საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო შეიქმნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის კანცელარიიდან აცნობეს, საბჭოს ხელმძღვანელად 35 წლის მინდია ჯანელიძე ინიშნება.
მინდია ჯანელიძეს დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, კონტრმზვერავი/იურისტი - სამართალმცოდნეს სპეციალობით, დამატებითი სპეციალური განათლება მიღებული აქვს დასავლეთის ქვეყნებში.
საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში კარიერა დაიწყო ოპერატიული თანამშრომლის პოზიციიდან, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, იყო ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსი, 2012 წლიდან კი ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
მინდია ჯანელიძე, სამხედრო წოდებით, არის ვიცე-პოლკოვნიკი, მიღებული აქვს ღირსების ორდენი და ასევე უწყებრივი ჯილდო - მედალი "მაღალი პროფესიონალიზმისთვის". ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ საქართველო მმართველობის ახალ, საპარლამენტო სისტემაზე გადავიდა, რომლის შედეგადაც პარლამენტი მთავრობის მეშვეობით ახორციელებს ხელისუფლებას. შესაბამისად, პოლიტიკის განსაზღვრის ვალდებულება დაეკისრა პრემიერ-მინისტრსა და მის კაბინეტს, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავრობის მიერ ახალი კონსტიტუციის ფარგლებში დაკისრებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების ეფექტური და ოპერატიული განხორციელებისთვის შეიქმნა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.
საბჭო წარმოდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს და უშუალოდ ექვემდებარება მას. საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საბჭოს საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს სამდივნო, რომელიც საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულია. საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი.
საბჭოს მდივანი ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე, იგი სამსახურებრივად ექვემდებარება საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს.
საბჭოს შემადგენლობაა: საბჭოს თავმჯდომარე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი; საბჭოს წევრები არიან: უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; საქართველოს თავდაცვის მინისტრი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
დღემდე საქართველოში ანალოგიური სტრუქტურა არ არსებობდა. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნა ეფუძნება საქართველოს პარტნიორი ქვეყნების: აშშ, ბრიტანეთი და ისრაელის გამოცდილებას. იგი შექმნილია ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე; აგრეთვე ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე ხმის უფლებით შეიძლება მოწვეული იქნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.
საბჭოს სამდივნოს შემადგენლობაშია კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრი, რომელიც კრიზისული სიტუაციების დროს (ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფა, შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობა, სტიქიური კატაკლიზმები და სხვა სახის კრიზისი) გადადის პრემიერ-მინისტრის პირდაპირ დაქვემდებარებაში.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...o-sheiqmna.htmlრა ხდება მთავრობაში და ზოგადად კოალიციაში? უშიშროების საბჭო არსებობს, ახლა ქმნიან იგივე სტრუქტურას იგივე ფუნქციებით და სხვა დასახელებებით, თან მთავრობის დადგენილებით, დააკვირდით ფუნქციას:
"ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად."
ფაქტია უშიშროების საბჭოს პარალელური სტრუქტურა იქმნება, რა საჭიროა ეს ყველაფერი? რადგნა იმერლიშვილს არ ენდობა ვინმე?
რადგან კოალიციაა რას ნიშნავს ეს, ყველა პარტიამ თავის ამბავში ცალკე სტრუქტურა უნდა შექმნას? ირაკლი არ გინდა სახელმწიფობანას თამაშს მოეშვა და ცოტა სერიოზულად მიუდგე და პრინციპულად საკითხებს?
ვის ატყუებთ, საკუთარ თავს თუ ხალხს თუ ორივეს ერთად?