pra_reziსპეცოპერაციისას დამნაშავე სნაიპერული იარაღიდან მოკლეს
/ 20 აგვ.'02 / 10:29
(თბილისი, "სივილ ჯორჯია", 20 აგვისტო, 2002) - 20 აგვისტოს გამთენიისას სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს დამნაშავე, რომელსაც 19 აგვისტოს შემდეგ 3 მძევალი ჰყავდა დაკავებული.
შს მინისტრის კობა ნარჩემაშვილის თქმით, დამნაშავე სნაიპერული იარაღიდან გასროლით მოკლეს. "ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვქონდა", - აღნიშნა ნარჩემაშვილმა.
ბოროტმოქმედმა ვაგზლის მოედანზე საიუველირო მაღაზია გაძარცვა და ცეცხლსასროლი იარაღისა და ყუმბარის მუქარით 4 მძევალი აიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთი მოგვიანებით გაათავისუფლა.
მძევლები დამნაშავემ მიკროავტობუსში ჩასვა და დასავლეთისკენ აიღო გეზი, მაგრამ პოლიციამ შეძლო მისი ბლოკირება მცხეთასთან ახლოს. რამდენიმე საათის განმავლობაში მასთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, მაგრამ როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, დამნაშავემ სამართალდამცავებს სხვა გამოსავალი არ დაუტოვა და იგი სნაიპერული იარაღიდან გასროლით მოკლეს.
მძევალთაგან არავინ დაშავებულა, თუმცა ისინი მძინე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=1742&search=გამტაცებელმა მცხეთასთან ნარჩემაშვილს ფულის სესხება სთხოვა : ვეხვეწებოდით, არ ჩაგეძინოს, "ლიმონკა" არ დაგივარდეს, არ დავიღუპოთო
ინტერვიუ მძევალ გელა გლუნჩაძესთან
ორშაბათს, 16 საათისთვის, ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე არსებულ "ოქროს ბირჟას" დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვია, რომელმაც საჩუქრად საკმაო რაოდენობის ოქროს წაღება მოინდომა და თან 4 მძევალი და სამარშრუტო ტაქსიც გააყოლა ხელს. "დიდი გასეირნება" დასავლეთის მიმართულებით იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩვენმა ყოჩაღმა სამართალდამცავებმა "მოგზაურებს" ხელი შეუშალეს და მცხეთასთან გზა გადაუკეტეს, ალბათ იმ იმედით, რომ გამტაცებელი გულწრფელად მოინანიებდა თავის საქციელს და ბოდიშს მოიხდიდა ყველას წინაშე. თუმცა სამართალდამცავების პროგნოზი არ გამართლდა და საქართველოში მძევლების აყვანისა და კამიკაძეობის ცივილიზებული შემთხვევა დაფიქსირდა. მოვლენებიც ამერიკული სცენარით განვითარდა და ფინალიც სუფთა ჰოლივუდური იყო ანუ "ჰეფი ენდი" - ტერორისტი გააუვნებელყვეს, მძევლები უვნებელნი გამოიყვანეს გატაცებული "მარშრუტკიდან", სამართალდამცავებმა კი საკმაოდ დიდი ქულები დაიწერეს და ხალხი ისევ ალაპარაკდა მათ პროფესიონალიზმსა და გულადობაზე.
ტერორისტი აფხაზეთიდან დევნილი 21 წლის, ადრე იარაღის უკანონო ტარებისთვის ნასამართლევი ლუხუმ ჯახია აღმოჩნდა. მან ოქროს ბირჟიდან გაიტაცა ოთხი პიროვნება, მათ შორის ერთ-ერთი ქალი, რომლის შესახებაც გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს იგი ფეხმძიმედ იყო. გატაცებულთა შორის იყო ბირჟაზე მისული პოლიციის თანამშრომელიც. ტერორისტს გამძლეობას და პრინციპულობას მართლაც ვერ დავუწუნებთ. იგი მთელი 15 საათის განმავლობაში შეუვალი გახდა სამართალდამცავებისათვის და მისი გატეხა ვერ მოახერხა ვერც შს მინისტრმა და ვერც ენატკბილმა თემურ მღებრიშვილმა. ეს უტეხობა კი ძვირად დაუჯდა ჩვენს ტერორისტს და დილის 7 საათისთვის სნაიპერის ტყვიის მსხვერპლი გახდა, თანაც ისე, რომ უკანასკნელი სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო. კობა ნარჩემაშვილის თქმით, ეს იყო ერთადერთი გამოსავალი და სამართალდამცავების მიზანი - მძევლების უვნებლად გათავისუფლება - მიღწეულ იქნა და შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა.
ამ აურზაურში ყველაზე დიდი ტრავმა მძევლებმა გადაიტანეს. "ახალი თაობა" ესაუბრა ერთ-ერთ ყოფილ მძევალს, გელა გლუნჩაძეს, რომელიც "ოქროს ბირჟაზე" მუშაობს.
- გელა, როგორ დაიწყო თავიდან ყველაფერი?
- "ოქროს ბირჟაზე" ვმუშაობ მეუღლესთან ერთად. ჩვენი ადგილი საკმაოდ ღრმადაა დარბაზში. ჩემთან იყო მოსული ჩემი მეგობარი მალხაზ აბრამიშვილი და მას ვესაუბრებოდი. მოულოდნელად ვიღაცამ დაიყვირა, ყველანი დაწექითო და სროლის ხმა გავიგე. ჩემ წინ ახალგაზრდა ბიჭი იდგა, ერთ ხელში პისტოლეტი ეჭირა, მეორეში - ხელყუმბარა და აფეთქებით იმუქრებოდა. ჩემს მეგობარს, რომელსაც ვესაუბრებოდი, დაადო იარაღი კისერზე, ხელები ჩააყოფინა უბეში, მე კი მიბრძანა, ოქროები ამეკრიფა და ჩანთაში ჩამეყარა. ჩემ გვერდით პატარა გოგო იდგა და მოვახერხეთ, რომ იგი დახლის ქვეშ შემძვრალიყო, მე სკამები მივაფარე, შემდეგ დავიწყე ოქროს ალაგება, ჯერ ჩემი ავალაგე, შემდეგ მაიძულა, სხვა მაგიდებიდანაც ამეღო, რამდენჯერმე ჩანთაც გამომაცვლევინა, რადგან ოქროები კოლოფებით იყო და არ ჩაეტია. ჩემი მეგობრისთვის იარაღი არ მოუცილებია, მე გვერდით მივყვებოდი, მძევლად აყვანილ ქალს კი ქამარზე მოაკიდებინა ხელი და ისე წამოიყვანა კიდევ ერთ კაცთან ერთად, რომელიც პოლიციელი იყო, შემდეგ "მარშრუტკიდან" გადმოსვა მძღოლი და ჩემს მეგობარს, მალხაზს, უბრძანა, საჭესთან დამჯდარიყო. მალხაზმა ტერორისტს უთხრა, მე მსუბუქი მანქანა მყავს ნატარები და "მარშრუტკას" ვერ გავატარებო, მაგრამ მან აიძულა, დამჯდარიყო საჭესთან - მოახერხებ წაყვანასო, გვითხრა, წავედით ზუგდიდშიო. ასე ჩავედით მცხეთამდე, შემდეგ კი გზები გადაგვიკეტეს და გავჩერდით.
- გზაში როგორ გექცეოდათ?
- სულ აქეთ-იქით დარბოდა "მარშრუტკაში". ჩვენ ჩაგვსვა სკამებს შორის, შემდეგ შეეშინდა, არაფერი გვექნა, დამაძრობინა თასმები ფეხსაცმლიდან, ხელები შემიკრა და სკამზე მიგვაბა მეც და ჩემი მეგობარიც. ვთხოვეთ და ცოტა ხნით სკამებზეც დაგვსვა, რადგან ძალიან დავიღალეთ წოლით, შემდეგ რაღაც "ბუქსირის" ბაგირი იპოვა, იმით ერთმანეთს გადაგვაბა და ისე მიგვაბა სკამზე.
- ხელყუმბარა მუდმივად ხელში ეჭირა?
- სულ ხელში ეჭირა, ერთი ხელი რომ დაეღლებოდა, მეორეში გადაიტანდა, მთელი აქცენტი მასზე ჰქონდა გადატანილი, პისტოლეტს იმდენ ყურადღებას არ აქცევდა.
- ნასვამი იყო?
- ვერ იტყოდი, რომ მთვრალი იყო, ერთი ფიქრი კი ვიფიქრე, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ხომ არ არის-მეთქი. თვალები ჰქონდა ძალიან ამღვრეული და გაღიზიანებული იყო.
- მოლაპარაკებები როგორ და ვისთან ხდებოდა?
- ტელეფონი მოუტანა თემურ მღებრიშვილმა, თვითონაც იყო მოსული და სთხოვდა, ჩვენ გავეთავისუფლებინეთ, დაუფიცა, ჩემს შვილს გეფიცები, ეს ხალხი გამოუშვი და შენ ხელს არ გახლებთო, შემდეგ ქალის გათავისუფლებას სთხოვდა, მაგრამ არაფერზე არ მიდიოდა. მღებრიშვილმა შესთავაზა, მე დავრჩები და გამოგყვები დასავლეთშიო, ჯერ თითქოს თანახმა იყო, მღებრიშვილს უთხრა, დაგაბამო. დამაბამ რა, მოზვერი კი არა ვარ, ისე გამოგყვებიო, უთხრა მღებრიშვილმა. მაინც არ დათანხმდა. ტელეფონი რომ მოუტანეს, იმაზე თქვა, ნახე, რა მაგარი მობილურებით დადიან პოლიციელებიო. ქალაქის პროკურორიც დაჰპირდა, რომ ყველაფერი კანონიერად მოხდებოდა მის მიმართ, მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდოდა.
- აგრესიული იყო?
- ჩვენ მიმართ არა, პოლიციას ვერ იტანდა. ძირს რომ ვიწექი, მართლა ცუდად გავხდი, ვთხოვე, წყალი იქნებ მომიტანოთ-თქო და ჩემი ამხანაგი მაშინ გამოუშვა წყლის მოსატანად. შემდეგ, რომ აღარ დააბრუნეს, მეუბნებოდა, ხედავ, გიღალატაო. წყალი და სიგარეტი თემურ მღებრიშვილმა მოგვიტანა, დაბმულები ვეწეოდით. მეორე კაცი საერთოდ ისე იყო მიბმული, რომ სიგარეტს მე ვაწევინებდი ჩემი ხელით. ისე, წყალიც თავისი ხელით დაგვალევინა.
- ფიზიკურად არ შეგხებიათ?
- არა, მანქანაში იპოვა რაღაც სადგისის მსგავსი და იმიტაცია გააკეთა, ვითომ იმას მირტყამდა, ქალმა კი ამაზე კივილი ატეხა. შემდეგ იმ ქალსაც ერთხელ სხვების დასანახად გაარტყა.
- არ უთქვამს, რამ აიძულა ასეთ რისკზე წასვლა?
- როგორც გვითხრა, "თავანი" ჰქონდა ჩასაბარებელი, 20 ათასი. თავიდან თქვა, ეს ფული ჩამატანინეთ ზესტაფონში და შემდეგ გინდა მომკალით, გინდა დამიჭირეთ, რაც გინდათ, ის მიქენითო. მე მგონი, ნარჩემაშვილსაც სთხოვა, ფული მასესხეთო. მღებრიშვილს უთხრა, ამათ ცოდვას ნუ გამატანთო. ამბობდა, ექვს საათამდე დავიცდი და მერე მე ვიცი, რასაც ვიზამო. ფულის მიტანა უნდოდა, მოვკვდები, მაგრამ სახელი მაინც დამრჩებაო, ამბობდა.
- თავის თავზე ან ოჯახზე ხომ არ უთქვამს რაიმე?
- გვითხრა, 21 წლის ვარ, ცოლი ფეხმძიმედ მყავსო. ერთხელ ფული დამჭირდა, ახალი მოყვანილი მყავდა ცოლი და მისი ოქრო დავაგირავეო. ახლაც ლომბარდში მაქვს მიტანილი და ვადა ხვალ გამდისო. მერე გვითხრა, ასეთი ოპერაცია ადრეც მაქვს ჩატარებული, მაგრამ ახლა რაღაც ვერ გავთვალეო.
- ოქროს არ ნახულობდა ხოლმე?
- ოქროს ათვალიერებდა, ძირითადად ქალბატონის გვერდით იჯდა და მას ეუბნებოდა, ეს რამდენად გაიყიდება, ეს რა ღირს, ამაში რამდენს მომცემენო.
- ტელეფონით ვინმე ახლობელს ხომ არ დაურეკა?
- არა, თქვა, ვინმეს რომ დავურეკო, დააფიქსირებენ, სადაც ვრეკავ და გაიგებენ, ვინ ვარო.
- როგორ ფიქრობთ, იყო ხელყუმბარის ამფეთქებელი?
- ნამდვილად ააფეთქებდა, მეუბნებოდა, "ნულოვკაა", ხელის გაშვება და აფეთქება ერთი იქნებაო. ამფეთქებელი ნამდვილად იყო, ამბობდა, მე მოვკვდებიო, რაღაც ქურდებზეც ლაპარაკობდა.
- თუ ნასვამი იყო, ძილი არ მოერია?
- ჩვენ რა დაგვაძინებდა, ყოველ წუთში ვეუბნებოდი, ზაზა, შენი ჭირიმე, არ ჩაგეძინოს, არ დაგივარდეს "ლიმონკა", არ დავიღუპოთ-მეთქი, მაგრამ მამშვიდებდა, ნუ გეშინიათ, არ დამივარდებაო.
- მისი ლიკვიდაცია როგორ მოხდა?
- მე ისევ სკამებს შორის ვიყავი ჩაწოლილი. "ოქროს ბირჟაზე" ძეწკვები ქინძისთავებით გვაქვს დაბნეული და თავის ქინძისთავებიანად იყო იქ წამოღებული. ზაზაც "ლიმონკას" ხანდახან ჩაურჭობდა ხოლმე ქინძისთავს და ისვენებდა. სნაიპერები, როგორც გვითხრეს, ღამის ხედვის ხელსაწყოებით იყვნენ აღჭურვილები და ჩვენ რასაც ვაკეთებდით, ყველაფერს ხედავდნენ. როცა დაინახეს, რომ ხელყუმბარას ქინძისთავი ჩაარჭო, იმწამსვე ესროლეს, არც კი განძრეულა, ისე მოკვდა. ჭახანის ხმა იყო და მთელი შუშები და მისი სისხლი მე გადამესხა. შემდეგ სასწრაფოდ შემოვარდნენ სპეცრაზმელები, ბომბა, ბომბაო, ყვიროდნენ. მე კარიდან გადმომათრიეს, მეორე ბიჭი ფანჯრიდან და ძირს დაგვაწვინეს, სულ სისხლიანი ვიყავი და თავდაპირველად მღებრიშვილს მე ვეგონე ტერორისტი, თავზე დამადგა და სინანულით მეუბნებოდა, ხომ გაგაფრთხილე, თავს ნუ მოიკლავო, მე კი თავი წამოვყავი, მე, ბატონო თემურ, მძევალი ვარ-მეთქი. ამ დროს ჩემი ძმაც ყვირილით მოვარდა, ეგონა, რამე მომივიდა.
- როგორ ფიქრობთ, ეს ერთადერთი გამოსავალი იყო?
- ალბათ კი, სხვანაირად არაფერი მოხერხდებოდა. რა აღარ შესთავაზეს, მაგრამ არაფერზე არ წავიდა, მე თავი გადადებული მქონდა, აღარც კი მეგონა, თუ ცოცხალი დავრჩებოდი. გავოცდი სპეცრაზმელების ვაჟკაცობით, არაფრის ეშინიათ, პირდაპირ შემოვარდნენ. დიდი მადლობა გადავუხადე ყველას, ჩვენს ძალოვნებს. ნამდვილად დიდი პროფესიონალები გვყოლია, ოდნავი შეცდომაც რომ მოსვლოდათ, ყველანი დაღუპულები ვიყავით. მართლა ხელმეორედ გვაჩუქეს სიცოცხლე!
http://www.open.ge/index.php?m=4&y=2002&art=761