ნაციონალური მოძრაობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ საზოგადოებას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აცნობა. ოფიციალურად, ჯერ უცნობია, სამართლებრივის გარდა, რა პოლიტიკურ სვლებს გააკეთებს მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელიც თბილისის არჩეული მერისთვის სასამართლოს მიერ უფლებამოსილების შეჩერებას გმობს.
"სასამართლომ, ღამის პირველ საათზე, მალულად განიხილა დედაქალაქის არჩეული მერისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი. სასამართლომ, გუშინ, საზოგადოებას მოპარა არჩეული მერი და ფარული განხილვის შედეგად გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება შეუჩერა.
ეს ძალიან ნეგატიურ შედეგებს მოუტანს როგორც სასამართლო ხელისუფლებას, ისე მთლიანად საქართველოს. გუშინ დაკანონდა რომ ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერი არჩეული პირი ჩამოაცილოს პოლიტიკურ ასპარეზს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
"მე ვიცოდი იმის შესახებ რომ ხელისუფლება სასამართლოზე ახორციელებდა ზეწოლას. კერძოდ, ხელისუფლებამ გუშინ ზეწოლა განახორციელა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეზე, მამუკა ახვლედიანზე. სწორედ ამის გამო მოხდა ის, რაც მოხდა - სასამართლომ ღამით, საჯარო განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება და ამის შესახებ ჩვენ მხოლოდ ტელეფონით გვაცნობა.
თუ პროკურატურა დაინტერესდება იმ სისხლის სამართლის დანაშაულით, რომელიც სასამართლოზე ზეწოლას გულისხმობს, მზად ვარ მივცე დეტალური ჩვენება. ვთქვა ის, თუ საიდან ვიცოდი სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლის თაობაზე. თუმცა, გარდა ამისა ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას და გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ", - განაცხადა გიგი უგულავამ.
ამ განცხადებების შემდეგ ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტ-საბჭოს სხდომა დაინიშნა. რამდენიმე საათში ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი მოქმედებების შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, განიხილება როგორც საპროტესტო აქციების დაწყება, ისე პოლიტიკური ბოიკოტი და საერთაშორისო ორგანიზაციების სრულად ინფორმირება. იგეგმება სეპციალური ვიზიტები ევროპასა და ამერიკაშიც.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, მისი წარმომადგენლები აცხადებენ რომ გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო დამოუკიდებლად და კანონის სრული დაცვით. ხელისუფლების წევრთა აზრით, დანაშაული, რომელსაც პროკურატურა უგულავას ედავება, "ძალიან სერიოზულია" და შესაბამისი მტკიცებულებებითაა გამყარებული. სამართალდამცველები, გიგი უგულავას ჯამში 48 მილიონი ლარის გაფლანგვა-მითვისებაში ადანაშაულებენ. უგულავა ყველა ბრალდებას უარყობს.
http://presa.ge/new/?m=society&AID=23808