8 აგვისტოს რუსეთის არხანგელსკის მხარეში, ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების გამო რადიაციულმა ფონმა, სულ მცირე, 20–ჯერ მოიმატა. მძლავრდება ეჭვები, რომ 8 აგვისტოს ქვეყანაში ბირთვული კატასტროფაა მომხდარი და კრემლი ამას მალავს. როგორც უცხოური გამოცემა “The Daily Mail” წერს, აღნიშნულ ეჭვებს აძლიერებს ის ფაქტი, რომ აფეთქების შედეგად დაშავებული 6 პირი სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს მოსკოვის ბურნასიანის სახელობის ფედერალურ სამედიცინო ბიოფიზიკურ ცენტრში, რომელიც, მათ შორის, რადიაციული დასხივების მკურნალობაზე სპეციალიზდება. ამასთან, 8 აგვისტოს ინციდენტის შედეგად დაღუპულებიც და დაშავებულებიც სპეცტანსაცმელში იყვნენ შემოსილები, ხოლო მოგვიანებით მათი სპეცსამოსი, ისევე, როგორც იმ მედიკოსებისა, რომელთაც დაშავებულებს ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, სასწრაფო რეჟიმში გაანადგურეს.
რთ-ერთი ვერსიით, რომელსაც “The Daily Mail”-იც ემხრობა, პოლიგონზე ცდიდნენ “ცირკონის” ტიპის ზებგერით რაკეტას – ერთ-ერთს იმ გასაიდუმლოებული იარაღიდან, რომლის შექმნითაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2018 წლის საჯარო გამოსვლისას დასავლეთს ემუქრებოდა.
თუმცა რუსული გამოცემა „ვედომოსტის“ ცნობით, საუბარია სახომალდე რაკეტის ძრავის გამოცდაზე, რომელიც რუსეთის სამხედრო –საზღვაო ფლოტის შეიარაღებაშია წარმოდგენილი.
ამ კონტექსტში ნიშანდობლივი შეიძლება, აღმოჩნდეს ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ინციდენტამდე 4 დღით ადრე ციმბირში მდებარე სამხედრო ბაზაზე, ტყვია–წამლის საწყობში აფეთქება მოხდა.