თურქეთში მცხოვრები ქართველები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და სხვადასხვა ქვეყნის ქართული სათვისტომოების წარმომადგენლებს მიმართავენ. თურქეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა დროს წასული ქართველთა შთამომავლები, ისტორიული ტაო-კლარჯეთიდან წარმომავალი ქართველები და თურქეთში დროებით მყოფი ქართველები იწონებენ და მხარს უჭერენ საერთაშორისო არასამთავრობო, ჰუმანიტარულ-საქველმოქმედო ორგანიზაციის “მომავლის” ინიციატივას, ქალაქ ბათუმში მსოფლიო ქართველთა ერთიანობის ცენტრის – მუზეუმ-კომპლექსის დაფუძნებას, რომელიც “ემიგრაციისა და მუჰაჯირ ქართველთა”, დიპლომატიურ ურთიერთობათა, ტურიზმის, სავაჭრო-სამრეწველო-ბიზნესის ურთიერთობათა, ქართული დიასპორიის, რელიგიის, რეპრესირებულთა, მსოფლიო ომების მუზეუმების კომპლექსურად შექმნას ითვალისწინებს.
“წარმოდგენილი იდეა დროული და მისასალმებელია, რამეთუ მსოფლიოში გაფანტული ქართული გენი, სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველი საჭიროებს სამშობლოსთან და საქართველოსთან დაახლოებას. ასიმილაციის თავიდან ასაცილებლად და ურთიერთობების დასამყარებლად სწორედ ქართველთა ასეთი გამაერთიანებელი ორგანიზაციის, ცენტრის შექმნაა აუცილებელი. საქართველოსთან და თავად სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ქართველთა, სხვა ხალხთა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სავაჭრო-სამრეწველო-ბიზნესის ურთიერთობების დამყარება ამ მსოფლიოს ქართველთა საერთაშორისო ცენტრის – მუზეუმ-კომპლექსის შექმნით იქნება შესაძლებელი, რომელიც დღეს მეტად საჭირო და დროულია.
ჩვენ, თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები და დროებით მყოფი ქართველების სახელით გთხოვთ, აღნიშნულ პროექტს მხარი დაუჭიროთ, სახელმწიფო დონეზე აიყვანოთ, გაუწიოთ სათანადო დახმარება და ამით ხორცი შეესხას ქართველთა ერთიანობას და სამშობლოსთან ჩვენს მჭიდრო დაახლოებას. ჩვენ, შესაძლებლობის ფარგლებში, მზად ვართ, მორალური და მატერიალური მხარდაჭერა აღუთქვათ და ამ პროექტის განხორციელებისთვის ერთიანად ვიღვაწოთ”,- აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც თურქეთში მყოფი 100 ქართველი აწერს ხელს.
http://telegraph.ge/%E1%83%97%E1%83%A3%E1%...ion_object_map=
This post has been edited by Santorini on 9 Jan 2014, 17:41