...ახლა მნიშვნელოვანია, მთავრობას ჰქონდეს არგუმენტირებული პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც სოჭის ოლიმპადაზე ჩვენს მონაწილეობას ეხება.
უკანასკნელ პერიოდში სოჭის ოლიმპიადის გარშემო საკმაოდ ბევრი რამ იცვლება და შესაბამისად, ჩვენ, როგორც ქვეყნას, რომლის უსაფრთხოებასაც პირდაპირ ეხება და ზიანს აყენებს რუსეთი, უნდა გვქონდეს უნარი, ადეკვატურები ვიყოთ იმ ცვლილებების მიმართ, რაც სოჭის ოლიმპიდაში ჩვენს მონაწილეობას უკავშირდება. ვხედავთ, რომ ცვლილებები ხდება როგორც რუსეთის ქმედებებში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებთან მიმართებაში, ისე რუსეთში დაგეგმილი სოჭის ოლიმპადასთან დაკავშირებით დანარჩენი მსოფლიოს დამოკიდებულებაში.
ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ნელ-ნელა რეალიზებას უკეთეს ყველა იმ საფრთხეს, რაც აფხაზეთთან დაკავშირებით სოჭის ოლიმპიადაზეა მოსალოდნელი. მხედველობაში მაქვს სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში აფხაზეთის დამოუკიდებლობის პოპულარიზაცია, იუთუბზე სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით აფხაზეთის შესახებ რგოლების განთავსება - მათში ოლიმპიადის სანახავად ჩასულ ადამიანებს სთავაზობენ აფხაზეთის ღირშესანიშნაობების დათვალიერებას, ხდება აფხაზი და ოსი ჟურნალისტების, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების წარმომადგენლების ცალკე აკრედიტაცია, სოჭის ოლიმპადაზე მრავლად იქნება წარმოდგენილი აფხაზური სიმბოლიკა. ანუ, ცხადი ხდება, რომ საფრთხეები, რაზეც ჩვენ ადრე თეორიულად ვსაუბრობდით, პრაქტიკულად დაგეგმილია სოჭის ოლიმპიადაზე და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციისათვის. ეს ის თემაა, რაზეც არ შეიძლება საქართველოს არ ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია და პასუხი.
ყველაფერ ამის პარალელურად, სოჭის ოლიმპიადის მიმართ ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულების გამოვლინება. ფაქტია, რომ ეს ჩვენთვის ხელსაყრელია. რუსეთის მოქმედებებმა უკრაინაში, სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით მკაცრი პოზიციის დაკავებამ, საერთოდ საერთაშორისო ასპარეზზე აგრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ მთელი რიგი ქვეყნების პირველმა პირებმა უარი თქვეს სოჭის ოლიმპიადაზე ჩასვლაზე. ამიტომაც ვამბობ, ოლიმპიადის მიმართ ბოიკოტი ჩვენთან თავისთავად მოვიდა. უკვე ცხადია, რომ სოჭის ოლიმპიადა ნახევრად ბოიკოტის რეჟიმში ჩატარდება. ანუ, ოლიმპიადასთან დაკავშირებით ყალიბდება ახალი რეალობა და ჩვენ არ შეიძლება, მასზე რეაქცია არ გვქონდეს.
თუ ადრე ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ, ქალბატონი თინა ხიდაშელი აცხადებდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ გაუგებდა საქართველოს, თუ ის სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ბოიკოტის გზას აირჩევდა, ახლა ეს არგუმენტი რეალობას არ შეესაბამება, ვინაიდან თავად საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩვენგან დამოუკიდებლად დაადგა ოლიმპიადის ნახევრადბოიკოტირებას. სწორედ ამიტომ ვამბობ - ბოიკოტის თემა თავად მოვიდა ჩვენთან და ჩვენ ამას რატომღაც არ ვიმჩნევთ. ახლა ამ რეალობას ჩვენგან სჭირდება დროული რეაგირება.
- თუ სწორად გავიგე, მიგაჩნიათ, რომ სოჭის ოლიმპიდაში მონაწილეობით ჩვენ თავად ვუწყობთ ხელს რუსეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციას. - დიახ, ჩვენი სოჭში ჩასვლა სწორედ ამას ნიშნავს. როცა დღეს არ გამოთქვამს ქართული მხარე პროტესტს იმაზე, რაც სოჭში უკვე დაგეგმილია აფხაზეთთან მიმართებაში, შემდეგ კი ყველაფერ ამის მონაწილე თავად იქნება, თანამონაწილეობა სხვა კი არაფერია. ამ საკითხებზე ჩვენი დუმილი და პროტესტის გამოუთქმელობა უბრალოდ გაუგებარია....
http://www.interpressnews.ge/ge/interviu/2...gaugebaria.htmlელენე ხოშტარია – სოჭის ოლიმპიადის წინ ჩვენი პასიურობა გაუგებარია