შენ გაყენებდნენ იმ ღამეს, მერი...
ამაღამდელო ღამეო, ნუ გათენდები მალეო... 21 დეკემბერს დაღამებული ღამე წლის განმავლობაში ყველაზე გრძელია. სწორედ ეს დიდი ღამე გამოდგა თბილისის მერისთვის ამ თანამდებობაზე გატარებული უკანასკნელი ღამე.. მძინარე თბილისს მერი მოუხსნეს და სევდია-ნად გაიღვიძა დედაქალაქმა...
მოსამართლე 21-შივე აპირებდა გიგისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, მაგრამ გაახსენდა ექს-პრეზიდენტის იუბილე, რომ იყო და არ ჩააშხამა. ერთობ დიდ თანხას ედავებიან გიგის, არადა ერთი შეხედვით, ბუნჩულა ბიჭია და ვითომ იკადრებდა?!
მძინარე თბილისს მერი მოუხსნეს, არადა რა დრო იყო, როცა ქალაქს მშვიდად და უშფოთველად ეძინა, იცოდა, მისი მერი სტრიპტიზ კლუბში იყო და რაზე უნდა ედარდა? გიგის როგორ შეეხნენო, დარდობს ერი. კაცო, გიგის კი არა, გერმანიის პრეზიდენტს ბიზნესმენთან მეგობრობის და მისთვის ერთ-ორი ფრენის დაფინასების გამო სასამართლოსთან უწევს თავის მართლება და მაინცდამაინც უგულავას თემიდის წინაშე დაყენებაა სირცხვილი?
ციხეში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა შემოთვალა, ჩემ საკანში ადგილს დავუთმობ გიგისო, ბრძენი კაცია ვანო, ალბათ რაღაც იყნოსა, თან მარტოობაც მობეზრდა. ოჰ-ოჰ, რამდენი სალაპარაკო ექნებათ დაგროვილი ბიჭებს (თუ ეს მართლა მოხდა, ექს-პრეზიდენტს სპეციალური დანადგარი დასჭირდება, რომ სლოკინმა არ გადაიყოლოს). შეიძლება მათ ბაჩოც მიუსვან გვერდით, ჰოდა, ჩამოაყალიბებენ ბიჭები –"ნაციონალური მოძრაობის ციხის განყოფილებას".
მოვიშვიშე და შეშფოთებული საზოგადოება იმას უსმევს ხაზს, რომ დედაქალაქის მოსახლეობის 55% მიერ არჩეული მერი, ისე გაანთავისუფლეს კაცს არ ჰკითხესო. თუ ეს მართლა ასეა, მოაწყვეთ საპროტესტო აქცია და გამოიყვანეთ ის 55% გარეთ და გვაჩვენეთ ერს რამდენნი ხართ, მაგრამ თქვენზე კარგად ვინ უწყის, რომ 55% კი არა მაგის ნახევარსაც არ მიუცია ხმა ექს-მერისთვის.
გასაოცარი ხალხია ეს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები. მოსამართლე, რომელმაც უგულავას უფლებამოსილება შეუწყვიტა, თურმე მოსყიდული, დაბალი დონის პროფესიონალი და საქმისთვის შეუფერებელი ყოფილა, ვერაფრით ვერ ვიხსენებ, სად იყო ეს ხალხი იმ დროს, როდესაც ზუსტად ამ მოსამართლეს უდანაშაულო გვანცა ყუფარაძისთვის სარჩელი გამოჰქონდა?! მაშინ რომ ასევე გაეპროტესტებინათ ის ფაქტი, დღეს არც უგულავას გამო მოუწევდათ ვიშვიში და შეიძლება, ისევ ხელისუფლებაშიც ყოფილიყვნენ, მაგრამ მაშინდელი ნაციონალები მოქმედებდნენ პრინციპით "სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო", თუმცა დღეს უკვე, როცა მათ დასჭირდათ ხალხის გვერდში დგომა და დახმარება, ხალხისთვის აღმოჩნდა მათი ჭირი ღობის ჩხირი.
მას მერე, რაც ეს ფაქტი გახდა ცნობილი, დავით ბაქრაძემ გააკეთა განცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ასეთივე განცხადება გააკეთეს მერაბიშვილის და ახალაიას დაპატიმრების დროსაც, ანუ საგანგებო რეჟიმი კუბში აიყვანეს და ისე აგრძელებენ მუშაობას. დიდი ეჭვი მაქვს ეს რეჟიმი ნელ-ნელა მეოთხე, მეხუთე და კიდევ უფრო მეტ ხარისხშიც ავა, სასაცილო ის იქნება, თუ ბოლოს ხარისხის მომმატებელიც აღარ დარჩა (ამის წაკითხვისას ტყუილად ნუ შეიწუხებთ თავს დაწყევლით, რკინაზე მიკიდია ხელი და თან ნიჩურტი მაქვს).
პ.ს. ყველა თბილისზე წუწუნებს, მაგრამ რატომღაც ყველა ავიწყდება, რომ მძინარე გუდაურსაც მოუხსნეს მერი.
***
ეს ღამე იყო ყველაზე გრძელი,
ტკბილად ეძინა ქალაქს სევდიანს
გადაუყენეს მძინარეს მერი
და მოუვლინეს თურმე სევდია
ლახვარი ჩასცეს სამართალს გულში,
ვიშვიშებს ხალხი და დარდობს ერი,
გვიფათურებენ კიდურებს სულში...
ჯერ კიდევ გუშინ შენ გერქვა მერი
ხვალ ახალი დღე გაგვითენდება
გადაიქცევა ქუჩა გამზირად
და გვეყოლება უფრო მაგარი
ახალი მერი...ანდა ლამზირა.
http://www.kvirispalitra.ge/suramelis-blog...hames-meri.html