მომენატრები პრეზიდენტო, თანაც ძალიან მომენატრები. არ ვიცი, კონკრეტულად რა მომენატრება, მაგრამ ჩემთვის რაღაც დამთავრდა და ეს ფაქტია.
ყოველ ნაბიჯზე თქვენ გამახსენდებით. რუსთაველის მეტროსთან გამახსენდება თქვენი ვოიაჟი მეტროში; აჭარაში ჩასვლისას, თქვენს მიერ შესმული შავი ზღვის წყალი დამიდგება თვალწინ; როდესაც სტადიონს დავინახავ, თქვენს მიერ დარტყმული უბადლო პენალტი გამახსენდება და ვინძლო ავტირდე კიდეც; ყველაფერი თქვენ ნაბიჯებს გამახსენებს (ხაშური არც თქვენ გახსოვდათ და არც მე გამახსენდება), ამიტომ პირობას გაძლევთ რომ არასოდეს ჩავალ გორში, ჩემს ცოდვილ გონებას რაიმე უმსგავსობა არ წამოუტივტივდეს.
ძალიან მძიმე ყოფილა თქვენზე წარსულში ლაპარაკი. ალბათ როდესაც რუსთავი2-ზე თქვენზე დადებულ ტიტრს ექს-პრეზიდენტი-ს დავინახავ, გონება დამებინდება დარდისგან. განა ეს 9 წელი იმისთვის იღწვოდით, რომ მხოლოდ სამი ასო (ექს) დაგემსახურებინათ? რაინდად მაინც ეკურთხებინეთ ვინმეს!
"იგი წავა და სხვა მოვაო", დიდმა შოთამ თქვა. გახსოვთ, ბატონო პრეზიდენტო როგორ გვიყვებოდით ხოლმე რუსთაველს? თქვენი იმპროვიზაციის უნარი ამ მოყოლაშიც კი ჩანდა, თვითონ შოთას გაუჭირდებოდა იმის მიხვედრა, თუ რას ყვებოდით, მაგრამ სამაგიეროდ, თქვენს გარშემო მყოფნი როგორი ხბოს აღტაცებით გიყურებდნენ.
რა დამავიწყებს იმას, ღირსების ორდენს რომ აგრერიგად გულმხურვალედ არიგებდით, ვინმეს რომ არ დაეძრახა – ღირსების ორდენის "ჟმოტიაო". მერე სხვა ორდენებსაც რომ გადაწვდით (ისე, ბატონო მიხეილ ახალ პრეზიდენტს ერთი-ორი ცალი მედალი მაინც დაუტოვეთ, თავის ახლობლებს რომ აჩუქოს) და ეს ყველაფერი ხომ ისევ საქართველოსთვის კეთდებოდა.
http://www.kvirispalitra.ge/suramelis-blog...prezidento.html