უდანაშაულო დამნაშავე - 8 წლის ბიჭს სასამართლო ბინიდან ასახლებს
"ბავშვი ისტერიკაშია - თუკი სადმე შეგვაღამდა, გამუდმებით ტირის, ჩემს სახლში წამიყვანეთ, ღამე იქ უნდა გავათიოო! ეშინია, რომ თუ არ იქნება, იქ ვინმე სხვა შევა"
ხაშურელი კახურაშვილების კოშმარი კულმინაციას მიუახლოვდა და შესაძლოა, ყველაზე ცუდი შედეგით, - კახურიშვილების ერთადერთი შვილის, 8 წლის გიორგის სულიერი მდგომარეობის შერყევით დასრულდეს, - ოჯახის 4-წლიანმა წამებამ თავისი შედეგი გამოიღო. ამ ხნის განმავლობაში მცირეწლოვანი ბავშვი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის "ჯორჯიან კაპიტალის" მევალედ არის აღიარებული, რის გამოც სახლიდან ასახლებენ.
ჯოჯოხეთი ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი მიზეზით, - მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან არც ისე დიდი სესხის( 6740 დოლარი) გამოტანით და ძალზე დიდი იმედებით დაიწყო, - 2009 წელს ახალგაზრდა ოჯახმა გადაწყვიტა მეცხოველების განვითარებისათვის მოეკიდა ხელი. შეიძლება ითქვას, კახურიშვილები უსაფუძვლო ოპტიმიზმმა დაღუპა.
პროცესები კი ამგვარად განვითარდა...
ნანა კახურაშვილი, გიორგი კახურაშვილის დედა:
- შეუძლებელია იმის აღწერა, როგორ მენგრევა თვალწინ სულ რამდენიმე ხნის წინ ბედნიერი ოჯახი. ჩემი მეუღლე დედისერთაა და როცა ჩვენი შვილი გაჩნდა, ჩემმა მამამთილმა დაიფიცა, - რამდენიც გინდათ, გააჩინეთ, ყველას გაზრდაში დაგეხმარებით, მაგრამ გიორგი ჩემი პირველი სიხარულია და სახლი მას უნდა ვაჩუქოო. ასეც მოიქცა, - 2008 წელს მთელი სახლ-კარი გიორგის ოფიციალურად გაუფორმა. უბედურებები ერთი წლის გასვლის შემდეგ დაგვეწყო. ჯერ იყო და, 2009 წელს ჩემი მეუღლე მოხვდა ავტოკატასტროფაში სამსახურის მანქანით, - გარემოს დაცვის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის ბიუროში მუშაობდა. სამჯერ ამოტრიალებულ მანქანაში კვდებოდა და მინა ხელით გამოამტვრია, ასე გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ ამ ავარიაში მისი ბრალი გამორიცხა, სამსახურიდან წამოსვლა მაინც მოუწია და სწორედ უმუშევრობის გამო გადავწყვიტეთ, ბანკიდან სესხი აგვეღო და პირუტყვი მოგვეშენებინა, - ვიფიქრეთ, რომ ყველაზე საიმედო შემოსავალი ეს იყო. ბანკებმა გვითხრეს, - უზრუნველყოფის გარეშე სესხს ვერ მოცემთ, თქვენი საცხოვრებელი სახლი თქვენი მცირეწლოვანი შვილის საკუთრებაშია, მცირეწლოვანზე სესხი არ გაიცემაო. მეუღლემ, - შეუძლებელია, რაიმე გზა არ არსებობდესო და ასე მიგვასწავლეს თბილისში აზერბაიჯანული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ჯორჯიან კაპიტალი". იქ 7000 დოლარის მოცემაზე დაგვთანხმდნენ, ოღონდაც იმ შემთხვევაში, თუ სესხს მათ ნოტარიუსთან გავაფორმებდით. ასეც მოვიქეცით და სესხი, 6740 დოლარი ავიღეთ.
- ანუ ნოტარიუსმა მოვალედ 5 წლის ბავშვი ცნო? ეს ხომ კანონმდებლობით აკრძალული იყო?!
- დიახ. სამწუხროდ, ჩვენ მაშინ ამაზე არ გვიფიქრია. რაც ვიფიქრებდით, როც კანონები არ ვიცოდით. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდით, რომ "ჯორჯიან კაპიტალმა" და ნოტარიუსმა შეგნებულად გადაგვაგდეს უფსკრულში.
- მერე რა მოხდა?
- მერე ამ სესხით ფერმისთვის შენობა გადავხურეთ და ყველაფერი შევიძინეთ, რითაც ბიზნესი უნდა დაგვეწყო, - ცხვრებიცა და ღორებიც, რომელიც ღორის ჭირით დაგვიწყდა და დავიღუპეთ. ამის მიუხედავად კარგი გადამხდელები ვიყავით, კრედიტს პირველ ხანებში ძალზე კარგად ვიხდიდით. ვიხდიდით ზარალის შემდეგაც, ოღონდაც დაგვიანებით. ასე საბოლოო ჯამში 8200 დოლარამდე გადავიხადეთ. ანუ სესხზე დაახლებით 1400 დოლარით მეტი. თუმცა საუბედუროდ, ამ შემთხვევაში ჩვენმა კანონებმა "ჯორჯიან კაპიტალისთვის" იკანონა და იმის მიუხედავად, რომ სესხი დავფარეთ და გადავაჭარბეთ კიდეც, პირისსაგამტეხლოდ 6000 დოლარის ჯარიმა დაგვაკისრეს, რასაც ვერანაირად ვერ გადავიხდიდით. თანაც მორიგი უბედურება დაგვემატა, - იმ ავარიისთვის, რომლის გამო 2009 წელს ჩემი მეუღლე სამხარაულის ექსპერტიზამ გაამართლა, 2013 წელს მოგვივიდა შეტყობინება, რომ ავარიის ზარალი 13000 ლარი იყო და ეს უნდა გადაგვეხადა. ასე დაგვედო ახალი ვალი, რის გასაჩივრებასაც ვერაფრით მოვახერხებდით, რადგან ადვოკატის ფული არ გვქონდა. ამის შემდეგ ჩვენი სახლი აუქციონზე გავიდა და გაიყიდა. მყიდველი დედაქალაქში ცხოვრობს და თვალით არ მინახავს. ის სახლის დაცლას მოითხოვს და სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელებს გზავნის. ეს უკანასკნელი პირველად რომ მოვიდა და მითხრა, მევალე გიორგი კახურაშვილს დაუძახეთ, უნდა გამოვასახლოო და ჩემი შვილი გამოვიყვანე, გაშტერდა და შეიგინა: რა უბედურებაა, როგორ შეიძლება ბავშვი მევალედ ცნოო! ამ ყველაფერის შემდეგ ჯერ მეუღლის მარტოხელა მამიდას, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს, ინსულტი მოუვიდა, რომლის შემდეგ ცნოიერება დაკარგა და დროდადრო ყვირის ხოლმე. ჩემს ერთადერთ შვილს კი კრუნჩხვები დაეწყო და თვალები დაუელამდა. პირველად ეპილეფსია გვეგონა. ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილეს ფეხებში ჩავვუვარდი და ტომოგრაფია უფასოდ გაგვიკეთეს. გვითხრეს, ეს ეპილეფსია არ არის, ნერვული "წიკებია", ბავშვს სასწრაფოდ უნდა შეუქმნათ მშვიდი გარემოო. რანაირად, როცა ბავშვს ყველა შეტყობინებაზე სახლი უნდა დაცალოთო, ისტერიკა ემართება, - ჩვენ კი ვცდილობთ, ეს დავუმალოთ, მაგრამ ვინც გამოსასახლებლად მოდის, ის საიდუმლოდ ხომ არ დაგვიწყებს ლაპარაკს?! ამიტომ არის ბავშვი ისტერიკაში, - თუკი სადმე შეგვაღამდა, გამუდმებით ტირის, ჩემს სახლში წამიყვანეთ, ღამე იქ უნდა გავათიოო! ეშინია, რომ თუ არ იქნება, იქ ვინმე სხვა შევა.
- ახლა რას აპირებთ?
- სტრასბურგში ჩივილს, ალბათ არასამთავრობებოები დამეხმარებიან... იმ ქვეყანაში, სადაც კანონი მაშინ კანონობს, როცა ვინმეს აწყობს, შვილის გადარჩენა ყველა საშუალებით უნდა შევძლო. თუ ამდენი ნერვიულობით ძალა არ გამომეცალა და არ მოვკვდი, ვიბრძოლებ.
... გვითხრა ქალბატონმა ნანამ და ყველა იმ ადამიანისთვის მადლობის გადახდა გვთხოვა, ვინც ცდილობს, მას დაეხმაროს. ჩვენ სხვა აფერი დაგვრჩა სათქმელი გარდა შეკითხვისა, - როდის გვეღირსება რომ მსგავსი ტრაგედიები ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს!
http://www.kvirispalitra.ge/public/20261-u...-asakhlebs.html