http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-shemcirda.htmlმომსახურების სააგენტოში სხვადასხვა ცნობის გაცემის ღირებულება მცირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა 5 სამუშაო დღეში არის უფასო. აქამდე მოქმედი ტარიფით ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა 3 სამუშაო საათში 80 ლარი ღირს, 1 სამუშაო დღეში საფასური შეადგენს 40 ლარს, ხოლო 2 სამუშაო დღის განმავლობაში – 20 ლარს.
დღეიდან კი შეიცვლება აღნიშნული ცნობების გაცემის ვადები და საფასურები. კერძოდ, ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა მოხდება 1 სამუშაო დღეში და მისი საფასური გახდება 25 ლარი და 3 სამუშაო დღეში - 15 ლარი.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილების მიზანი იყო, დაჩქარებული მომსახურებისთვის განკუთვნილი მაღალი საფასური შემცირებულიყო მოსახლეობის მოთხოვნისა და გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით.
ცვლილებები ასევე ეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის მიღებას. მისი საფასური ამჟამად შეადგენს 20 ლარს და გაიცემა მხოლოდ 5 სამუშაო დღეში.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ცნობებზე ამ ეტაპზე არ მოქმედებს დაჩქარებული წესით მომსახურება და მოთხოვნიდან გამომდინარე 18 იანვრიდან შესაძლებელი იქნება ცნობის აღება 1 და 3 სამუშაო დღეში. დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობის საფასური განისაზღვრება 1 დღეში 25 ლარით და 3 სამუშაო დღეში 15 ლარით, რომელიც დაემატება ცნობის საფასურს.