ვდებ ჭიკაიძის ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას მათთვის, ვისაც გაზეთი არ წაუკითხავს
"პრაიმტაიმის" ექსკლუზიური ინტერვიუ შინაგან საქმეთა მინისტრთან საკმაოდ სკანდალურიც აღმოჩნდა... ჩვენთან საუბრისას ალექსანდრე ჭიკაიძე ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობს... რა ინფორმაციას ფლობს ქვეყნის პირველი პოლიციელი? ვინ და როდის გეგმავს მასობრივი გამოსვლების დაწყებას? რას ყვება თათუხაშვილის გახმაურებულ საქმეზე, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის, ასევე ქურდულ სამყაროსთან და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ? ამ და სხვა აქტუალურ თემებზე გთავაზობთ "პრაიმტაიმის" ექსკლუზიურ ინტერვიუს შინაგან საქმეთა მინისტრ, ალექსანდრე ჭიკაიძესთან.
– პირველ რიგში, მინდა, გკითხოთ, რამდენად დეპოლიტიზებულია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო? მიუხედავად თქვენი მტკიცებისა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ოპონენტები მაინც ირწმუნებიან, რომ მთელი რიგი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია...
– ამ შენიშვნას ნამდვილად ვერ მივიღებ. ზოგადი საუბარი ერთია და მეორეა კონკრეტული ფაქტები. ფაქტი კი არის ის, რომ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკური ნიშნით არავინ დაგვიკავებია, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო. კანონის წინაშე ყველა თანაბარია, როგორც ჩვენი მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. მიზანშეუწონლად მიმაჩნია ამ თემებით სპეკულირება. არათუ დაკავება, თანამდებობაზე დანიშვნაც კი არ ხდება პოლიტიკური ნიშნით, შსს აღარავის დევნის პოლიტიკური ნიშნით და არ ასრულებს რომელიმე პოლიტიკური ძალის დაკვეთას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს მოქალაქეებს და ვფიქრობ, წარმატებითაც.
– ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები და საინტერესოა, რა ფორმით ჩაერთვება შსს ამ პროცესში? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ გასულ წლებში მუდმივად იყო ბრალდებები, თითქოს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი, მთელი თავისი რესურსით, ჩართული იყო ნებისმიერი ტიპის საარჩევნო პროცესში...
– პოლიცია გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების დღეს მოხდება კანონდარღვევები, ინციდენტები... ჩვენ უზრუნველვყოფთ საარჩევნო გარემოს უსაფრთხოებას და ამის მაგალითი იყო წინა არჩევნებიც. არანაირი ჩარევა პოლიციის მხრიდან არ ყოფილა, ასე იქნება ადგილობრივი არჩევნების დროსაც. ყველა ადამიანს ექნება საკუთარი ნების თავისუფლად, უსაფრთხო გარემოში გამოხატვის შესაძლებლობა და ამის გამო მის დევნას არავინ დაიწყებს. სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდებოდა წინა წლებში. იგივე 2012 წლის არჩევნებზე, მთელი სამინისტრო, სახელმწიფო რესურსი ჩართული იყო იმ მიზნით, რომ მოქალაქეების თავისუფალი ნება შეზღუდულიყო.
– "ნაციონალური მოძრაობა" ხშირად აკეთებს მინიშნებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, საქართველოში განმეორდეს ევრომაიდანის მოვლენები... ხედავთ თუ არა ამის ალბათობას და როგორ იმოქმედებს პოლიცია უკრაინული სცენარის შემთხვევაში?
– რაც უკრაინაში მოხდა, განაპირობა იმან, რომ იქ ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებზე, რაც საქართველოში არ შეიმჩნევა, პირიქით, ივნისში ჩვენ ხელს ვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას და ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან. რა მიზნითაც უკრაინაში ევრომაიდანი მოხდა, ჩვენთან ამის წინაპირობა ნამდვილად არ არის. წინა წლებთან შედარებით 200 და 300 პროცენტით მეტადაა დაცული ადამიანის უფლებები, მათი პირადი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულებები და ა.შ. თუმცა არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ არსებობს გარკვეული ინფორმაციები. როგორც იცით, ყოფილმა პრეზიდენტმაც გააჟღერა ევრომაიდანის იდეა და ამბობენ, რომ ეს თემა პარტიის შიგნითაც აქტიურად განიხილება. არის ინფორმაციები, რომ დაიწყეს საბურავების ყიდვაც.
http://primetimenews.ge/?page=3&news_id=26689სრულად