http://timer.ge/14557-emas-gmirobebi-2008-...ekhmaureba.html"ემას გმირობები 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე" - ემა გოგოხიას განცხადებას ჟურნალისტი ირმა ბერიშვილი ეხმაურება14-11-2013, 13:36წაკითხულია: 1903
ჟურნალისტი ირმა ბერიშვილი, ემა გოგოხიას, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დადგმული სიუჟეტების კეთებასა და მოსახლეობისთვის დეზინფორმაციის მიწოდებაში ამხელს. ჟურნალისტს რამდენიმე კონკრეტული მაგალითი მოჰყავს, რომელთაც "თაიმერი" უცვლელად გთავაზობთ.
დეზინფორმაცია #1
"ალბათ ყველას გახსოვთ, ცალკეული ტელეკომპანიების მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში გადმოცემული ინფორმაციები და კადრები იმის შესახებ, თუ როგორ "უშლიდნენ" გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს საარჩევნო აგიტაციის ჩატარებას, როგორ "ებრძოდნენ" ნაციონალური პარტიის აქტივისტებს და როგორ ხევდნენ პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის პლაკატებს სხვადასხვა სტენდიდან.
ის, რომ გალის რაიონში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არათუ სააკაშვილის, არამედ არცერთი სხვა კანდიდატის საარჩევნო შტაბი არ გაიხსნებოდა და იქ საარჩევნო კამპანიას ვერავინ აწარმოებდა, ეს თავიდანვე ყველა მხარემ იცოდა. ამიტომ იქ არც არავის უცდია, ხმამაღალი აგიტაცია ეწარმოებინა და რომელიმე კანდიდატის მხარდამჭერი აქციები მოეწყო. ამდენად, რაც არ ყოფილა, იმ მოვლენის აღკვეთას აფხაზები ვერანაირად შეძლებდნენ.
მაშ, რა ფაქტი იყო მოცემული ზემოთნახსენებ სიუჟეტში, რომელმაც შეცდომაში მრავალი მაყურებელი შეიყვანა?
მივყვეთ დეტალურად. გახსოვთ ის ძველი, ჟანგმოდებული მემორიალი, საიდანაც სააკაშვილის პლაკატები "უმოწყალოდ" იყო ჩამოხეული? გახსოვთ ფართოვიტრინებიანი ცარიელი შენობები, რომლის მინებიდანაც ეს პლაკატები ჯარისკაცის ფარაჯიანმა უცნობმა ჩამოყარა? გახსოვთ ის ფიცრებისგან ნაშენი პატარა ჯიხური, რომელზე გაკრულ სააკაშვილის სურათსაც ვიღაც ქალბატონი მხურვალედ კოცნიდა? ისეთი "სულისშემძვრელი" კადრები იყო, უეჭველად დაგამახხსოვრდებოდათ.
და თქვენ გგონიათ, ეს ყველაფერი გალის რაიონში ხდებოდა? თუ ასე გგონიათ, უნდა გაგაწბილოთ და გითხრათ, რომ ეს კადრები, ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედაეწერში იყო დადგმული. ცნობისათვის მოგახსენებთ, ზედაეწერი ზუგდიდი-ჯვარის (იგივე ზუგდიდი-მესტიის) მონაკვეთზე მდებარეობს და გალის რაიონთან არავითარი შეხება არა აქვს. ის ჟანგიანი მემორიალი ზედაეწერის ცენტრში საბჭოთა დროიდან სამამულო ომში დაღუპულთა პატივსაცემად დგას, ის ფართოვიტრინებიანი ნაგებობები, თავის დროზე, კულტურის სახლის, მუშათა სასადილოს და უნივერმაღის შენობებს წარმოადგენდა. ის "უცნობი ჯარისკაცი" კი, რომელიც კადრში ჩანს, ზედაეწერელთა თქმით, გადასაღებად სპეციალურად შემოსილი ჩაიყვანეს იქ. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ ამ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, "გადამღებ ჯგუფს" ეტყობა ვიღაცამ მიუთითა, რომ ჯარისკაცს რუსული კი არა, ქართული ფარაჯა ეცვა, ამიტომ რამდენიმე დღეში, ოდნავ შეცვლილი კადრებით, მორიგი სიუჟეტი გაკეთდა. ქართველი ჯარისკაცის ნაცვლად, უკვე რუსი სამშვიდობოები გამოჩნდნენ, რომლებიც თავიანთი საგუშაგოს კედლებიდან სააკაშვილის პლაკატებს ხსნიდნენ, დანარჩენი ყველაფერი ძველებურად იყო. "შუაგულ გალში" სააკაშვილის პლაკატს რომ ქალი კოცნიდა, ის კადრიც არ შეუცვლიათ. ეს ქალბატონი, სახელად ნანული, მართლაც ცხოვრობდა გალში, ოღონდ 15 წლის წინ. დევნილობის შემდეგ მან ზედაეწერში სახლი იყიდა და მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვისღა ახერხებს თავის მშობლიურ კუთხეში ჩასვლას.
როგორც დავადგინე, იმ დღეს, ძროხას მიდენიდა, როცა მიკროფონიანი და ტელეკამერიანი ხალხი შეხვდა, რომლებმაც ყელისგამოწევით თხოვეს "გადაღებაში" მიეღო მონაწილეობა. თავიდან ფეხი კი აითრია, მაგრამ დაარწმუნეს, არავის არაფერს ვავნებთ, პირიქით, კარგს ვიტყვით, თქვენს სოფელსაც გამოვაჩენთო და ისიც დათანხმდა. მერე უთხრეს, კამერის წინ თქვი, რომ აფხაზები ენგურის ხიდზე გადმოსვლას და სააკაშვილისთვის ხმის მიცემას გიშლიანო, მანაც თქვა. ახლა ისიც თქვი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არავის დაუჯერებ, გადმოხვალ და ხუთ ნომერს შემოხაზავო, ქალბატონმა ნანულიმაც გაიმეორა. ამასაც არ დასჯერდნენ და თვალსაჩინოებისთვის თხოვეს, პლაკატი გაეკრა ჯიხურზე და ეკოცნა. ქალბატონმა ნანულიმ ესეც გააკეთა და წავიდა თავის სახლში. ამის შემდეგ "შემოქმედებითმა ჯგუფმა" უკვე გალის რაიონის გამგებელი თორნიკე კილანავა გამოაჩინა, რომელმაც თვალისდაუხამხამებლად ისე დაამოწმა "აფხაზების მიერ გალელების დაშინების" ზემოთაღნიშნული ფაქტი, თითქოს იმ წუთას თავად ყოფილიყო ყველაფრის მოწმე.
რადგან ბატონ თორნიკე კილანავას შევეხეთ, აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ გამოგონილ ინფორმაციებზე ეს არ ყოფილა მისი პირველი და უკანასკნელი კომენტარი. ხშირ შემთხვევაში, ცაკლეული ტელეარხის მიერ აფხაზეთის თემაზე მოწოდებული ინფორმაცია მცდარია, თუმცა გალის რაიონის ლეგიტიმური ხელმძღვანელი, ქალბატონი ნანულივით, აბსოლუტური სიზუსტით იმეორებს იმ ტექსტს, რასაც კორესპონდენტი კარნახობს.
ვთქვათ, ჟურნალისტს არ ჰყოფნის შორმჭვრეტელობა და ვერ ხვდება, დეზინფორმაციის გავრცელებით, რამდენად შეიძლება ავნოს სახელმწიფოს და იმ ქართველ ხალხს, ვინც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს, მაგრამ ოფიციალურ პირებს, მათ შორის გალის ლეგიტიმური ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას ამ ელემენტარული ჭეშმარიტების გააზრება ხომ მოეთხოვება? იმედია, ამ კითხვაზე ვინმე აუცილებლად გამცემს პასუხს...
ახლა ისევ ზედაეწერის ეპიზოდს დავუბრუნდეთ.
ტელევიზიის და ოფიციალური პირების მონდომებით, იმ დღეს ამ სიუჟეტის მნახველი მთელი საქართველო თუ არა, ტელემაყურებელთა ის ნაწილი მაინც იოლად მოტყუვდა, ვინც სამეგრელოში არაა ნამყოფი და ვისაც ზედაეწერის ცენტრში ერთხელ მაინც არ გაუვლია.
მას შემდეგ, რაც ამ სიუჟეტზე დაყრდნობით, აფხაზური მხარის მიერ მთელ რიგ კანონდარღვებზე ალაპარაკდა პარლამენტი და საზოგადოება, დეზინფორმაციებისგან რამდენიმე დღით დაგვასვენეს. ზუსტად არჩევნების წინა დღეებში კი ეს თემა ისევ გააქტიურდა და ზედაეწერიდან ახლა ოდნავ გაახლებული კადრები შემოგვთავაზეს, რომელშიც უკვე არამარტო ზედაეწერელ, არამედ წალენჯიხელ "დევნილებასაც" მიაღებინეს მონაწილეობა. მათ შორის ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ზუგდიდში ტაქსის მძღოლად მუშაობს და 3 იანვარს ზედაეწერში გადამღებ ჯგუფს თავისივე ტაქსით ახლდა, გვარად ციმინტია გახლავთ, თუმცაღა "საზრიანმა" კორესპონდენტმა გვარი შეუცვალა და ჯალაღონიად გაგვაცნო. სწორედ ამ ციმინტია-ჯალაღონიამ კამერების წინ საქართველოს მოსახლეობას რიხიანად მოახსენა, რომ აფხაზური ადმინისტრაცია მას და მის ახლობლებს აშინებს და სასტიკად უშლის ენგურის ხიდზე გადასვლას, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და რაც მთავარია, სააკაშვილისთვის ხმის მიცემას. გზები გადაკეტილია, მაგრამო, ჩვენ არავის შევუშინდებით და შავი გზებით (ალბათ, "ჩორნი ხოდებით" - ი.ბ.) მაინც გადავალთ და ხმას მივცემთო. "შავი გზებით" მოსიარულე ქართველები კი ტელეეკრანების საშუალებით მეორე დღესვე გვანახეს.
დეზინფორმაცია #2
4-5 იანვარს, რამდენიმე ტელეარხის საინფორმაციო გამოშვებებში გამოჩნდა ჯადრები, თუ როგორ მიმოდიოდნენ დანგრეულ შენობაში ხუთნომრიანი ქუდებითა და კაშნეებით დამშვენებული ადამიანები. კორესპონდენტი კი გვაუწყებდა, რომ ისინი, სააკაშვილისთვის ხმის მისაცემად, აფხაზებისგან მალულად, გალიდან გადმოდიოდნენ. ანუ, უნდა გვევარაუდა, რომ სწორედ ეს იყო "შავი გზა" , რომელიც პატივცემულმა ციმინტია-ჯალაღონიამ ახსენა. იმ დანგრეულ შენობას აფხაზეთთან არაფერი აკავშირებს, რადგან ის თავის დროზე, ზედა ეწერის ჩაის ფაბრიკას წარმოადგენდა, დღეს კი, მხოლოდ სოფლის ცენტრში არსებული ნანგრევების გროვაა. რაც შეეხება "მასოვკების" მონაწილეებს, ისინი ზედა ეწერის ბაღის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები (რომლებიც აფხაზეთში მხოლოდ ნათესავების ქორწილებსა და დაკრძალვებზე გადადიან) და საჭითანაოს უბნის ადგილობრივი მაცხოვრებლები იყვნენ.
დეზინფორმაცია #3
არჩევნების დღეს ტელეეკრანებზე ასევე მრავალჯერ ვნახეთ კადრები, თუ როგორ გადმოდიოდა ფეხშიშველი ახალგაზრდა ანკარა ღელეზე, სიუჟეტში კი ნათქვამი იყო, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გალელ ამომრჩეველს მდინარე ენგურის გადალახვა ასე თავგანწირვით უხდებოდა. თუმცა, ვინც იცის, რომ წელიწადის ვერც ერთ დროს მდინარე ენგურს ანკარას ვერ იხილავთ და ვერც ისეთ ფონს უპოვით სადმე, შარვლის ტოტების დაუსველებლად გადმოხვიდეთ, ადვილად მიხვდებოდა, რასთან გვქონდა საქმე. სიმართლე გითხრათ, თავად ნამდვილად ვერ ვიცანი ის ადგილი, ვინაიდან ნანახი არ მქონდა, მაგრამ ზედაეწერელებმა მითხრეს, რომ ეს იყო ხელოვნური არხი ზედაეწერისა და რუხის საზღვარზე, რომელსაც რუხის ღელეს ეძახიან.
აქ არის ერთი საგულისხმო ფაქტიც. სიუჟეტებში ცალსახად იყო აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ სააკაშვილისთვის ხმის მიცემას უშლიდნენ გალელებს და ამიტომ უკეტავდნენ გზებს. თითქოს გეგონება, სხვა კანდიდატების მომხრეებს სულ ზურნა-დუდუკით აცილებდნენ გამოღმა.
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ არც 5 იანვარს და არც მანამდე, მთელი საარჩევნო დუღილის განმავლობაში აფხაზურ ადმინისტრაციას, არც ენგურის ხიდი ჩაუკეტავს და არც სხვა ადმინისტრაციული საზღვარი.
როგორც " თაიმერს" ირმა ბერიშვილმა განუცხადა, ის ამ მოვლენასთან დაკავშირებით ადრეც წერდა და დოკუმენტის სახით მაშინ ნინო ბურჯანაძეს, თემურ იაკობაშვილს და ელენე თევდორაძესაც გადაუგზავნა, ითხოვდა, აღნიშნული ფაქტებისთვის ყურადღება მიექციათ, რადგან ამით კონფლიქტი ყოველდღიურად ღრმავდებოდა. აღნიშნულით არც ერთი მათგანი დაiნტერესებულა.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2-"ის სამეგრელოს ბიუროს კორესპონდენტი, ემა გოგოხია აცხადებს, რომ მაღალი თანამდებობის პირები(ლაშა ნაცვლიშვილი, გელა კვანტალიანი, კახა ჩიხლაძე), მათთვის სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, ხოლო თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია კი სასურველი ჩვენების მიღების სანაცვლოდ მას თანამდებობას და უზრუნველ ცხოვრებას დაჰპირდა.