"ისეთი სისაძაგლეები აქვს გაკეთებული, ციხეში უნდა დალპეს" - ლაშა ამირეჯიბის დაკავების მიზეზები (ექსკლუზივი) "ყველანაირ მეთოდს მიმართავდნენ, რომ მამუკა არეშიძეს არჩევნები წაეგო"
"აზერბაიჯანელებს სულიერ ლიდერს ყოფილი კუდ-ელები უნიშნავენ"
"5 წუთი ველაპარაკე, ჩემი მხრიდან არავითარი ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა"
"წინა შეიხი 13 წელი იჯდა ციხეში გაუპატიურების ბრალდებით..."
რამდენიმე დღის წინ ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი, ლაშა ამირეჯიბი დააკავეს. სასამართლომ ის ჯარიმის სანაცვლოდ დარბაზიდანვე გაანთავისუფლა. ჩვენ დავუკავშირდით მას და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ:
- ცოტა შორიდან დავიწყებ მოყოლას. საქმე იმაშია, რომ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს არ აძლევენ უფლებას, აირჩიონ საკუთარი სულიერი ლიდერი. ამ ყველაფერზე მე დიდი ხანია ვწერდი და ვამბობდი. ამ ხალხს სულიერ ლიდერს უნიშნავენ ვაჟა ლილუაშვილი, თემურ ფეიქრიშვილი და სამირ ხიალოვი, კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები. ამ პიროვნებებს აწყობთ ლიდერად ისეთი ადამიანის დანიშვნა, ვინც მათ მოთხოვნებს შეასრულებს და მათთან ითანამშრომლებს. წინა შეიხი 13 წელი იჯდა ციხეში გაუპატიურების ბრალდებით და ეს შეიხი აკონტროლებდა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, წესიერ და უსაყვარლეს ხალხს.
- და ეს შეიხი გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდა ფეიქრიშვილს, ლილუაშვილს და ხიალოვს?
- რა თქმა უნდა. არა მარტო შეიხი თანამშრომლობდა მათთან, ეს იყო თანამშრომელთა მთელი ქსელი. შეიხი შეიძლება ითქვას პირდაპირ მათი თანამშრომელი, "ნასედკა" იყო, რომელიც მათ დანიშნეს და რომელიც ქვემო ქართლის ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აკონტროლებდა.
- ახლა ვინაა შეიხი?
- ახლა არის რამინ იგიდოვი, რომელიც უნდა დანიშნონ (მოსახლეობას არ აძელევენ საშუალებას რომ თვითონ აირჩიონ და ესენი უნიშნავენ). ეს პიროვნება იმართება ირანიდან, რაც ჩვენთვის ნამდვილად არაა სასიამოვნო. მე როგორც გავარკვიე, ეს იგიდოვი ირანელთა ისეთი განშტოების წარმომადგენელია, რომელიც მტრულადაა განწყობილი საქართველოსადმი. ამიტომ ამ კაცის დანიშვნა არის საქართველოსთვის ძალიან საშიში. შესაძლოა ჩვენ ძალიან მწვავე კონფლიქტში აღმოვჩნდეთ და თანაც სრულიად უმიზეზოდ. ამ იგიდოვის დანიშვნაში და არა არჩევაში (ეთნიკურ აზერბაიჯანელებს უნდათ თვითონ აირჩიონ თავის სულიერი მამა, მაგრამ საშუალებას არ აძლევენ), ჩარეული არიან ხიალოვი ფეიქრიშვილი და ლილუაშვილი.
- თქვენი დაპატიმრების მიზეზი რა გახდა?
- ჩემი და ამ ადამიანების (ლილუაშვილი, ფეიქრიშვილი, ხიალოვი ) კონფლიქტი დაიწყო იქიდან, როცა მამუკა არეშიძე გარდაბანში იყრიდა კენჭს. ვისაც როგორ შეგვეძლო, მამუკას ვეხმარებოდით. მაშინ მოხდა ასეთი ფაქტი, რომ შტაბის ერთ-ერთ წევრს თვალში შეასხეს მჟავა და ამ პიროვნებამ ამის გამო დაკარგა თვალი. როგორც მე მაშინ მოვკარი ყური, ეს ამ სამეულის ორგანიზებული იყო (თუმცა ამ ეტაპზე მტკიცებულება არ მაქვს და დანამდვილებით ხელს ვერ დავადებ). ეს ადამიანები ყველანაირ მეთოდს მიმართავდნენ, რომ მამუკა არეშიძეს არჩევნები წაეგო და მიზანს მიაღწიეს კიდეც, მოგებული არჩევნები წააგებინეს. ამ ყველაფრის მერე ამ ადამიანებთან მე მაქვს პირდაპირი კონფლიქტი. რამდენიმე დღის წინ ვიყავი სტუმრად გარდაბანში ჩემ მეგობრებთან და როცა სახლში ვბრუნდებოდი, რამოდენიმე ადამიანმა ახსენა ხიალოვი და გადავწყვიტე ეს პიროვნება მენახა, თანაც ისედაც მქონდა მასთან გარკვეულ საკითხზე სალაპარაკო. როდესაც მივედი მასთან, დიდი ეზო აქვს და შორიდან დავუძახე. ვაღიარებ, რომ გვიანი იყო დაახლოებით 00:15 წუთი იქნებოდა. მე მას ვთხოვე, რომ გამოსულიყო გარეთ, მაგრამ დაიმალა. როგორც ჩანს გადარეკა-გადმორეკა და იქ თავის სახლთან თავზე დამაყენა პოლიცია, სუს-ი და მხოლოდ ამის მერე გამოვიდა სახლიდან. მე მას მხოლოდ 5 წუთი ველაპარაკე, ჩემი მხრიდან არავითარი ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა, მეტიც, როცა სასამართლოში მიმყვანეს მოსმართლემ ჰკითხა პოლიციელს, ვაგინებდი თუ არა ხიალოვს და პოლიციელმა უთხრა, რომ მე არც კი შემიგინებია მისთვის.
- ანუ, რა გამოდის, მხოლოდ ხიალოვთან სტუმრობის გამო დაგაპატიმრეს?
- შეიძლება ითქვას, შიშის გამო მოხდა ჩემი დაკავება. ხიალოვს ჩემი შეეშინდა, რადგან მე მასზე ძალიან ბევრი რამ გამიგია, ვიცი ის სიბინძურეები, რაც მას აქვს ჩადენილი ლილუაშვილთან და ფეიქრიშვილთან მუშაობის პერიოდში. სხვათაშორის, როცა პოლიციას მივყავდი, დედამისმა მომაძახა: რატომ წერ ჩემ შვილზე ცუდ რაღაცეებსო, როგორც ჩანს, ამ ვირთხას დედამისიც საქმის კურში ყავს ჩაყენებული. როცა მიმიყვანეს პოლიციაში ძალიან წესიერად მომექცნენ, შემდეგ გადამიყვანეს სასმართლოში, სადაც დამაჯარიმეს 100 ლარით. რაც ითვალისწინებს წვრილმან ხულიგნობა.
- ბატონო ლაშა, ხიალოვი ისევ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს?
- ეს ადამიანი ისევ ძალოვან სტრუტურაშია, კონკრეტულად რუსთავის სუს-ში და თანაც ბევრად უკეთეს პოზიციაზე, ვიდრე ლილუაშვილის დროს იყო. ეს კაცი არამარტო სამსახურიდან გასაგდებია, არამედ ამ კაცმა ცხოვრება უნდა დაასრულოს ციხეში. მას ისეთი სისაძაგლეები აქვს გაკეთებული, რომ ციხეში უნდა დალპეს. ეს ყველაფერი გარდაბანში ყველამ ძალიან კარგად იცის.
- თუ თქვენ ხიალოვზე ამდენი ინფორმაციას ფლობთ, რატომ არ მიმართავთ პროკურატურას?
-აუცილებლად მივმართავ. მე მქონდა საუბარი შსს მინისტრის თანაშემწეებთან, ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და ვილაპარაკებთ ამ თემაზე. უბრალოდ ველოდები მტკიცებულებებს, რომ უფრო დეტალურად მივაწოდო ინფორმაცია.
http://www.kvirispalitra.ge/justice/20256-...eqskluzivi.html