ხნის ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ. იმასაც ამბობენ, ციხის ცნობილი სკანდალური კადრების შემდეგ, ციხის ყოფილი უფროსის, ბრეგვაძის მორალურ რეაბილიტაციას მისი მეგობარი გიორგი ჩხეიძე ცდილობდაო. შეგახსენებთ, ლაშა ბრეგვაძე ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ, ე.წ. ჯალათების სიაში იყო მოხსენიებული. მის წინააღმდეგ პროკურატურაში უამრავი საჩივარია შესული. ბრეგვაძე ჯერ კიდევ 2006 წელს მოხსენიებული იყო სახალხო დამცველის ანგარიშში, როდესაც ”წითელი ჯვრის” თანამშრომლებმა რუსთავის დაწესებულებაში კარცერში შეყრილი შიშველი პატიმრები აღმოაჩინეს. ბოლო დროს აგორებული სკანდალის შემდეგ, თურმე ჩხეიძემ ყოფილი წყალბურთელი ბრეგვაძე თავისთან, წყალბურთელთა გუნდში წაიყვანა. მეგობრების გარემოცვაში ციხის ყოფილი უფროსი თურმე ხშირად ჰყვებოდა საშინელ ამბებს და არც იმის მოყოლას ერიდებოდა, როგორ ექცეოდნენ ციხეში მისულ პატიმრების ცოლებს. ამის გამო მეგობრებისგან ლაშა ბრეგვაძეს შენიშვნა რამდენჯერმე მიუღია და უთქვამთ, ასეთი ამბები მას არ მოეყოლა.
იმ დღეს კი ბრეგვაძეს, კვარაცხელიას ბინაში სცემეს. თავად ბრეგვაძე თურმე ჩვენებაში ამბობს, მათთან ერთად ხშირად ვიყავი და მოტოციკლითაც ერთად დავდიოდით თბილისის ქუჩებში, ასე ვერთობოდითო. ერთ დღეს ჩხეიძემ მოტოციკლით ქალაქში გასეირნება შემომთავაზა, დავურეკეთ ლევან კვარაცხელიასაც. მან გვითხრა, მოტო გაფუჭებული ჰქონდა, იქნებ ჩემთან ამოხვიდეთ და ნახოთ, რა სჭირსო. ბრეგვაძის მტკიცებით, ისინი არაყიშვილის ქუჩაზე, კვარაცხელიას სახლში მივიდნენ. მას იქ დახვდა გიორგი გუდაძე, რომელიც იცნო, რადგან გუდაძე ყოფილი პატიმარია და 10 წელი აქვს მოხდილი ციხეში, მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის (იგი ცნობილი მსახიობის შვილიშვილის, გიორგი შავგულიძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა. შეგახსენებთ, შავგულიძე გუდაურში მოკლეს და მისი ოჯახი დიდხანს ცდილობდა ამ საქმეში ბრალდებულების დასჯას).
გუდაძე გარკვეული პერიოდი თურმე ბრეგვაძესთანაც იხდიდა სასჯელს. დაზარალებული ამბობს, - გუდაძე ვიცანი, მაგრამ ის სხვა გვარითა და სახელით გამაცნესო. ირწმუნება, კარი ჩამიკეტეს, მერე მითხრეს, - აბა, ახლა მოჰყევი, რასაც აკეთებდი ციხეშიო, - და ამის გამო მცემეს, უმოწყალოდ მირტყამდა სამივე, თან სურათებს მიღებდნენ და მას ჩემი თანდასწრებით, ინტერნეტით ვიღაცასთან გზავნიდნენო.
http://www.kvirispalitra.ge/justice/19300-...-cemasthan.html