ფაქტ-მეტრი - კახა კუკავას განცხადება ტყუილი აღმოჩნდა
17:06 30-06-2014
ფაქტ-მეტრი - კახა კუკავას განცხადება ტყუილი აღმოჩნდა ფაქტ-მეტრმა გასულ კვირას თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კუკავას განცხადება გადაამოწმა, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფაქტ-მეტრიდან აცნობეს, წინასაარჩევნო დებატებისას კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამით ახალი საწარმოები გაიხსნა. კახა კუკავამ უარყო ნარმანიას განცხადება და დასძინა, რომ ამ პროგრამით არც ერთი ახალი საწარმო არ გახსნილა.
ფაქტ–მეტრმა აღნიშნული ფაქტი გადაამოწმა. გაირკვა, რომ "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ერთი წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის 4 აპრილის მონაცემებით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში უკვე გაცემულია 318 000 000 ლარის ოდენობის, 14 100 შეღავათიანი აგროკრედიტი. ერთი წლის მანძილზე 70 ახალი და 400-ზე მეტი უკვე არსებული საწარმოს გაფართოება-გადაიარაღება დაფინანსდა.
გასული წლის ოქტომბერში, ფაქტ-მეტრმა იმ დროისთვის საჯარო რეესტრში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული თითქმის ყველა საწარმოს რეგისტრაციის თარიღი გადაამოწმა. 2013 წლის ოქტომბრის მონაცემით, ამ პროექტის ფარგლებში 49 საწარმო იყო დაფინანსებული. ამ საწარმოებიდან 17, 2012-2013 წლებში რეგისტრირებული აღმოჩნდა, დანარჩენი 32 კი წინა წლებში. 17-მა საწარმომ საქმიანობა შეღავათიანი აგროკრედიტის მიღების შედეგად წამოიწყო, ე.ი 17 ახალი საწარმო გაიხსნა.
მათ ასევე გააანალიზეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ოფიციალური მონაცემები ახლად გახსნილი საწარმოების შესახებ. ამ მონაცემის მიხედვითაც რამდენიმე საწარმო "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღმოჩნდა გახსნილი.
გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ყველა საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ამოქმედების შემდეგ (ე.ი. არა 2013 წელს) არ არის შექმნილი, არ ნიშნავს, რომ ამ საწარმოების მიერ განხორციელებული საქმიანობა არ შეიძლება ჩაითვალოს სტარტ-უპ-ად, ვინაიდან სტარტ-უპ აუცილებლად ახლად რეგისტრირებულ საწარმოს არ ნიშნავს. საწარმო შეიძლება არსებობდა, მაგრამ მან აღებული კრედიტის საშუალებით წამოიწყო ახალი საქმე. ანუ, საწარმო შეიძლება იყოს წლების წინ დარეგისტრირებული, მაგრამ მისი საქმიანობა იყოს ახალი. ჩვენს მიერ გაანალიზებულმა ყველა საწარმომ დაფინანსება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიიღო და საქმიანობა წამოიწყო, ან განაახლა.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, ფაქტ–მეტრმა დაასკვნა, რომ კახა კუკავას განცხადება არის ტყუილი.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...aghmochnda.html