გელა ჯაბუშანური, პოეტი, ხევსურეთიდან, არხოტიდან. ცნობილი ხევსური პოეტის - გაბრიელ ჯაბუშანურის უმცროსი ძმა.
აქვს გამოცემული რამოდენიმე პოეტური კრებული.
დაიბადა 1949 წელს.
გარადაიცვალა 2015 წელს, 2 თებერვალს...

ნაბუდარი
მთებს ისევ მკერდზე აყრია
მათი ძახილის ექონი,
ვეღარსად ნახავ მაყრიონს,
აღარც დევების ფეხონი,
ბალახში იმალებიან
ბილიკნი საცალფეხონი.
ნეტავ ასე რად დავემხეთ,
სად გაგვიფრინდა ქედანი,
აღარსად მოყმე და ვეფხი,
აღარსად მათნი დედანი,
უწევს ღირსებით მორთული
არხოტს არხოტის ცხედარი,
ასა კი ყეფით გართული
მირბის,მიხტის და მხნედ არი.
ქვითკირის კუთხზე ჭოტი ზის,
ქედზე ზის ნისლი - მხედარი.
***
ზამთარი
ფოთოლთ ლაშქარი ფარფატს ამთავრებს,
ხოლო ძახველი განაგრძობს ბრწყინვას.
თეთრი დათვივით წვება ზამთარი
და გათოშილი კანკალებს ყინვა.
მაშინ არ მზვერავს მაჩვი საფრიდან,
ვითმენ და ვისმენ ქარბუქის ნათხრობს;
ჩალა გაზიდეს, ჩხიკვიც გაფრინდა,
დავრჩი მარტოკა და ჩემს თავს ვაფრთხობ.
***
ახიელის ციხის მონოლოგი
წავიდნენ ძველი შვილები,
ლექსი წაიღეს საგზლად.
ტყუილად ვეშიმშილები,
შორეთს გაუდგნენ – სხვა გზას.
მთა გდაიფრინეს მართვეთა.
ბარში ანთებენ კოცონს.
თუ შერჩათ ის შემართება,
რომ მონატრება კოცნონ.
ვიგონებ ანას სტუმრობას
დაურვებული რაშით;
სევდით ნავსები ურმებით,
ვერცხლის სიმებით თმაში.
ნიავთან ანცობს გვირილა,
აღვივებს მიმქრალ ხალისს.
ჭიმღიდან ისმის ყვირილი
უღელდაუდგამი ხარის.
***
შეუსრულებელი თხოვნა
(მარია მარტინიუკს)
გამომყვა მზერა და ეს სიტყვები:
,,ხომ გამიხსენებ, სევდის გარეშე;
სულ სხვა განცდებით დაისეტყვები,
როცა ჩაცხრება გზების თარეში’’.
შენთან დარჩენას აღარ ვეცადე,
რადგან მეგონე ტკბილი სახადი...
მივდიოდი და კარგად ვიცოდი,
რომ ჩვენ ერთმანეთს ვეღარ ვნახავდით.
გვიან გამძაფრდა შენით დათრობა,
როს დადგა ჟამი ფერისცვალების.
ჩემს გრძელ ზამთარში მუდამ მათბობდა
მწვანე ზაფხული შენი თვალების.
დღის პაპანება როცა სულს ღაფავს
და ლურჯში დნება ბოლო სხივთ წნული,
ალბათ, შვილიშვილს უყვები ზღაპარს,
როგორ გაექცა ბედს უფლისწული.
ჯვრიდან თავი ვერ გარდმოვიხსენი,
სიცოხლის ძაფიც აღარ მიწყდება,
შენ ვერასოდეს ვერ გაგიხსენე,
რადგან წუთითაც არ მავიწყდები.
***
გაბრიელთან
(პანთეონში)
ნუთუ ბრმასავით კვლავ ივლი,
გზადაკარგულო ყმაწვილო,
რად მინდა ერთი ყვავილი,
ლადოს რა გავუნაწილო.
წადი იმ მხარეს, არ გაწყრეს
(თორემ ვაჟასთან მიჩივლებს),
სად მთებზე მთები დავაწყვე,
ასა კი უყეფს მის ჩრდილებს.
მე ვარ ქორბუდას ყვირილი,
უხილავი და უტანო;
ასას მიეცი გვირილა,
მან იცის ვის მიუტანოს.
***
ბედის კორიდა
•••
(„ყივჩაღის“ გადმოძახება)
ჩემში აყვირდა ველური ხარი,
ბნელში მაგუბეს ტრამალის ქარი;
აი, გაიხსნა არენის კარი,
მიწვევს სიკვდილი – ის შენი ქმარი.
ორივეს შენსკენ გაგვექცა თვალი,
მერე დავატყდი, ვით ქარიშხალი;
მას აედევნა წითელი კვალი,
მაინც მოასწრო, გადმომკრა ხმალი.
მზემ ჩვენი სისხლი უცებ მოხალა,
მწყურვალმა ქვიშამ მოითქვა სული.
ისევ გეძახი, კვალავ არ მოხველი
და მომავალში წვება წარსული.
ჩემო რაყიფო, ჩემებრ ნადაგო,
მე და შენ ერთი უღელი გვედგა...
დავლიეთ ერთივ ბაგეთ ბადაგი,
ნეტავი, ერთად სიმღერა გვეთქვა.
შენ კი, ნაქურდალ კოცნათ მომკალო,
რად შეგაცბუნა იმ ერთმა მხოლოდ...
ათასმერთედ აქაც მომკალი,
როგორც ათასჯერ მუხრანის ბოლოს.
ველური ტრფობის მე ვარ ის მცველი,
პოეტთა დასი რომ დააფეთა...
კვლავ დავბრუნდები შეკითხვით – ძველით,
„რომელ ქარიშხალს ჩამოტყდი, ნეტავ.“
გელა ჯაბუშანური
This post has been edited by Bobgure on 5 Feb 2015, 19:27