მამა ზაქარია-უცნობი მოწამე ძველი რვეული ვიპოვე, დაკარგული მეგონა და გამიხარდა. ათასი ჩანაწერი მქონდა სხვადასხვა საჭირბოროტო თუ საინტერესო ამბებზე, სხვისთვის გაუგებარი მინიშნებებით, თარიღებითა თუ სახელებით სავსე, მათ შორის, რამდენიმე გვერდი -მამა ზაქარიაზეც. კარგა ხანს ვფიქრობდი ჩემს დიდი პაპაზე რამის დაწერას, მაგრამ, საკმაოდ მწირი და ზოგადი ინფორმაცია მქონდა მის მოღვაწეობასა და მოწამეობაზე. არადა, მცნება ‘’პატივ-ეც მამასა და დედასა შენსა’’, წინაპრების ხსოვნისა და ღვაწლის გახსენებას და მათ პატივისცემასაც ხომ გულისხმობს. ამიტომაც, მძიმე ლოდად მაწვა ამის შეუსრულებლობა. ბებია, ადელინა ლაბაძე, 2005 წლის ნოემბერში გარდაიცვალა, მაგრამ, სწორედ ამ წლის დასაწყისში მოვახერხე მისგან მამა ზაქარიასთან დაკავშირებული საინტერესო ცნობების ჩაწერა. ის მამა ზაქარიას რძალი იყო და გამოდის, რომყველაზე მეტ ინფორმაციასაც ფლობდა მასზე. საინტერესოა, რომ მამა ზაქარიას გარდაცვალებისას (იგი 1928, ზოგიერთი მონაცემით კი 1930 წელს მოკლეს) ბებია 7-8 წლის გოგონა თუ იქნებოდა. შესაძლოა, ბავშვობის მოგონებები, ან შემდგომ გაგონილი ამბები, პატარა სოფელში ჭორად თუ მართლად გავრცელებული ისტორიები, მძაფრ შთაბეჭდილებად შემორჩა ცხოვრების მანძილზე და სწორედ ეს მოვლენები მიამბო სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე. სხვათაშორის, ამ ამბებზე მრავალი ათეული წლის მანძილზე დუმდნენ მღვდლის შვილები, შვილიშვილები და ახლო ნათესავები... საოჯახო ფოტოარქივში მამა ზაქარიას ორი ფოტოსურათი მოგვეპოვება - ერთგან იგი უცნობ მამაკაცთან ერთად დგას, მეორე კი ჯვრისწერის შემდეგ უნდა იყოს გადაღებული. მამა ზაქარიას სპეციალური ჯვრისწერის ჩოხა აცვია, ხოლო ფოფოდიას - ოქრომკედით მორთული, ლამაზი გულისპირითა და ჩიხტიკოპით დამშვენებული თეთრი ქართული კაბა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მამა ზაქარია აბრამიშვილი 19-ე საუკუნის 80-იან წლებში დაბადებულა (ზუსტი თარიღი უცნობია). დედა-რაქიელ ნოზაძე, ადრე დაქვრივებულა და ორი ვაჟი დარჩენია: ზაქარია და ნიკოლოზი. დაქვრივებული ქალი გორიდან დედასთან, ხაშურის რაიონში დაბრუნდა და ხაჩიძე იოსებს მისთხოვდა, რომელიც მამასახლისად მუშაობდა სურამის საბჭოში (თემში). მათ შვილები არ შესძენიათ, თუმცა, მამინაცვალი კეთილი კაცი აღმოჩნდა და გერებს განათლება მიაღებინა. ზაქარია, თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ წმ. ბარბარეს ეკლესიაში (ისანში, პატარა დარბაზული ტიპის ეკლესიაა სასაფლაოზე, მტკვრის სანაპიროზე) ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად მსახურობდა და იქვე ცხოვრობდა. ცოლად შეირთო სონა ლომიძე, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა: ილია(1912), გოგა(1914) დაიღუპნენ მეორე მსოფლიო ომში; ვარა(1917) და შალვა(1918). თბილისში და საერთოდ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა - რევოლუციამ, შიმშილობამ, სასულიერო პირების დევნა-შევიწროებამ, მღვდლის ოჯახი იძულებული გახადა სურამის ახლოს, სოფელ კაკალათხევში გადასულიყო (ეს სოფელი დღეს აღარ არსებობს, 50-იან წლებში, მეწყრის შემდეგ, მოსახლეობა მთლიანად გადაასახლეს სურამის სხვა ახლო სოფლებში). მღვდელი ზაქარია წირავდა სოფლებში ლუბრუმასა და აზარმელში. იმის გამო, რომ იმ დროს სოფელ გვერდისუბანში ვინმე მღვდელი ბებიაშვილი გადაასახლეს, სხვებმა კი იძულებითა თუ ნებით, სამღვდელო კაბა გაიხადეს და საერო ცხოვრებას დაუბრუნდნენ, იგი მალულად აღასრულებდა ნათლობის, ჯვრისწერისა და სხვა საიდუმლოებებს. ურჩობის გამო მამა ზაქარია სურამის საბჭოში დაიბარეს, მაგრამ, პირველ ჯერზე გააფრთხილეს, მრავალშვილიანობის გამო შეიბრალეს და გაუშვეს. შემდეგ საბჭოს აცნობეს, - აღარ მღვდლობსო. მამა ზაქარიამ, სოფელ კაკალათხევში დააარსა სკოლა, სადაც თავად ასწავლიდა წერა-კითხვასა და საღვთო რჯულს. დღესაც შეიძლება იპოვოთ ადამიანი, ან იმ ადამიანის შთამომავალი, ან მისი წინაპარი თუ ახლობელი, რომელიც გაიხსენებს მის მომნათლავ მღვდელს, დაგიდასტურებთ, რომ სწორედ მამა ზაქარიამ შეასწავლა წერა-კითხვა და საერთოდ, განანათლა სოფლის მოსახლეობა. მღვდელს ჰქონდა ბაღ-ვენახი, ჰყავდა ხარები და თავად ამუშავებდა მიწას. დაახლოებით 1927 ან 1928 წელს, კომპარტიის უფროსებმა და ხალმძღვანელებმა ვინმე მულაძემ და ლომიძემ (სოფელ ქემფერში) სხდომაზე ‘’შეარცხვინეს’’ კაკალათხევის მცხოვრებნი, რომ მღვდელი ჰყავდათ და ამის გამო ვერ ეღირსებოდნენ კოლმეურნეობას (მღვდლის მოკვლის შემდეგ, კოლმეურნეობა მართლაც ჩამოყალიბდა სოფელში). მამა ზაქარია რამდენჯერმე გააფრთხილეს, უარი ეთქვა მღვდლობაზე და დაბრუნებოდა ‘’ნორმალურ’’ ცხოვრებას-ერისკაცობას, მაგრამ იგი აგრძელებდა სასულიერო მოღვაწეობას, კვლავაც ნათლავდა ახალშობილებს და სახლის საკურთხებლადაც დაჰყვებოდა თანასოფლელებს. მოძღვრის საცხოვრისი მრავალგზის დაარბიეს, ოჯახიც დააწიოკეს და მუდმივად ემუქრებოდნენ. როგორც იხსენებენ, სახლიდან ორი ურემი სასულიერო წიგნები, ხატები, საეკლესიო ნივთები, სამღვდელო შესამოსელი და სხვა მრავალი რამ გამოიტანეს და დაწვეს. მღვდელი გაკრიჭეს (გადაპარსეს თმა-წვერი), თუმცა, მამა ზაქარიამ წვერი ისევ მოუშვა და კვლავაც განაგრძობდა სამღვდელო ღვაწლს. ბოლოს, უფროსების დავალებით, არჩილ და მიშა ლაბაძეებმა, ნათლობიდან მომავალი მღვდელი (ნათლავდა თავად არჩილის შვილს) მოკლეს. თანასოფლელები თავშესაქცევად იხსენებდნენ, როგორ გარბოდა მღვდელი და თან სთხოვდა მკვლელებს, არ დაედოთ ცოდვა, არ მოეკლათ იგი და ობლად არ დაეტოვებინათათ მისი შვილები. ნასვამი მკვლელები კი მისდევდნენ და ბოლოს, მარგილით მოუსწრაფეს სიცოცხლე. დილით, სოფლის მცხოვრებლებმა მოძღვრის ნაგვემი და თავგაჩეჩქვილი სხეული იპოვეს. ახალი წელი თენდებოდა... მართალია მკვლელები დასაჯეს და დააპატიმრეს, მაგრამ, მალევე გაათავისუფლეს. არჩილს შვიდი შვილი ჰყოლია და შვიდივე მოჰკვდომია; მიშასაც ოთხი შვილიდან არც ერთი შერჩენია, თავად კი მატარებელმა ორივე ფეხი გადაუჭრა და სიცოცხლის ბოლომდე დავრდომილი იტანჯებოდა. მღვდელი სოფლის სასაფლაოზეა დაკრძალული, საფლავის ქვაზე კი ვრცელი წარწერაა-მისი მოკვდინების ისტორიით. ეს არის მოკლე და ტრაგიკული ისტორია ჩემი დიდი ბაბუის, მამა ზაქარია აბრამიშვილის მოწამებრივი აღსასრულის შესახებ, თაობიდან თაობას ზეპირად გადმოცემული და ცხადია, ნაკლული და შეუსწავლელი. ღირსეული წინაპრის გმირობის ამბავი, მის შთამომავალთ სამწუხაროდ, ჯეროვნად არც გვაქვს გააზრებულ-დაფასებული. ვინ იცის, მამა ზაქარიას მსგავსად, რამდენი უცნობი მოწამეა იმ დროს მოწყვეტილი, რომელთა თავდადება და ღვაწლი დღემდე არავინ იცის.
მიხეილ აბრამიშვილი მამა ზაქარია აბრამიშვილის შვილთაშვილი სურამი-თბილისი ივლისი 2011 წელი
წყარო:
https://www.facebook.com/notes/%E1%83%A1%E1...783602301654991 * * *
This post has been edited by სურამელი on 16 Jan 2014, 10:54
მიმაგრებული სურათი