"მსოფლიოს თვალში სირცხვილია და თავის მოჭრა ყაჩაღობისთვის ნასამართლევი პირის პროკურორად დანიშვნა"
"ეს არის სიბეცე ... ახალმა ხელისუფლებამ წააგო" - პეტრე მამრაძის მწვავე კრიტიკა
"უგულავასიც მჯერა და მერაბიშვილისაც"
"რას გავს სოზარ სუბარის კომენტარი, ეს ამაზრზენია"
"გიჟი უნდა იყოს ადამიანი, ასე ტყუილის გამო იყვირო... მერაბიშვილს პირადად ვიცნობ, ის გიჟი ნამდვილად არ არის... "
"თავად მერაბიშვილმა წამოაგო ანკესზე ხელისუფლება"
გიგი უგულავას სკანდალური განცხადება, რომ ფარცხალაძე გერმანიაშიანასამართლევი, როგორც ჩანს, დასტურდება. ფაქტი ირიბად დაადასტურა თავად მთავარმა პროკურორმა. "2000 წელს ნამდვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან... სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა" - ამბობს ფარცხალაძე. ამ სკანდალის ირგვლივ ბატონ პეტრე მამრაძეს ვესაუბრეთ:
პეტრე მამრაძე:
- ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას განცხადებების შემდეგ ხელისუფლებამ თავისი მოქმედებებით დაამტკიცა, რომ ეს განცხადებები სიმართლეა. მერაბიშვილის განცხადებისთანავე პროკურატურას უნდა დაწყო გამოძიება. თინა ხიდაშელი ამ განცხადების პირველ დღეს ამბობდა, არ არის საჭირო არავითარი ხმაური, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება, სულ 17 წუთია საკმარისი ამისთვის და თუ დაფიქსირებულია მერაბიშვილის გაყვანა, დამანაშავემ უნდა აგოს პასუხი, და თუ მერაბიშვილი ტყუის, მას ახალი ბრალდება წაეყენებაო. მაგრამ ასე არ მოხდა, მთავარმა პროკურატურამ განცხადებას სისულელე უწოდა და გამოძიება არ დაიწყო. არადა, ხელისუფლებას სასწრაფოდ უნდა შეექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია და უნდა გამოეთხოვა ვიდეომასალები, ეს დაედო და ხალხი გაიგებდა სიმართლეს. თუ აღმოჩნდებოდა, რომ მართლა გაყვანილია მერაბიშვილი, უნდა დაესაჯათ ისინი ვინც ეს ჩაიდინა. ციხიდან პატიმრის გაყვანა დიდი დანაშაულია. უმძიმესი პრეცედენტი შექმნეს, რასაც უმძიმესი შედეგი ექნება. თუ ტყუის მერაბიშვილი, მაშინ 17 წუთიან გამოძიებაზე რატომ თქვეს უარი? მერაბიშვილს პირადად ვიცნობ, ის გიჟი ნამდვილად არ არის. ასახელებს დროს, ყველა დეტალზე საუბრობს, გიჟი უნდა იყოს ადამიანი, ტყუილის გამო ასე იყვირო, მით უფრო იცის, რომ იქვე ამოუწევენ მასალებს და მთელ მსოფლიოს დაუდებენ ამ მასალას.
-რისთვის დასჭირდებოდათ მერაბიშვილის გაყვანა ღამის 2 საათზე?
- ყველაზე დიდი მარაზმია, თუ ეგონათ, რომ მთავარი პროკურორი მერაბიშვილს უცებ გატეხავდა და ისიც ყველაფერს დაფქვავდა. სააკაშვილს, მერაბიშვილს და ადეიშვილს იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, ეს რომ გამოიძიონ, მათ სამუდამო პატიმრობა არ აცდებათ. მე მათ არ ვიცავ, მაგრამ მომხდარ ფაქტზე ვამბობ, ხელისუფლებამ ამ უგუნური მოქმედებებით პოლიტიკური ბედნიერების შარავანდედი შეუქმნა ნაციონალებს. არის დამაჯერებელი ვერსია, რომ თავად მერაბიშვილმა წამოაგო ანკესზე ხელისუფლება. შეუთვალა მთავარ პროკურორს შემხვდეს და ყველაფერს ვეტყვიო და ამით ისინი მოატყუა.
- ამას ფარცხალაძე მარტო გადაწყვეტდა?
- ეს გასარკვევია. ფარცხალაძემ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა რასმუსენის ვიზიტის დროს გაკეთებული დაკავებით. მან მერიის 25-მდე თანამშრომელი დააკავა პროცესუალური ნორმების დარღვევით და ამიტომ უმეტესობა გაანთავისუფლეს. როცა დასაბუთებულია დაკავება, ვინც არ უნდა იყოს ჩამოსული ქვეყანაში, ამ დაკავებას ყოველთვის დავუჭერ მხარს, მაგრამ აქ საუბარია დარღვევებზე. ეს იყო დიდი სკანდალი, რაზეც განცხადება დიპლომატიურმა კორპუსმაც გააკეთა.
- გიგი უგულავას განცხადებაც დაიჯერეთ?
- დავიჯერე არამარტო იმიტომ, რომ მიუთითა საქმის ნომერი, თვე, რიცხვი, არამედ იმიტომ რომ ფაქტი თავიდანვე არ უარყო პროკურატურამ. იმის ნაცვლად, ეთქვათ, ოთარ ფარცხალაძე არასოდეს ყოფილა ნასამართლევიო, ეს ფაქტი დადასტურდა. როცა ადამიანი ხდება მთავარი პროკურორი, მას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. მერაბიშვილ-სააკაშვილის სისტემაში ბევრი ადამიანი მუშაობდა იმ ნიშნით, რომ ისინი ნებისმიერ დავალებას შეასრულებდნენ, რაც არ უნდა უკანონო ყოფილიყო. ალბათ გახსოვთ როინ შავაძის სადისტური მკვლელობა ბათუმში, ასევე ცინდელიანის მკვლელობა, მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამნაშავეები მოქმედებდნენ მერაბიშვილის დავალებით და შესრულებას სათავეში ედგა შს სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი, ვინმე ჩიქოვანი. ზედმეტსახელად მაიმუნა, რომელსაც თურმე გაუპატიურება ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ ამის მიუხედავად იყო თანამდებობაზე. ბოლო წლებში შერჩევა კადრების ამ ნიშნით ხდებოდა.
- ფარცხალაძე მუშაობდა წინა ხელისუფლების დროსაც, თვლით, რომ მერაბიშვილის უწყებამ იცოდა მისი წარსულის შესახებ და ახლა, როცა მეორე ბანაკში გადაბარგდა, ეს ცოდვები ამოუტივტივეს?
- დიახ, ამას მე არ გამოვრიცხავ. ადეიშვილს და მერაბიშვილს ბლომად ედოთ კომპრომატები თავიანთ თანამშრომლებზე, ეს მათ სჭირდებოდათ სამართავად. ახალმა ხელისუფლემ წააგო, მათ დააგვიანეს ფაქტზე რეაქცია, აწი რომც გადააყენონ ფარცხალაძე, ყველაფერი დაგვიანებულია. მატარებელი წასულია. შეიძლება გაეპარათ ასეთი კადრი, მაგრამ მაშინვე უნდა აეტეხათ განგაში, როცა ეს გახმაურდა, მაშინვე უნდა დაედოთ გამოძიების შედეგები. პროკურატურის ვებგვერდიდან ფარცხალაძის მონაცემებიც შეიცვალა და მითითებულია, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ესეც მარაზმია. ან რას გავს სოზარ სუბარის კომენტარი, ეს ამაზრზენია, არ ვიცი, კადრები არის თუ არაო. დღეს რომ ის იყოს ომბუდსმენი ან ოპოზიციაში და ეს ეთქვა სასჯელაღსრულების მინისტრს, სოზარი რა ამბავს ატეხდა, იცით?
- თქვენი აზრით, ახალმა ხელისუფლებამ არ იციოდა ფარცხალაძის წარსული?
- გამოვრიცხავ, რომ ცოდნოდათ, მაგრამ დროული რეაგირება უნდა მოეხდინათ, როცა ეს გაიგეს. მთელი მსოფლიოს თვალში სირცხვილია და თავის მოჭრა ყაჩაღობა-ქურდობისთვის ნასამართლევი პირის პროკურორად დანიშვნა, მ მით უფრო იმ ფონზე, როცა კეთდება განცხადებები, რომ მერაბიშვილის და სხვების დაკავებები შეიძლება პოლიტიკური ნიშნით ხდებოდეს. რაც ხდება, ეს არის სიბეცე, რატომ მაინცდამაინც ნასამართლევი ადამიანი უნდა იყოს მთავარი პროკურორი?არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთ მაღალ თანამდებობაზე არ დანიშნავენ ნასამართლევ ადამიანს. დამისახელონ ერთი პრეცედენტი მაინც. უკვე დააგვიანეს, აწი რაც არ უნდა გააკეთონ, დაგვიანებულია რეაქცია.
http://www.kvirispalitra.ge/politic/20022-...danishvnaq.html