ინტერვიუ ამერიკაში მოღვაწე ცნობილ ქართველ ჟურნალისტთან ზურაბ მჭედლიშვილთან.
- აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება და პოლიტიკური ტემპერატურაც, ბუნებრივია, პიკს აღწევს. როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო კამპანიას და დებატებს? როგორია საზოგადოების განწყობა ამ დროისთვის?
- ახლა, როცა უკან დარჩა ტრადიციული დებატები და პოლიტიკურმა ვნებებმაც მართლაცდა პიკს მიაღწია, დამკვირვებლებს ჯერ კიდევ ვერ გამოაქვთ საბოლოო განაჩენი, ზოგიერთი "მკითხავის" გარდა, რომლებიც უკვე ხედავენ ობამას მეორე ვადით თეთრ სახლში, ერთი რაუნდის წაგებისა და ორის მოგებიდან გამომდინარე, მაგრამ "ავიწყდებათ" თუ როგორ წააგო ობამამ პირველი დებატები და როგორ მოიგო დანარჩენი ორი. წააგო გამანადგურებლად, "ნოკ-დაუნით" და მოიგო ქულებით, ეს ფაქტია! თანაც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატების შეჯამებისას, საზოგადოებრიობის აზრი ორად გაიყო - პირველნი აცხადებენ, რომ დებატები ფრედ დამთავრდა, მეორენი კი აღიარებენ რაიანის გამარჯვებას! ახლა კი, კონკრეტულად: ვიტყვი, რომ დებატები არჩევნები არ არის და ელექტორატის 73-74%-ს, როგორც მრავალრიცხოვანი კვლევები ადასტურებს, არჩევანი უკვე თვე-თვენახევრის წინ აქვს გაკეთებული. ბრძოლა კი დამოუკიდებელი და ჯერ კიდევ მერყევი ამომრჩევლის ხმებისთვისაა გაჩაღებული, რომლებიც გადაწყვეტილებას სწორედაც რომ დებატების შედეგებიდან გამომდინერე, ან უშუალოდ არჩევნების დღეს მიიღებენ. შეიძლება, ტენდენციურად მოგეჩვენოთ ის, რასაც ქვემოთ მოგახსენებთ, მაგრამ ობამას გამარჯვების, გნებავთ ტრიუმფის შემთხვევაშიც კი, არც ერთ ჩემს სიტყვას და მოსაზრებას არ წავიღებ უკან! "რეცესია - არის ის, როცა სამუშაო დაკარგა თქვენმა მეზობელმა! დეპრესია - არის ის, როცა სამუშაო დაკარგეთ თქვენ! ეკონომიკური გაჯანსაღება კი გახლავთ ის, როცა სამსახურს დაკარგავს პრეზიდენტი ჯიმი კარტერი!"'რონალდ რეიგანის ამ სიტყვებს ხშირად იხსენებენ დღესაც პრეზიდენტ ობამას ოპონენტები და აბსოლუტურად ვეთანხმები მათ, რადგან დიდი ხანია, არ მდგარა ეკონომიკური პრობლემები ამერიკელი ხალხისთვის ისე მძაფრად, როგორც ამჟამად. ამიტომაც უწოდებენ 6 ნოემბერის საპრეზიდენტო არჩევნებს "ეკონომიკურ არჩევნებს"! ამასთან, ამ არჩევნების შედეგები, ბუნებრივია, იმოქმედებს მსოფლიოსა და შეერთებულ შტატებში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე. ეს მით უფრო აქტუალურია, რომ სწორედ ამერიკაში არსებული და მომავალი შიდაპოლიტიკურ-ეკონომიკური, ფინანსური ვითარება, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ამ ქვეყნის პოლიტიკის პერსპექტივას გლობალური, თუ ლოკალური გამოწვევების, ამა თუ იმ რეგიონის და სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს მიმართაც! ეს რომ ასეა უკვე და იქნება მომავალშიც, მე პირადად ეჭვი აღარ მეპარება და აღარც იმის ილუზია მაქვს, რომ ვაშინგტონის საგარეო-პოლიტიკური სტრატეგია "სამარადჟამოდ"'უცვლელი იქნება იმისდა მიუხედავად, ვინ იჯდება თეთრ სახლში - დემოკრატი თუ რესპუბლიკელი, სუსტი, თუ საშუალო "გაქანების" პრეზიდენტი. სუსტებისა და საშუალოების დრო უნდა წავიდეს, რადგან ამერიკას ახალი'რონალდ რეიგანი ჰაერივით სჭირდება, ისევე როგორც ბრიტანეთს - ახალი''მარგარეტ ტეტჩერი (შოტლანდიაში მიმდინარე სეპარატისტული პროცესებიც ამის უტყუარი დასტურია), ორივე ერთად კი, მთელ ევროპას და დანარჩენ მსოფლიოსაც და თანაც, მოკლევადიან პერსპექტივაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკა დაკარგავს ერთადერთი ზესახელმწიფოს იმიჯსა და ავტორიტეტს, რისი ნიშნებიც უკვე სახეზეა, ეკონომიკურ ძლიერებასაც, მსოფლიო "ჟანდარმის" ფუნქციასაც ("ჟანდარმი" რა თქმა უნდა, კარგი გაგებით) და რა უბედურებები შეიძლება, მოჰყვეს შემდეგ ამას მთელს პლანეტაზე, მაგალითები უახლესი ისტორიიდანაც შეგვიძლია გავიხსენოთ...
- რა გაძლევთ ასეთი პესიმისტური დასკვნების საფუძველს?
- უწინარესად ის, რომ პრეზიდენტ ობამას საშინაო და განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ისიც, რომ სახეზეა კრიზისი საკუთრივ ამერიკის საზოგადოებრიობაში. საქართველოდან შეიძლება ეს არ ჩანს, მაგრამ ვინც ხანგრძლივი დროით ცხოვრობს აქ და ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს, ის დამეთანხმება. ვერც კი წარმოვიდგენდი და ამას გადაუჭარბებლად გეუბნებით, რომ 21-ე საუკუნეში, აქ, ამერიკაში, ალბათ, გაგიკვირდებათ, მარქსიზმ-ლენინიზმის ჭირის გამოვლინებებს გადავაწყდებოდი. მთელი ეს "ბარდაკი"''(მომიტევეთ ამ რუსული სიტყვისთვის, რადგან სხვას ვერაფერს მივუსადაგებ რისი მოწმეც ვარ) დაიწყო ობამას თეთრ სახლში მისვლისთანავე, 2009 წლის იანვარში, როცა აშკარა გახდა მისი სოციალისტური ზრახვანი და რეალური ქმედებანი, - დაწყებული ჯანდაცვის უვარგისი და უძვირესი რეფორმიდან (ერთ ტრილიონ დოლარზე მეტი ჯდება), რაც პრაქტიკულად, ამ დარგის სრულ ნაციონალიზაციას ისახავს მიზნად და რასაც მკვეთრად უარყოფითად აფასებენ მედპერსონალის უზარმაზარ არმიაში, (რეფორმას ხალხი ირონიულად უწოდებს "OBAMACARE"-ს, რაც ქართულად შეიძლება, ითარგმნოს, როგორც "ობამამზრუნველობა"); ავტოინდუსტრიის გიგანტის "ჯენერალ მოტორსის" და "კრაისლერის" ნაციონალიზაციით; გადასახადების მომატებით და შესაბამისად, საწვავსა და სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდით (ამას მეც ვგრძნობ საკუთარ ტყავზე); საბანკო-საფინანსო სფეროში მთავრობის ჩარევისა და გავლენის გაძლიერების მცდელობით; 16 ტრილიონი დოლარის საგარეო ვალით, (2008 წელს ეს ვალი სამი ტრილიონი იყო) და ოფიციალური მონაცემებით, 13 მილიონი უმუშევრით დამთავრებული, თუმცა მიტ რომნი და რესპუბლიკელები ირწმუნებიან, რომ სადღეისოდ სამსახურს ეძებს თითქმის 23 მილიონი ადამიანი და როცა დებატებისას რომნი გამუდმებით იმეორებდა ამ ციფრს, ობამა ვერაფერ საწინააღმდეგო არგუმენტს ვერ უპირისპირებდა. ობამას პრეზიდენტობის მანძილზე უმუშევრობა სტაბილურად უკაკუნებდა 8,5-9%-ს. მხოლოდ დებატების დღეებში გამოაცხადა შრომის სამინისტრომ, რომ უმუშევართა რაოდენობა 8%-ს ჩამოსცდაო (ეს გახლავთ პროპაგანდის მიზნით ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კლასიკური ამერიკული მაგალითი), თუმცა ამ ციფრს ბევრი ექსპერტი ეჭვის თვალით უყურებს რიგი მიზეზების გამო, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს; ყველაფერ ამას დავუმატოთ საკუთრივ ობამას მხრიდან ყველა ჯურის ე.წ. ლიბერალურ-მემარცხენე, ისლამური, ანტისემიტური და თვით ანტიამერიკული ორგანიზაციების წახალისება და ა.შ. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ მან მხარი დაუჭირა "გრაუნდ ზეროუს"' მახლობლად ისლამური კულტურის ცენტრის შექმნასა და მეჩეთის მშენებლობას (მხოლოდ ამერიკელი და უწინარესად ნიუ-იორკის საზოგადოებრიობის სასტიკი პროტესტის შედეგად აიღეს ხელი ამ განზრახვაზე ადგილობრივმა ისლამისტ-"ბიზნესმენებმა"), ეგვიპტეში ვიზიტისას კი, კაიროს უნივერსიტეტში გამოსვლისას და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში ტურნეს დროსაც, ბოდიში მოუხადა მსოფლიო მუსლიმანებს, "ამერიკის მიერ მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობების" გამო (!). მიტ რომნიმ ობამას ამ ქმედებას სამართლიანად უწოდა "ბოდიშის გასტროლები!" მისთვის დღემდე ვერ უპატიებიათ ისიც, რომ საუდის არაბეთის მეფის წინაშე ქედი მოიხარა და თაყვანი სცა. ამასთან, როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკამ უარი უნდა თქვას ერთადერთი ზესახელმწიფოს ამბიციებზე და უნდა გადაიქცეს რიგით პარტნიორად სხვა ქვეყნებთან მიმართებაში (თითქოს, შეერთებული შტატები რაიმეს აიძულებდეს ჭეშმარიტად დემოკრატიულ და მეგობარ ქვეყნებს) და ეს მაშინ, როცა კიდევ ათწლეული რუსეთში პუტინი იქნება თავისი "ევრაზიული ვნებებით" და ობამა-კლინტონის მიერ ფართოდ აფიშირებული "გადატვირთვის" პოლიტიკისადმი მიფურთხებით; როცა ჩინეთი ფანტასტიკური ტემპებით ძლიერდება; როცა არავინ იცის, რას მოიტანს კიდევ პერსპექტივაში ე.წ. "არაბული გაზაფხული"'(ეგვიპტის ხელისუფლებაში ხომ მოვიდნენ "ძმები მუსლიმანები" და ხომ მოკლეს ამერიკის ელჩი სამი თანამშრომლიანად ბენგაზიში); როცა არავინ იცის, რა ბედი ელით კრიზისით მოცულ ევროკავშირისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს; როცა ხვალ-ზეგ ირანს ბირთვული იარაღი ექნება, ასეთ დროს, მსგავსი განცხადებების კეთება და საუბედუროდ, ქმედებაც, კარგს არაფერს უქადის მსოფლიოსაც და საკუთრივ, შეერთებულ შტატებსაც! ორი წლის წინ, 2010 წლის 9 ნოემბერს, თქვენი სააგენტოსთვის მოცემულ ინტერვიუში ვამბობდი, რომ ობამას ადმინისტრაცია ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს თეირანთან-თქო, ჩემი ნათქვამი ზოგიერთ ქართველ "ექსპერტს" სასაცილოდ არ ეყო და აი, რამდენიმე დღის წინ აგორდა სკანდალი, როცა "იუ-იორკ ტაიმსმა" გაავრცელა ინფორმაცია, სადაც შავით თეთრზეა დაფიქსირებული, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიმდინარეობდა ფარული მოლაპარაკებები, სადაც ფაქტობრივად, შეთანხმდნენ ორმხრივი (ანუ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისა და ე.წ. ექვსეულის გვერდის ავლით), პირისპირ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე. წინასწარი შეთანხმებით, ვაშინგტონი მკვეთრად შეუმცირებდა, ან საერთოდ მოუხსნიდა ირანს სანქციებს, სამაგიეროდ თეირანი არ მოახდენდა ურანის გამდიდრების ფორსირებას! ყოველივე ზემოთთქმული გახლდათ ამჟამინდელი დებატების მთავარი თემები და მიტ რომნის მიერ ჯიქურ დასმულ შეკითხვებს ობამა ჩვეული დემაგოგიითა და შემხვედრი ბრალდებებით პასუხობდა, ტყუოდა კიდეც, თუნდაც იმავე ირანთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და გაზეთს ადანაშაულებდა სიცრუეში: აგრესიულად იცავდა საკუთარ გადაწყვეტილებებს, რომნის ბრალს სდებდა ეკონომიკის არცოდნაში, თითქოს რომნი ყოფილიყოს დამნაშავე დღეს შექმნილ ვითარებაში და მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორობისას ჩადენილ "ცოდვებს" უხსენებდა. არადა, სინამდვილეში, რომნი საკმაოდ წარმატებული და პოპულარული გუბერნატორი გახლდათ, რომელიც შესანიშნავად მუშაობდა შტატის საკანონმდებლო ორგანოსთან (ლეგისლატურა), სადაც 85% დემოკრატები იყვნენ წარმოდგენილი. მანამდე კი უაღრესად წარმატებული და ეკონომიკაში კარგად გარკვეული ბიზნესმენი იყო. ამით იმის თქმა არ მსურს, რომ რომნი ფრთაშესხმული ანგელოზია. ობამას მსგავსად რამდენჯერმე ტყულიც იკადრა და კარგადაც იდემაგოგა, მაგრამ ეს ამერიკული წინასაარჩევნო კამპანიისთვის დამახასიათებელია და შეგუებულია ხალხი. თანაც, რომნის არ აწევს მხრებზე ისეთი პასუხისმგებლობა, როგორც პრეზიდენტს. საგულისხმოა, რომ პირველად სწორედ რომნიმ განახორციელა გუბერნატორობისას ჯანდაცვის რეფორმა მასაჩუსეტსის შტატში და თანაც ისე, რომ არც ბიზნემენები დაუზარალებია, არც გადასახადები გაუზრდია, არც მწვავე დეფიციტი შეუქმნია შტატის ბიუჯეტისთვის და ხალხიც დღემდე ემადლიერება. ობამამ და 2008-2010 წლებში დემოკრატთა მიერ კონტროლირებულმა კონგრესმა რომნის რეფორმა გადაიღეს და დამახინჯებული სახით დააკანონეს მთელი ქვეყნისთვის, რაც იყო კიდეც ერთ-ერთ მთავარი მიზეზი 2010 წლის კონგრესის არჩევნებისას დემოკრატთა მარცხისა. ...
სრული ინტერვიუ ამ ლინკზეა (ხაზგასმულად და გამოკვეთილად-საინტერესოა

)
http://pirweli.com.ge/?menuid=16&id=18595
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...