http://www.newposts.ge/?l=G&id=28288-%E1%8...%83%9A%E1%83%98ჟურნალი „პრემიერი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დეტალებზე ვრცელ მასალას აქვეყნებს. მასალიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ ტელეფონით გიორგი ბარამიძემ შეატყობინა, რის შემდეგაც სააკაშვილი საჭეს მიუჯდა და თბილისისკენ გაემართა, თუმცა, ხეს შეეჯახა.
„პრემიერის“ წყარო აცხადებს, რომ თავდაპირველად პრეზიდენტს არაფრის გაგონება არ სურდა და უნდოდა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული დეტალები არ გამჟღავნებულკიყო. წყაროს მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად ითხოვდა, არ მითითებულიყო, რომ ბუნებრივი აირის ნარჩენებით პრემიერმინისტრის გაგუდვა კონსპირაციულ ბინაში მოხდა.
„პრემიერი“, საკუთარ წყაროსთან ინტერვიუსთან ერთად აქვეყნებს ინტერვიუს ზურაბ ჟვანიას მეგობართან ხათუნა გოგორიშვილთან, რომელიც აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზში ეჭვის შეტანის საფუძველი მას არა აქვს.
ინტერვიუში გოგორიშვილი ასევე ამბობს, რომ იმ სამ ადამიანს შორის იყო, რომელსაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დეტალები დაწვრილებით გააცნეს. ის ასახელებს კიდევ ერთს იმ სამიდან - ზურაბ ჟვანიას მეუღლეს.
ამასთან, ხათუნა გოგორიშვილი უარს ამბობს უპასუხოს ინტერვიუს ავტორის გოჩა მირცხულავას შეკითხვას, რომელიც ასე ფორმირებული:
„მოდით, სამართლებრივ კონტექსტში დავსვამ კითხვას- ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში თუ არის გადაცდომა, შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ ზურას სახელი არ შებღალულიყო?“.
რაც შეეხება „პრემიერის“ ინფორმირებულ წყაროს, „ნიუპოსტი“ გთავაზობთ ნიშანდობლივ ამონარიდებს მასთან ინტერვიუდან:
„ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე დეტალურად მოუყვნენ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ამბავი ბიძინა ივანიშვილს. უფრო სწორად იმ გადაცდომების შესახებაც კი უამბეს, რაც ამ საქმეშია. სწორედ ამიტომ იყო გულისამრევი ის განცხადებები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ საქმე უნდა გამოიძიონ. ნამდვილად არ მინდა პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, მაგრამ ფაქტია- თუ ივანიშვილის ბოლოდროინდელ "აღიარებით" ჩვენებებს დავეყრდნობით იმის შესახებ, როგორ ატყუებდა "ნაციონალურ" ხელისუფლებასთან ერთად, თანაც არაერთხელ, საზოგადოებას თავის ეპისტოლარულ ურთიერთობებში, ცხადი ხდება, რომ ჟვანიას საქმეს "პედალირება" მას პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებოდა და ჯერაც სჭირდება. არადა მან იცის სიმართლე, რომ ჟვანია არავის მოუკლავს.“
გია ბარამიძე, რომელიც პირველი იგებს მეგობრის დაღუპვის ამბავს, უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. გაითვალისწინეთ სააკაშვილის ფსიქიკური და ემოციური პორტრეტი. ის ვარდება შოკში და ყვირის- "არა! ტყუილია! გეშლება რაღაც. როგორ? ეს შეუძლებელია!" პრეზიდენტი გამოდის შავნაბადის რეზიდენციიდან, ჯდება მანქანაში- საჭესთან, უკან მოსდევს დაცვა, ქოქავს მანქანას და ეშვება თბილისისკენ. ერთ-ერთ მოსახვევში ის ვერ იმორჩილებს საჭეს და ეჯახება ხეს. დაცვას გადმოჰყავს მანქანიდან, დაზიანებული აქვს ნეკნები, მკლავი, თავი. დაცვა სვამს მანქანაში და სურს, მიაბრუნოს უკან...
ამასობაში "ელიტა" შეკრებილია. მისაღებია გადაწყვეტილება- რა ვქნათ? ჩნდება მოსაზრება, რომ ეს ფაქტი დაანგრევს ხელისუფლებას, საზოგადოებაში გააჩენს აგრესიას და ა.შ.
სააკაშვილი კატეგორიულად ითხოვს, რომ არავითარი "ბინა", არავითარი "გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა". ახსენებს ჟვანიას ოჯახს, შვილებს და არაფრის მოსმენა არ უნდა. ის მოითხოვს, რომ ბინიდან გამოიტანონ ცხედრები და გარდაცვალების მიზეზი იყოს ნებისმიერი სხვა რამ- გული, ინსულტი... მხოლოდ არა კონსპირაციული ბინა.
მერაბიშვილმა დასვა კითხვა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: კარგი, მიშა, ვთქვათ, ჩვენს ექსპერტიზას დავაწერინეთ ის, რაც გვინდა- გული, ინსულტი, ნებისმიერი რამ. მაგრამ ხომ ცხადია, რომ გარდაცვლილია პრემიერ-მინისტრი, გამოძიებაში ჩართვას მოითხოვს "FBI". ვთქვათ და ავუხსენით მათაც, რატომ გავაკეთეთ ეს. მაგრამ ვიღაც ექსპერტის ენას სად ვდიოთ წლების განმავლობაში- ვინ როდის მოაღებს პირს?
აქვე ადეიშვილი ერთვება, რომელიც ამბობს, რომ გაგუდვისას გარდაცვლილისა და გულით ან ინსულტით დაღუპულის ვიზუალური სტრუქტურა სხვადასხვაა, რასაც ნებისმიერი ადამიანი შეამჩნევს და ეს უფრო მეტ კითხვას გააჩენს. შესაბამისად, სწორედ ეს კითხვები გახდება საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ ნეგატივის ზრდის განმსაზღვრელი და სააკაშვილსა და მის მთავრობას პრემიერის მკვლელის იარლიყის ტარება მოუწევს. ეს იქნება ცუდი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეპუტაციას შეულახავს მთავრობას ქვეყნის გარეთაც და განსაკუთრებით აშშ-ის თვალში.
ირაკლი ოქრუაშვილი მართალს ამბობს- ჟვანიას ცხედარი საბურთალოს #53-ში მიიტანეს. ალბათ, კარგად გახსოვთ ბატონი თემურ შაშიაშვილის მიერ საქართველოდან გადახვეწილ ერთ ქალბატონზე აპელირებაც, რომელიც აცხადებდა, რომ მას და მის მეუღლეს მართლაც შეეფეთნენ ადამიანები საბურთალოს #53-ის სახლის სადარბაზოში, რომლებსაც, სავარაუდოდ, ბინაში ჟვანიას ცხედარი შეჰქონდათ. დიახ, ისინი მართლები არიან. უბრალოდ, იმ ქალბატონისგან განსხვავებით ირაკლი ოქრუაშვილი ნახევარ სიმართლეს ამბობს. ეს ცხედრები ამ ბინიდან გაიტანეს და მერე ისევ დააბრუნეს.
ეს შეცდომა იყო, მაგრამ ეს არ გაკეთებულა ჟვანიას საწინააღმდეგოდ. ახლა ვიღაც იტყვის, რომ ხომ იყო დაპირისპირება მიშას და ზურას შორისო. გარეგნულად არ იყო. ორივემ იცოდა, რომ ერთმანეთი სჭირდებოდათ. რა იქნებოდა მერე, არავინ იცის, მაგრამ მაშინ ზურას გარდაცვალება სააკაშვილისთვისაც შოკი იყო და არამარტო მისთვის.
უბრალოდ, შემდგომ მერაბიშვილმა და ადეიშვილმა შეძლეს მიშას დარწმუნება, რომ ნებისმიერი სხვა ვერსია, გარდა ფაქტისა, დამღუპველი იქნებოდა“.
„ჟვანია გაზით გაიგუდა- ეს არის ფაქტი. სხვა ყველაფერი არის სისულელე. ამ ეიფორიაში ნებისმიერი "სამხილის", ვთქვათ, ფეხსაცმლის დაკარგვა, ან როგორც ბატონი გოგლა ჟვანია აცხადებს- საბურთალოს #53-ში მდებარე ბინაში სუფრის ინსცენირება მიხეილ სააკაშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა და გიორგი ბარამიძემ გააკეთეს- შესაძლოა, სიმართლეს შეესაბამებოდეს. მაგრამ კითხვა "რატომ?" მინიმუმ უზნეოა...“
"ჟვანიას საქმის" დეტალები იციან მისმა ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა, ქალბატონმა ნინომ და თვით გოგლა ჟვანიამაც, რომელიც მას შემდეგ- ქვეყანაში ნებისმიერი პოლიტიკური რყევების დროს- ითხოვს სიმართლის დადგენას. რატომ? მოდით, ბატონი გოგლას მორალურ, პოლიტიკურ და ბიზნესმისწრაფებებს მე ნუ განმახილვინებთ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მან სიმართლე იცის.“
„ამ საქმეში გამოსაძიებელი არაფერია. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც არ დავმალავ- დიახ, მე არ დავმალავ და მოგახსენებთ. "ოცნების" პროკურატურა ცდილობს, ჟვანიას საქმეზე საბრალდებო სკამზე დასვას სააკაშვილი, მაგრამ ცხადია, რომ ჟვანია არ მოუკლავთ შავნაბადაზე, არ უსვრია მისთვის სააკაშვილს საფერფლე, არც არავითარი კონფლიქტი იმ დღეს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არ მომხდარა. "იარაღის საქმე" სიმართლეც რომ იყოს, თავად ჟვანიას დაღუპვის ფაქტთან არავითარ კავშირში არ არის. ისე, პროკურატურის მიერ "ნერგების" საქმეზე დაჭერილი ხარშილაძე- ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი რომ რეალურად ამ საქმეზეა დაკავებული, ესეც ხომ ცხადია. თუმცა პროკურატურამ მისგან სასურველი ჩვენებაც რომ მიიღოს, დაცვის სხვა წევრები დაადასტურებენ ამას? ამაზე ფიქრობენ ტვინგამოლაყებული გამომძიებლები?“.
მომზადებულია ჟურნალ "პრემიერის" მიხედვით
მესმის რომ ქოცის ტვინი (უფრო სწორად ის 41 ხვეული რაც აქვთ) საკმარისი არაა ნათქვამის კონტექსტის ანალიზისთვის @AUTOCRAT