„ნიუ-იორკის მერიაში 400 ადამიანი მუშაობს, ლონდონს 100 კაცი მართავს, ქუთაისის მერიაში კი 800 თანამშრომელი დამხვდა!..“
სააკაშვილის მიერ გაპიარებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა, სინამდვილეში, დიმიტრი კოპალიანს ეკუთვნის!..
ნინო ლაბარტყავა
„ქრონიკა+“-ის ექსკლუზივი: ინტერვიუ ქუთაისის ყოფილ მერთან – დიმიტრი კოპალიანთან. რა პრობლემებსა და ინტრიგებს წააწყდა იგი მერობის 99-დღიან პერიოდში და რატომ დატოვა თანამდებობა ასეთ მცირე ვადაში?.. რჩება თუ არა პოლიტიკაში და, ზოგადად, როგორ აფასებს ვითარებას ქვეყანაში? ეს გახლავთ ბატონი დიმიტრის პირველი ვრცელი ინტერვიუ, სადაც იგი ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს გულახდილად პასუხობს.
დიმიტრი კოპალიანი:
_ თქვენ ქუთაისელი ბრძანდებით… როგორ გაიხსენებთ მშობლიურ ქალაქს, რომლის დატოვებაც საკმაოდ ადრე მოგიწიათ?
_ ჩემს ქალაქზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო… ჩემთვის ძალიან აღმატებული შეგრძნება იყო აქ დაბრუნება. მართალი გითხრათ, აეროპორტიდან პირდაპირ მერიაში დავდგი ფეხი, რაც ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, მაგრამ იმდენად დიდი სურვილი მქონდა, გამეკეთებინა ქალაქისთვის რამე კარგი, რომ მალევე მოვახდინე ადაპტირება. რა თქმა უნდა, რთული პროცესები დამხვდა ქუთაისში, პრობლემებიც უამრავი… ბევრი მიზეზისა და გამო, მალევე დავწერე განცხადება მერის თანამდებობიდან წასვლაზე. როცა ქუთაისში მოვდიოდი, სერიოზული გეგმები მქონდა, არა მარტო კონკრეტულად ამ ქალაქთან, არამედ მთელ რეგიონთან და ქვეყანასთან მიმართებით. მინდოდა, ამერიკიდან მოგვეზიდა სერიოზული ინვესტიციები…
_ ამ საკითხებზე ქვემოთ ვისაუბროთ, მანამდე კი გვიამბეთ თქვენი დასავლური განათლების შესახებ… რა სპეციალობის ბრძანდებით?
_ ჩემი სპეციალობა არის მაღალი ტექნოლოგიები. მაქვს დამთავრებული სამი ქვეყნის ხუთი უნივერსიტეტი. სწავლის პროცესი 2007 წელს დავასრულე. ადრე რაღაც ინფორმაციები იბეჭდებოდა ჩემზე პრესაში, მაგრამ, ზოგადად, რომ იცოდეთ, დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში, 1992 წელს წავედი ქალაქ ნიუპორტში, სადაც დავამთავრე უელსის უნივერსიტეტი. მაშინ იყო კომპიუტერული ბუმი… მერე წავედი ამერიკაში, მოვხვდი პირდაპირ მიჩიგანის შტატში, სადაც დავამთავრე ლორესის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, შემდეგ მიჩიგანის უნივერსიტეტი. ეს არის ძალიან ძლიერი უმაღლესი სასწავლებელი მაღალტექნოლოგიური ინფორმაციული სისტემების ხაზით _ აი, ეს დარგი დავამთავრე. შემდეგ სადოქტორო პროგრამა გავაკეთე ისევ ლორესის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ვგეგმავდი საბოლოოდ დაბრუნებას საქართველოში. ისე, ოჯახით ყოველ წელს ჩამოვდიოდი, ბავშვები აქ მოვნათლეთ, სამი ბიჭი მყავს… ენის პრობლემა გვქონდა, რადგან ბავშვებს სულ საზღვარგარეთ უწევდათ ცხოვრება და ინგლისურად საუბრობდნენ. დასაბრუნებლად ერთი ძალიან სერიოზული საქმიანი მოტივიც მამოძრავებდა _ 2009 წელს საქართველოს მთავრობას მივმართე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნის იდეით. ჩემი წერილი დიმიტრი შაშკინს დაეწერა და დაიკარგა… მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ ალაპარაკდა მიხეილ სააკაშვილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნაზე, თუმცა ჩემი სახელი არავის უხსენებია… მოკლედ, იდეა უგულებელყვეს და ეს საქმე არ გამოვიდა… სხვათა შორის, როგორც კი ჩემი სივი გავრცელდა, ბევრი ჩაერთო და ყველა იყო დაინტერესებული საქართველოში ჩემი დაბრუნებით. ასეთი კვალიფიკაციის მქონე ადამიანის სამშობლოში ყოფნა ბევრმა მოისურვა.
_ ვისგან წამოვიდა შემოთავაზება ქუთაისის მერის პოსტზე თქვენი კანდიდატურის წამოყენებაზე?
_ მეგობრები იყვნენ, უამრავი ქუთაისელი ჩაერთო… ძალიან ჩქარა გავრცელდა ჩემი სივი და ბევრი მირეკავდა და მეკითხებოდა, _ როდის აპირებ ჩამოსვლასო? ორი-სამი წლის მერე რომ ვგეგმავდი დაბრუნებას, ეს გაცილებით მალე მოხდა. 2013 წლის მაისის ბოლოს დავინიშნე ქუთაისის მერად და ზუსტად 99 დღე ვიყავი ამ თანამდებობაზე. პირდაპირ ვიტყვი: არ მაცალეს მუშაობა…
_ ვინ იყვნენ ის პიროვნებები, რომლებიც ხელს გიშლიდნენ მუშაობაში?
_ თუ შეიძლება, კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ არ მომეცა საქმიანობის საშუალება… ამ თემაზე კომენტარი დღემდე არავისთან გამიკეთებია, პირველად თქვენთან ვსაუბრობ.
_ საზღვარგარეთ საკმაოდ უზრუნველი ცხოვრება გქონდათ. ბევრი თქვენს ადგილზე არ გარისკავდა.
_ არასოდეს დამავიწყდება, აქ ბევრი მეუბნებოდა, _ სად მოდიხარო? იქ კიდევ, _ სად მიდიხარო? _ სად მივდივარ და ჩემს ქვეყანაში-მეთქი, _ ვპასუხობდი… მე, თავის დროზე, სასწავლებლად წავედი. მაშინ აფხაზეთში ომიც არ იყო მომხდარი და სასწავლებლად წასული ახალგაზრდა ისევ ბრუნდებოდა თავის ქვეყანაში. იმ პერიოდში დიდი ემიგრაციული პროცესებიც არ იყო ჯერ დაწყებული და ჩემი მენტალიტეტი ასეთი გახლდათ: წავალ, ვისწავლი და ჩამოვალ… მერე ბავშვები გაჩნდნენ, სწავლის პროცესი კი, როგორც გითხარით, 2007 წლამდე გამიგრძელდა… მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტია საზღვარგარეთ და ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ის იყო, რომ მათაც გასჩენოდათ დაბრუნების სურვილი. და მაინც, ჩემი დაბრუნების ყველაზე დიდი მოტივატორი იცით, რა იყო? როცა მივხვდი, რომ ამ პროცესებში უკვე ნახევარი სიცოცხლე გავიდა… უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ცხოვრების ნახევარი უცხოეთში გავლიე…
_ როგორი მერი იყავით, შეგიძლიათ, დაახასიათოთ საკუთარი თავი?
_ შეიძლება… ყველა დადებითს ელოდებოდა ჩემგან, ოღონდ „დადებითს“ თავისებური გაგებით… უნდა იყო ის, რაც ხარ, არაა საჭირო მოჩვენებითობა. სხვათა შორის, მე ნაკლებად, მაგრამ ჩემს ოჯახს, შვილებს, ცოტა არ იყოს, გაუჭირდათ ადაპტირება… წარმოიდგინეთ, როცა წლების განმავლობაში ცხოვრობ საზღვარგარეთ, ეჩვევი იქაურ წესებს, კულტურას და ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერს ტოვებ… ჩემი შვილები გამოდიან გარეთ და გაიძახიან, _ რა ხდება?! რატომ ყრია ამდენი ნაგავი ქუჩაში?! და იმის ნაცვლად, რომ სხვა ბავშვებთან ითამაშონ, იწყებენ ნაგვის აკრეფას…
_ კონკრეტულად, რა სახის პრობლემებს წააწყდით მერის თანამდებობაზე მუშაობისას?
_ ქუთაისში რთული სიტუაციაა, ქალაქს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს… მერიაში ერთ-ერთი დიდი პრობლემა უსაშველოდ გაბერილი კადრების საკითხია. ნიუ-იორკს ოთხასი ადამიანი მართავს, ლონდონს _ ასი ადამიანი, ქუთაისში კი რვაასი თანამშრომელი დამხვდა… გასაგებია, რომ უმუშევრობაა და ყველა რაღაცას ცდილობს, მაგრამ მმართველობითი სტრუქტურების ასე გადაჭედვა სერიოზულ პრობლემას ქმნის. ამის გამო იყო ძალიან ბევრი ინტრიგა… ცალკე პრობლემაა გუნდური მუშაობის უნარის დეფიციტი. დღესდღეობით, ფაქტობრივად, არ არსებობს დოკუმენტბრუნვა. როგორ შეიძლება, საბუთებს და ოფიციალურ დოკუმენტაციას აფრიალებდეს ადამიანი დერეფნებში? ეს უნდა იყოს ელექტრონულად დამუშავებული და უნდა იყოს სისტემური მიდგომა. ნახევარი სიცოცხლე ამერიკაში გავატარე. იქ არის ასეთი ტერმინი: „ამერიკული ღიმილი“, რაც ჩვენთვის ცოტა უცხოა. შტატებში ეს ნორმალური სტანდარტია და აქ გაუკვირდათ, _ ადამიანი ჩამოდის, ქუთაისის მერი ხდება და იღიმება… საქართველოში ადამიანს რომ შეხედავ, უკვე იცი, როგორ ხასიათზეა, რა უჭირს, რა ულხინს. „ამერიკული ღიმილით“ როცა მოდის, ვერ ხვდები, როგორ ხასიათზეა და, ალბათ, ამანაც ცოტა გაართულა ურთიერთობა, არ ვიცი… მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას სწორი მართვის სისტემა.
_ გოჩა თევდორაძე _ ამ პერსონას გვერდს ვერ ავუვლით. როგორი იყო მისი როლი თქვენ წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში?
_ ვცდილობ, არ შევეხო წარსულს და ამ თემაზე კომენტარები არც გამიკეთებია არასდროს. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ვინმესკენ გაიშვერს თითს. რა და როგორ იყო, ყველამ ყველაფერი კარგად იცის.
_ კარგით… რის გაკეთება-განხორციელებას გეგმავდით ქუთაისში? რა იყო თქვენი ამოცანა?
_ რაც მთავარია, ქალაქი უნდა განვითარებულიყო და უნდა განვითარდეს, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. მე მინდოდა, ქალაქში დაფუძნებულიყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი… ჩემი სპეციალობა ინფორმაციული მაღალტექნოლოგიებია, მას აქვს ძალიან საინტერესო ბლენდირების საშუალება და როდესაც ეს ხდება, წარმოიშობა ახალი დისციპლინები. მაგალითად, ბლენდირებაა იგივე პოლიტიკური ტექნოლოგიების, ბიოლოგიური ტექნოლოგიების არსებობა. დიდ ბრიტანეთში ეს ძალიან პოპულარული მეთოდია. თვითონ მეცნიერები აკეთებენ ბლენდირებას, რადგან ახალ დისციპლინებს და ახალ მიმართულებებს იღებენ ამით. როდესაც ინფორმაციები ხდება მართვადი, ის ავტომატურად ხდება გამჭვირვალე. ქუთაისის მერიაშიც მინდოდა, პროცესები გამჭვირვალე ყოფილიყო, რათა ჩამოყალიბებულიყო საკითხებისადმი არა პიროვნული, არამედ სისტემური მიდგომა. ბევრი გეგმა მქონდა, რაც დადებითად წაადგებოდა ქალაქს… ისიც კი გამიგია, ჩემზე უთქვამთ, _ ეს ადამიანი ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობსო, მაგრამ არა. რეალურად, სწორედაც რომ ჩვენ ვართ დღეს სხვა სამყაროში და ისე უნდა გავაკეთოთ, რომ დანარჩენ სამყაროსთან მოვახდინოთ ადაპტაცია, თუ გვინდა, რომ წინ წავიდეთ და ცივილიზაციას ავუწყოთ ფეხი.
_ ბატონო დიმიტრი, იქნებ, მართვის ბრიტანულ-ამერიკული მოდელი, რომლის დანერგვაც თქვენ გინდოდათ ქუთაისში, ვერ მიიღო ქართულმა საზოგადოებამ? იქნებ, თქვენი ეს იდეა იყო სწორედ იმ პრობლემებისა თუ წინააღმდეგობების საწინდარი, რასაც წააწყდით მერად მუშაობის პერიოდში?
_ პრობლემები და ინტრიგები უფრო შიგნით, პიროვნულ დონეზე იყო, რომლის უკან რაღაც ძალები იდგნენ, თორემ ამის გაკეთება მარტივად შეიძლებოდა. მაგალითად, ასეთი ფაქტი მოხდა: შემოიტანეს რაღაც საბუთები, რომელზეც მერს უნდა მოეწერა ხელი და ასეთ შემთხვევაში, მერი მარიონეტი გამოდიოდა… ვგულისხმობ კორუფციულ დარღვევებს… რაღაც მიწების იჯარით გაცემის საბუთები იყო, რაზეც არ მოვაწერე ხელი. ალბათ, ასეთ რაღაცებს რომ არ ვაწერდი ხელს, ამითვალწუნეს. მეც დავწერე მერე განცხადება და დავტოვე თანამდებობა. მაინც არ მინდა, ამ თემაზე ბევრი ვისაუბრო… ბრიტანულ-ამერიკული მიმართულება რომ მიეღო ქალაქს, უფრო სწრაფად განვითარდებოდა.
_ როგორც ვხედავ, საბოლოოდ დაბრუნდით საქართველოში. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
_ გეგმები ბევრია… ჯერჯერობით, პოლიტიკაში ვრჩები და მომავალში ვნახოთ, რა იქნება. რა თქმა უნდა, სხვა კუთხითაც ვაპირებ საქართველოში მოღვაწეობას. იმედია, ჩემი გეგმების დიდ ნაწილს განვახორციელებ.
_ დაბოლოს, მოკლედ დაახასიათეთ საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია…
_ ერთ რაღაცას ვიტყვი: საქართველოს პრეზიდენტი აირჩიეს ნორმალური არჩევნების შედეგად _ ხალხი მივიდა და მისცა ხმა. არ იყო ძალადობა, გაყალბება, როგორც ადრე ხდებოდა. საქართველო იწყებს სვლას ახალი მიმართულებით და იმედია, ეს სვლა უფრო პროფესიონალური და სწორი საკადრო პოლიტიკის მეშვეობით გაგრძელდება. ძალიან მინდა, საქართველოში შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ.
http://primerinfo.ge/?p=11115#facebook