
- მიტო, პირველ რიგში ის მაინტერესებს, ჯიგარი თუ იცი, რა არის?
- არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჯიგარი ადამიანი მაგარ ადამიანს ნიშნავს. გამოდის, რომ მე ვარ ჯიგარი...
- როდის და როგორ მოხვდი საქართველოში?
- აფრიკაში, კამერუნში დავიბადე და გავიზარდე. სკოლა რომ დავამთავრე, მამაჩემმა მითხრა, წადი სადმე და ისწავლეო. მალაიზიის უნივერსიტეტში, ბიზნესმენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ორი წელი იქ ვსწავლობდი, მერე კი მამა გარდამეცვალა. სწავლის საფასურს ვერავინ გადამიხდიდა, რადგან აზიაში სწავლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. დედა ამას ნამდვილად ვერ გასწვდებოდა. ამიტომ, უნივერსიტეტიდან გამოვედი და მოგზაურობა დავიწყე. აზიის ქვეყნები: ჩინეთი, ტაილანდი მოვინახულე. მერე ერთმა მეგობარმა მირჩია, საქართველოში წადი, ძალიან მოგეწონებაო. მანამდე ამერიკაში წასვლაზე ვოცნებობდი, მაგრამ საამისო სახსრები ვერ მოვაგროვე...
- აზიის ქვეყნებში მოგზაურობას რა, ფული არ უნდა?
- აზიის ქვეყნებში ვიზა არ მჭირდებოდა. ხან ერთ მეგობართან ვცხოვრობდი, ხან - მეორესთან და შესაბამისად, არც ღამის გასათევი ფული მჭირდებოდა და არც - საჭმლის. მოკლედ, იმ მეგობარს დავუჯერე, ვინც აქ ჩამოსვლა მირჩია და არც ვნანობ. მაშინ 24 წლის ვიყავი. ახლა 28 წლის ვარ. უკვე 4 წელია, საქართველოში ვცხოვრობ.
- თავიდანვე ბაკურიანში გადაწყვიტე ცხოვრება?
- არა, თბილისში ვიყავი. სამუშაო მინდოდა, მაგრამ საჩემო ვერაფერი ვნახე. ძალიან ძნელი ყოფილა, რომ უცხოელმა თბილისში სამსახური იშოვოს. მერე ერთმა მეგობარმა მითხრა, ჩემს ძმაკაცს ბაკურიანში სასტუმრო აქვს, თუ გინდა, მასთან მოგაწყობ სამუშაოდო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და მას მერე აქ ვარ.
- სასტუმროში კონკრეტულად რა საქმე გევალება?
- ჩვეულებრივი მუშა ვარ. ხან მძიმე ბარგია ასატან-ჩამოსატანი, ხან რაღაც ფუჭდება და შეკეთება სჭირდება. მოკლედ, სასტუმროს მეპატრონის დამხმარე ვარ ასეთ საკითხებში.
- კარგი ანაზღაურება გაქვს?
- აბა, რა. ამ სასტუმროში ვცხოვრობ, აქ მაჭმევენ და მასმევენ, ფულსაც მიხდიან. სხვა რა უნდა ვინატრო? როცა ბაკურიანში სეზონი არ არის, მაინც აქ ვარ. იმ პერიოდში დაცვის მოვალეობას ვასრულებ და სასტუმროს ვდარაჯობ.
- ბაკურიანელები როგორც მიტო ჭავჭავაძეს, ისე გიცნობენ...
- მართალია. ჩემი სახელია მიტერანი. აქედან გამომდინარე, ქართული სახელებიდან ყველაზე მეტად, მიტო შემეფერებოდა და ასეც დავირქვი. რაც შეეხება გვარს, ჭავჭავაძე ძალიან მომწონს. თან ძალიან ლამაზად ჟღერს, მიტო ჭავჭავაძე.
- იცი, ვინ იყო ჭავჭავაძე?
- დიდი კაცი იყო. რა ერქვა?
- ილია.
- ვიცი, რომ კარგი პოეტი იყო... ქართული გვარი ქართველებთან ურთიერთობისთვის აუცილებელია. წერეთელიც კი მომწონს, მაგრამ მაინც ჭავჭავაძე მირჩევნია.
- ეს სახელი და გვარი ოფიციალურად მიიღე?
- არა. უბრალოდ, მომწონს, როცა ვინმეს გავიცნობ, ვეუბნები, რომ მიტო ჭავჭავაძე ვარ. ეს ქართველებთან ურთიერთობისთვის აუცილებელია. ამ სახელსა და გვარს რომ ვახსენებ, ჯერ ყველას უკვირს, მერე კი პატივისცემით მექცევიან.
- ხომ არ აპირებ, რომ ეს სახელი და გვარი გააოფიციალურო?
- არა. საბუთებში ყოველთვის იემენე ვიქნები.
- ქართველებს როგორ შეეწყვე?
- ადამიანები ორ კატეგორიად, კარგებად და ცუდებად იყოფიან. თვითონ უნდა იყო კარგი კაცი. თუ ასეა, მაშინ შენთან სულ კარგი ხალხი ურთიერთობს, თუ არა და, ცუდებს ხვდები. ვისთანაც მე ვმუშაობ, მეგრელების ოჯახია. გამიმართლა, რომ ცხოვრებაში ისინი შემხვდნენ და ბაკურიანში ჩამომიყვანეს. უკვე 4 წელია, აქ ვცხოვრობ და გულწრფელად ვამბობ, რომ მე ბაკურიანის შვილი ვარ.
- ხომ არ გადაგიწყვეტია, რომ საბოლოოდ ბაკურიანში დაფუძნდე?
- ჯერ არ ვიცი, ვნახოთ.
- გული მიგრძნობს, რომ ქართველი შეყვარებული უნდა გყავდეს...
- საიდან იცი? შეყვარებული კი არა, შეყვარებულები მყავს (იცინის).
- ქართველი ცოლის მოყვანასაც ხომ არ აპირებ?
- 100 პროცენტით.
- საცოლე უკვე შეარჩიე?
- კი, გორელი გოგონა მიყვარს, რომლის ცოლად მოყვანასაც ვგეგმავ.
- გორელი გოგო სად იპოვე?
- სად ვიპოვე და აქ, ბაკურიანში. ჩვენს სასტუმროში ისვენებდა და აქ გავიცანი. მერე დავმეგობრდით და ერთმანეთიც შეგვიყვარდა.
- დაოჯახებას როდის აპირებთ?
- ჯერ არ ვიცით. ადამიანმა ოჯახი რომ შექმნა, ცოტა დანაზოგი მაინც უნდა გქონდეს. ხომ უნდა გასწვდე ოჯახს? თან ახლა ჩემი საცოლე ჯერ შავი ზღვის უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობს. როგორც კი სწავლას დაასრულებს, მერე აუცილებლად დავოჯახდებით და ნახევრად ქართველი შვილებიც შეგვეძინება...
- წარმატებებს გისურვებ. ქართული ენა ვინ გასწავლა?
- არავინ. ადამიანებთან ურთიერთობით ყოველდღიურად ცოტ-ცოტას ვსწავლობ. ბეჯითი ადამიანი არ ვარ და მეცადინეობა მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ ქართულის შესწავლა გამიადვილდა.
- დამსვენებლები პირველად რომ დაგინახავენ, რა რეაქცია აქვთ ხოლმე?
- ვინც ბაკურიანში ხშირად ჩამოდის, ჩემს არსებობას უკვე მიეჩვია. ზოგს კი შოკი ემართება. ბევრს უკვირს, რატომ ვარ ბაკურიანში, ვერ ხვდებიან. ხან ზანგს მეძახიან, ხანაც - მაიმუნს... სიმართლე გითხრათ, ეს სულაც არ მწყინს. ვიცი, რომ ბევრ მათგანს ჩემისთანა შავკანიანი ადამიანი მხოლოდ ტელევიზორში თუ უნახავს. ამიტომაც უკვირთ ჩემი დანახვა... ბავშვებს ეშინიათ ჩემი, თუმცა მერე მალევე მიმეგობრდებიან. თავიდან რომ ჩამოვედი, მეზობლის ბავშვი რომ დამინახავდა, ხმამაღლა ტიროდა, ისე ეშინოდა. ახლა ისე ვმეგობრობთ, გვერდიდან არ მშორდება. ხშირად ვთამაშობთ ერთად. ძალიან მიყვარს ბავშვები. ჩვენ 8 დედმამიშვილი ვართ. მე უფროსი ვარ, დანარჩენი შვიდი კი ჩემს ხელში დაიბადა და გაიზარდა. როგორ შეიძლება, ბავშვები არ მიყვარდეს?
- შენი დედმამიშვილები სად ცხოვრობენ?
- ერთი საფრანგეთშია, ერთი ავსტრიაში, დანარჩენები კი დედასთან, აფრიკაში. მათთან სატელეფონო კავშირი სულ მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, 4 წელზე მეტია, არც ერთი არ მინახავს.
- რომელიმე მათგანის აქ ჩამოყვანას არ აპირებ?
- არა, თვითონ წავალ აფრიკაში. აქ როგორ ჩამოვიყვანო? სამუშაოს პოვნა ძალიან ძნელია. თან "ორი კაპიკის" საშოვნელად ფიზიკური, ვირული შრომაა საჭირო. მეცოდებიან ჩემი დედმამიშვილები. ამისთვის როგორ გავიმეტო?
- ვირი იცი, რა არის?
- ცხენივით რომ არის, ის არაა? ჩემმა მეგობრებმა სამეგრელოში წამიყვანეს ქორწილში და იქ ვნახე ეს ცხოველი...
- საქართველოში ყველაზე მეტად რა მოგწონს?
- ხალხი მომწონხართ ძალიან. ცუდი და კარგი ყველა ერშია, მაგრამ ბევრი ქართველი კარგი მეგობარი შევიძინე. ძალიან თბილი ხალხი ხართ. კიდევ, თქვენი სამშობლო მომწონს ძალიან. მაგალითად, ბაკურიანი. ულამაზესი მხარეა. ლამაზი ბუნება გაქვთ. ქართულ საჭმელზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ვგიჟდები ხინკალზე, ხაჭაპურზე, მწვადზე... ლუდიც მომეწონა, მაგრამ ღვინო გაქვთ არაჩვეულებრივი...
- ბევრს სვამ?
- აბა, რა. ლიტრიანი ყანწიც დამილევია და ორლიტრიანიც. მე უკვე თითქმის ქართველი ვარ და ყველაფერს ქართველივით ვაკეთებ. (იცინის).
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/85004-sha...l#ixzz2ko9O5sNIრაც შეეხება გვარს, ჭავჭავაძე ძალიან მომწონს. თან ძალიან ლამაზად ჟღერს,გოი უფრო ლამაზად არ ჟღერს და უფრო მარტივად არ ითქმის??
Morgan Freemanგაიარე
თან სერიოზულად
This post has been edited by dega on 16 Nov 2013, 15:50