noone__90
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 410
წევრი No.: 101084
რეგისტრ.: 28-September 09
|
#19730082 · 21 May 2010, 18:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვის "გაშიშვლებას" აპირებს ია ფარულავა მსახიობი ია ფარულავა მალე ახალ ამპლუაში წარმოგვიდგება: ცოტა ხანში ტოქშოუს წაყვანა მოუწევს, რისთვისაც სერიოზულად ემზადება. ამბობს, რომ გადაცემაში, რომელშიც წამყვანად მიიწვიეს, პარტნიორებთან ერთად, რესპონდენტებისთვის ნიღბების ჩამოხსნა მოუწევს და არც საკუთარი ნიღბის "დამსხვრევაზე" იტყვის უარს... იას დიდი ხანია, როგორც გულახდილ ადამიანს, ისე ვიცნობ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მას ახალ ამპლუასთან შეჭიდება არ უნდა გაუჭირდეს, მით უმეტეს, რომ პარტნიორებადაც არანაკლებ გულახდილი ადამიანები ჰყავს...
- "იმედის" ეთერით ახალი გადაცემის სარეკლამო რგოლები გადის, რომლის ერთ-ერთი მოქმედი პირი შენც ხარ. მოგვიყევი ამ ახალი პროექტის შესახებ. - ეს ყოველდღიური ტოქშოუ გახლავთ, რომელიც პირდაპირ ეთერში 3-ის ნახევრიდან 4-ის ნახევრამდე გავა. მას 3, საზოგადოებისთვის ცნობილი ქალბატონი წარუძღვება - ნანიკო ხაზარაძე, მე და დოდო ხურცილავა. ეს ქალბატონი თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგია და ტელევიზიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა. თვითონ პროექტი ამერიკული გახლავთ, შოუს - "დე ვიუ" - ანალოგია, რომელსაც ასევე რამდენიმე წამყვანი ჰყავს. ისინი სტუდიაში მაგიდას უსხედან და სტუმრებთან ამა თუ იმ თემას განიხილავენ. ეხებიან როგორც პოლიტიკას, სოციალურ პრობლემებს, ასევე პირად ურთიერთობებზეც ლაპარაკობენ. მოკლედ, ცხარე პოლემიკა და დისკუსია აქვთ... გვინდა, რომ იგივე სულისკვეთება ქართულ ტელესივრცეშიც შემოვიტანოთ. ვიმეორებ, ჩვენს პროექტში ნებისმიერ თემაზე ვისაუბრებთ.
- რაც შეეხება სტუმრებს - რა სფეროს წარმომადგენლებს მოიწვევთ? - ნებისმიერი სფეროდან. რაც მთავარია, ყველაფერზე გულახდილად უნდა ვისაუბროთ, ჩამოვიხსნათ ნიღბები და ჩამოვხსნათ სხვებსაც. ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი ნამდვილად მაქვს. ასე რომ, მოვიდა დრო, ვიყოთ ძალიან გულახდილები!
- როდესაც ეთერში თქვენი მომავალი გადაცემის სარეკლამო რგოლები გამოჩნდა, მაყურებელს შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ის პროექტის - "სამოთხის ვაშლები" - მსგავსია... - შეიძლება, ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ასეა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო წინ წასვლა და გადაცემისთვის სხვა მიმართულების მიცემა გვინდა. ჩვენს პროექტს ბრწყინვალე რეჟისორი (გია გაფრინდაშვილი) ჰყავს. ნამდვილად არ გვინდა, ცხოვრება ძალიან დალაგებულად, ლამაზად წარმოვაჩინოთ, ისე, ვითომ არაფერი გვაწუხებს... სადაც საჭიროა, უნდა მოვეფეროთ კიდეც რესპონდენტს და სადაც საჭიროა, მწვავე კითხვაც დავსვათ.
- რა ჰქვია გადაცემას? - იყო დიდი მსჯელობა, პოლემიკაც კი, ტოქშოუსთვის რა სახელი დაგვერქმია, საბოლოოდ კი "დღის შოუ" შეირჩა... მოკლედ, შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღე პირდაპირ ეთერში ვიქნებით...
- ამ პროექტში როგორ აღმოჩნდი? - შემთხვევით. როგორც მერე გავიგე, ამ გადაცემის კასტინგი თურმე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ბევრი ცნობილი ქალბატონი მონაწილეობდა. რეჟისორმა გია გაფრინდაშვილმა ერთხელ მეც დამირეკა და კასტინგზე მიმიწვია.
- ისე, შენი ტელეკარიერა ახლა არ დაწყებულა, წლების წინ, საკუთარი შოუ - "ჩემი მშვენიერი ლედი" გქონდა... - დიახ, ჩემი გადაცემა დიდი ხნის წინ დაიხურა. სხვათა შორის, ერთი-ორჯერ მქონდა მცდელობა, ის უფრო ფართო მასშტაბით გამეახლებინა და არაერთ ტელეკომპანიას შევთავაზე კიდეც ეს იდეა, მაგრამ პროექტის ხარჯები რომ დაითვალეს, ძალიან ძვირი აღმოჩნდა და მას ხელი არავინ მოჰკიდა. ამის გამო ცოტა გულნატკენიც ვიყავი. თუმცა ტოქშოუში მუშაობაზე არასდროს მიფიქრია... მაგრამ ჩემს ახალ საქმეს დიდი ინტერესით ვეკიდები.
- მკაცრი კასტინგი გაიარე? - საკმაოდ. სამ ტურად იყო დაყოფილი. როგორც ვთქვი, მასში ბევრი ცნობილი ქალბატონი მონაწილეობდა, მაგრამ ბოლოს სამნი შემოვრჩით, რადგანაც ჟიური ჩვენი პარტნიორობით დაინტერესდა.
- როგორი პარტნიორები არიან ნანიკო და ქალბატონი დოდო ხურცილავა? - შესანიშნავი. ნანიკო საოცრად გულახდილი ადამიანია, თან, პირდაპირ ეთერში მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს... რაც შეეხება დოდო ხურცილავას, ის ჩვენთვისაც და გადაცემის მესვეურებისთვისაც უდიდესი მონაპოვარია. უაღრესად განათლებული ქალბატონია. სხვათა შორის, მუშაობდა "ნანიკოს შოუზეც", ტელეკომპანია "მზეშიც", მარინა სალუქვაძის ტოქშოუში. ნებისმიერ თემაზე, ულევი ინფორმაციის მქონე ადამიანი, მოსიარულე ენციკლოპედიაა. პირადად ჩემთვის, ასეთი ქალბატონის გვერდით მუშაობა მნიშვნელოვანია. მგონი, საინტერესო სამეული შეირჩა.
- "დღის შოუ" როდის გავა ეთერში? - დეკორაციას ველოდებით. ტელეკომპანიასთან კონტრაქტები უკვე გაფორმებული გვაქვს. ისე, ეთერში აქამდეც უნდა გავსულიყავით, მაგრამ დეკორაციის გამო შევფერხდით. მოკლედ, ძალიან მინდა, რომ ყველამ ჩამოვიხსნათ ნიღბები...
- ძნელი არ იქნება? და აქვე მითხარი - როგორია შენი ნიღაბი? - ჩემი ნიღაბი საკმაოდ გამჭვირვალეა და ხშირად ნიღბის მიღმა ჩემი რეალური სახე ჩანს. თითქმის არაფერს ვმალავ, რადგანაც გულახდილობა მსიამოვნებს. ეს ჩემთვის ერთგვარი თერაპიაცაა. ნანიკოც ასეთია და ის ამიტომაც მომწონს... რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შევძლებთ რესპონდენტებისთვის ნიღბების ჩამოხსნას, ეს ალბათ ცხარე პოლემიკისა და დიდი ენერგიის ხარჯზე მოგვიწევს. არის მომენტები, როდესაც ადამიანი მესაუბრება და ამ დროს მაგრად თამაშობს, რაც ძალიან მაღიზიანებს და მას ამის შესახებ ვეუბნები ან ვაგრძნობინებ ხოლმე. ზოგი საკუთარ ნიღაბს კარგად "ფუთავს", ზოგი იმდენად ხელოვნურია, მაშინვე იშიფრება და იქვე იმსხვრევა კიდეც მისი ნიღაბიც.
- ისე, ცნობილი ადამიანებისთვის ნიღბების ჩამოსახსნელად დიდი "ბრძოლა" კი მოგიწევთ... - მართალია, ვიღაცამ წლების განმავლობაში იშრომა იმისთვის, რომ ესა თუ ის ნიღაბი მოერგო, რომელიც საზოგადოების წინაშე წარდგომისთვის სჭირდებოდა და ერთ გადაცემაში, ერთ საათსა და 2-3 კითხვაში მართლაც რთული იქნება მისი "გაშიშვლება".
- ამასთან, "იმედის" არხზე ისეთი გადაცემაც ("სიმართლის დრო") გადის, სადაც ადამიანის ქვეცნობიერშიც კი "შედიან"... - რესპონდენტებს ასე ნამდვილად არ "გავაშიშვლებთ"... ყველაფერთან ერთად, მათ მოვეფერებით კიდეც და ჩვენს პირად ცხოვრებაზეც ვისაუბრებთ... ჰო, მართლა, პირველ გადაცემას საკუთარ პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს დავუთმობთ, რადგანაც ამის ირგვლივ მაყურებელს უამრავი კითხვა გაუჩნდება. ესეც რომ არ იყოს, მათ ხომ უნდა გავეცნოთ - ვინ ვართ, რა გვინდა - და ერთმანეთიც უკეთ უნდა გავიცნოთ. მინდა, რომ რეიტინგული გადაცემა გვქონდეს და ბევრი მაყურებელი გვყავდეს.
--------------------
ფორუმი გამოაღეთ - გავანიავოთ!
|