ბესო გუგუშვილი ის ტრაგიკული ადამიანია, რომელიც უანგარო ერთგულებისათვის დაისაჯა და ისჯება ახლაც...
ამ ადამიანმა მოკლე პერიოდი გაატარა ხელისუფლებაში პრემიერ მინისტრის პოსტზე, ამ პერიოდზე არ მახსენდება არანაირი ნეგატიური ინფორმაცია მის შესახებ. რაც შეეხება დევნილობის პერიოდს, ბესო გუგუშვილმა რაც გადაიტანა, გამსახურდიას დაცვის წევრებთან ერთად, იმის მეათასედი არ გადაუტანია არცერთ ე.წ. თავგადაკლულ ზვიადისტს, რომელთა ნაწილმაც, სხვადასხვა პერიოდში ამ ზვიადისტობით ხელიც კი მოითბო...
ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე დევნილი პრეზიდენტის გვერდით იყო, მის მკვლელობაში მხოლოდ იმიტომ დაადანაშაულეს, რომ 1. გამსახურდიას არ ჰქონოდა თვითმკვლელის სახელი და 2. მის ცოლს საფუძველი ჰქონოდა, თავი შევარდნაძის რეჟიმის მსხვერპლად გამოეცხადებინა.
სწორედ ამიტომ არ მოხდა გამსახურდიას ნეშთის პირველი ექსპერტიზის შედეგების გამოქვეყნება. ამ შედეგების მიხედვით გამსახურდიამ თავი მოიკლა, რასაც მე პირადად გმირულ ნაბიჯად ვუთვლი, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მან საკუთარი შეცდომების გაანალიზების შედეგად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
მანანა არჩვაძემ მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე იცოდა და ექსპერტიზის დასკვნასაც იცნობდა, გამსახურდიას უკანასკნელი ერთგული თანამებრძოლი მკვლელობაში დაადანაშაულა... მიზეზი: მესამე აბზაცში წერია.
ბესო გუგუშვილი პირველ რიგში მისი ერთგულებისა და თავგანწირვისათვის არის დასაფასებელი და პატივსაცემი. ასეთი ქართველები სამწუხაროდ თითქმის აღარ არიაან...
ადვილი წარმოსადგენია მისი სულიერი მდგომარეობა დღეს... როდესაც მის მიერ ნაერთგულები ადამიანის ოჯახი მას მკვლელობაში ბრალს დებს... კოკოშა გამსახურდიამაც ვერ შეძლო უარი ეთქვა ცდუნებაზე და მისი ხელმძღვანელობით მოქმედმა საპარლამენტო კომისიამაც ფაქტიურად მკვლელად ბესო გუგუშვილი გამოაცხადა... 21 წელი დევნილობაში და ემიგრაციაში... გასათვალისწინებელია მისი ასაკიც... წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას და ისე განსაჯეთ...
რაც შეეხება ჟვანიას, მან ის მიიღო რაც დაიმსახურა, ისეთივე ჭორ-მართალი ირევა მისი სიკვდილის თემაზე, რასაც თავად უვრცელებდა სხვას... გაიხსენეთ გიორგი სანაია... რომლის მკვლელობის თემასაც სათავისოდ გამოყენებას ცდილობდა ჟვანია... ამის გარდა ბევრი ბინძური საქმეა მის გარშემო, რომელიც თანდათან ამოტივტივდება და დროთა განმავლობაში სწორი შეფასება მიეცემა... ამდენად არ მიკვირს ბესო გუგუშვილის დამოკიდებულება ჟვანიას პერსონის მიმართ... თუმცა მეც ვთვლი, რომ სჯობდა თავი შეეკავებინა საკუთარ ფბ-ზე მსგავსი განცხადებების გაკეთებისაგან...
აქვე ვიტყვი, რომ ბესო გუგუშვილმა ემიგრაციაში შექმნა ულამაზესი BPG სერიის ქართული ფონტები, რომელსაც ალბათ ყველა ჩვენგანი ყოველდღიურად ვიყენებთ, ისე რომ მისი ავტორის ვინაობა არც კი ვიცით. მისი შექმნილი ფონტები გამოიყენება ვინდოუსში (შეგიძლიათ დააყენოთ მახინჯი სილფაენის ნაცვლად), ლინუქსში, მაკინტოშში და ანდროიდ სისტემებში, რომელიც ასევე ლინუქსის მობილური ვერსიაა.
მისი შექმნილ ყველა ფონტი არის, უაღრესად დახვეწილი და ლამაზი. მე პირადად მადლობას ვუხდი მას ამ შესანიშნავი ფონტებისათვის.
http://bpgfonts.wordpress.com/2012/12/06/bpg-typewriter-a/და მადლობას ვუხდი იმ თავგანწირული ერთგულებისათვის, რომელიც მან დევნილი პრეზიდენტის მიმართ აჩვენა. გავა დრო და მის აუცილებლად დააფასებს საქართველო და ეს მოხდება მაშინ, როცა ერთგულება დაფასდება საქართველოში...
P.S. ყოველი შემთხვევისათვის აქვე განვმარტავ, რომ ე.წ. ზვიადისტი არც ვარ და არც არასოდეს ვყოფილვარ. უფრო მეტიც 1990 წლიდან (გამსახურდიას აღზევებიდან) ვიდრე გამსახურდიას განდევნამდე შეურიგებელ ანტიზვიადისტად ვითვლებოდი, ხოლო განდევნის შემდეგ რიგითი ზვიადისტების უსამართლო დევნისაგან დამცველად... ეს ისე მცდარი დასკვნებისაგან თავის დაზღვევისათვის...