გიგი უგულავა რამდენიმე მილიონი ამერიკული დოლარის მფლობელია
on 21/12/2013
images
„გიგი უგულავა არის ადამიანი, რომელიც თბილისს „ნაციონალური მოძრაობის“ ყულაბისთვის ახურდავებდა. აქ ერთ მილიონზე საუბარი არ არის, ის რამდენიმე მილიონი ამერიკული დოლარის მფლობელია”, – ამის შესახებ „ტელეგრაფს“ ყოფილმა პარლამენტარმა რომან კუსიანმა განუცხადა. კუსიანის ინფორმაციით, ის თავად არის ნამყოფი ტაბახმელაში, გიგი უგულავას მშენებარე რეზიდენციაში, სადაც ე.წ. მიწისქვეშა ბუნკერებია ჩაშენებული. ის აბსურდულად მიიჩნევს ფაქტს, რომ ტაბახმელაში მშენებარე რეზიდენცია დედაქალაქის მერმა საკუთარი ხელფასით ააშენებინა.
„გიგი უგულავა რამდენიმე მილიონის მფლობელია. ის, რასაც დედაქალაქის მერი ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რეალური თანხა არ არის. ის გაცილებით მეტ ქონებას ფლობს. მე პირადად, 2010 წელს, ტაბახმელაში, მშენებარე რეზიდენციასთან, ერთ-ერთი აქციაზე ვიმყოფებოდი და საკუთარი თვალით ვნახე მისი მიწისქვეშა ბუნკერები. არ მგონია, იმ სახლის მშენებლობისთვის გიგი უგულავას 95 400.00 ლარი დაეხარჯა, იმ მშენებლობისთვის გაცილებით დიდი თანხებია დახარჯული“, – აცხადებს რომან კუსიანი.
ყოფილი პარლამენტარი ექსპერტების იმ კვლევაზეც საუბრობს, სადაც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა 4 მილიარდი აშშ დოლარი „შავი ფული“ დააგროვეს.
„გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს 4 მილიარდი აშშ დოლარი შავი ფული გააკეთა, ამ 4 მილიარდიდან დედაქალაქის მერს საკმაოდ სოლიდური თანხა ეკუთვნის. მან ამ 4 მილიარდის უკანონოდ მითვისებაში თავისი წვლილი შეიტანა. მან საკმაოდ დიდი წილიც მიიღო. ეს ფული 7-10 -კაციან ჯგუფში „გატყდა“. რაც შეეხება თანხას, რასაც უგულავა ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, ძალიან აბსურდულია. იმდენად აბსურდია, რომ მიახლოებული ციფრიც კი არ არის იმ თანხასთან, რა ქონებაც მან თანამდებობაზე ყოფნის დროს რეალურად დააგროვა. გიგი უგულავამ კი არ დააგროვა ეს ქონება, არამედ მიიტაცა“, – აცხადებს რომან კუსიანი.
ყოფილი პარლამენტარი დედაქალაქის მერს ბიზნესის რეკეტსა და კორუფციაში ამხელს.
„თუ გადავხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ სახის – გიგი უგულავას გადაწყვეტილებებს და შემდეგ იმ პერიოდის ბიზნესსაქმიანობებს, მისი დანაშაულებები თვალსაჩინო იქნება. მაგალითად, ვაკის პარკში მიმდინარე სასტუმროს მშენებლობა გიგი უგულავას მიერ ჩადენილი დანაშაულის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, ქალაქის მერმა ამ გარიგებითაც დიდი შემოსავალი მიიღო. ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტმა და დედაქალაქის მერმა მიიღეს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები არანაირად არ უკავშირდებოდა იმ ინტერესს, რომ საქართველოში „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიზნესი განევითარებინა. ეს არის პირდაპირი კორუფციული სქემა, სადაც ხელისუფლება ბიზნესწილებში იჯდა.
გიგი უგულავას სახელს უკავშირდება თბილისში არაერთი უძრავი ქონების მიტაცება, ის კურირებდა ამ სეგმენტს. რაც შეეხება ნიკა რურუას, მისი ინტერესი ანტიკვარიატი და გამოჩენილი ადამიანების ნახატების კოლექცია და მისი მითვისება იყო.
იმ იერარქაიაში საუბარია 7-10 -კაციან ჯგუფზე, სადაც გიგი უგულავას ერთ-ერთი ძირითადი ადგილი ეკავა. ასე რომ, დედაქალაქის მერი რამდენიმე მილიონის მფლობელია.
იგივე „დეზერტირების ბაზრის“ თემა, იგივე ასათიანის ქუჩაზე, ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი შენობის პარკში მშენებლობის წამოწყება, იგივე აკადემქალაქის წართმევა, იგივე, თბილისის ზღვაზე „ოლიმპიური სოფლის“ მშენებლობა… ეს იყო ერთ-ერთი დიდი აფიორა, როდესაც წინასწარ საკუთარ ახლო მეგობრებს 1 ლარად გადასცეს მიწის ნაკვეთები, მაგალითად კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს ლევან ბეჟაშვილს 1 ლარად მისცეს მიწის ნაკვეთი და შემდეგ სახელმწიფოს შეასყიდეს. იგივე სქემით გადასცა მიწის ნაკვეთი გიგი უგულავამ მოდგილეს – მამუკა ახვლედიანს, რაზეც მას ახლა ბრალი აქვს წაყენებული.
რიყის ტერიტორია ჯერ იაფად გაყიდეს, შემდეგ კი მაღალ ფასად სახელმწიფო შესყიდვა განახორციელეს. ყველაფრის თავი და ბოლო სწორედ დედაქალაქის მერი გიგი უგულავა იყო. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნე, მას თავის საკუთარი წილი ჰქონდა იმ საერთო ყულაბაში, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ „შავი ფული“ ჰქვია“, – ამბობს რომან კუსიანი.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერს 2013 წლის 18 მაისის ქონებრივ დეკლარაციაში წლიური შემოსავლის სახით მხოლოდ 95 400.00 ლარი აქვს მითითებული.