,,ვიდრე ივანიშვილის მილიარდებს აღფრთოვანებულები შევნატრით, ის ვანილიანი შოკოლადის აბაზანას აბაზანაზე იღებს!’‘
რატომ მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გააქტიურებას მორიგ ,,ვირეშმაკობად’‘, ვის ინტერესებში შედის არასაპარლამენტო ოპოზიციის პოლიტიკური სპექტრიდან გაქრობა, რა მიზნით იწყებს საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციებს და დაინიშნება თუ არა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებამდე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? _ ,,ვერსია’‘ გთავაზობთ ექსკლუზიური ინტერვიუს ლეიბორისტული პარტიის უცვლელ ლიდერ შალვა ნათელაშვილთან.
_ ბიძინა ივანიშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება მისი მხრიდან შემოთავაზებული მორიგი ვირეშმაკობაა. პირველი ცდით საზოგადოება გლობალურად მოატყუა და გააცუცურაკა _ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გააპარა, ნაციონალური მოძრაობა კი მთავარ ოპოზიციურ ძალად დაგვისვა, პარალელურად, სააკაშვილის უკანონო ბიზნესები გადაიფორმა და ქვეყანა საკუთარ შპს-დ აქცია. ამ ადამიანმა სრულიად სახელმწიფო იყიდა, მინისტრებად საკუთარი ხელისბიჭები დაგვინიშნა, ხალხი კი, ჟარგონულად რომ ვთქვათ, ,,დაიკიდა’‘. ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილს არ სურს, მის მიერ შექმნილ იმპერიას დაშლის საფრთხე შეექმნას, სწორედ ამიტომ ახალი ფანდი გაითამაშა და სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა, საიდანაც მთავრობას ზურგს გაუმაგრებს.
_ ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე განაცხადა, რომ პოლიტიკაში დიდხანს არ დარჩებოდა და მოღვაწეობას სამოქალაქო სექტორში განაგრძობდა...
_ ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში მას შემდეგ უნდა გადასულიყო, რაც დაკარგული ტერიტორიების აღდგენის პროცესი დაიწყებოდა, პენსია დაპირებულ500 ლარამდე გაიზრდებოდა, სოფლის მეურნეობაში მილიარდი ლარი ჩაიდებოდა, სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა, მოქალაქეების ბინებიდან გამოსახლების პროცესი გადავადდებოდა, ბანკების დავალიანების რესტრუქტურიზაცია მოხდებოდა და საბანკო პროცენტი დაიწევდა! ბიძინა ივანიშვილმა ერთი დაპირებაც არ შეასრულა, რის გამოც მის მიერ შეკოწიწებულ პოლიტიკურ ძალას დამხობის საფრთხე შეექმნა.
_ ბატონო შალვა, სამოქალაქო სექტორიდან ხელისუფლების დახმარების მცდელობა ალოგიკურად არ გეჩვენებათ?
_ არა. არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით, ივანიშვილი იღბლიან ბორბალს მეორედ დაატრიალებს და მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ექსპერტებსა თუ საზოგადოების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოისყიდის. მმართველი გუნდი დიდი ხანია, ჯიპებითა და ხელფასებით ნაყიდი ჰყავს. ივანიშვილის განმტკიცებული სამოქალაქო საზოგადოება არ გაიშვა! მან სამოქალაქო საზოგადოება კარგად ,,განგვიმტკიცა’‘, როცა 2002 წელს სოროსული ორგანიზაციები ჩამოაყალიბა და სოროსის სახელით სააკაშვილი დააფინანსა, შემდეგ კი ფერადი რევოლუცია მოგვიწყო. ამის შემდეგაც, წლების განმავლობაში, სამოქალაქო სექტორის სახელით, მიხეილ სააკაშვილსა და მის პარლამენტს კოლოსალური თანხები დაახარჯა... ივანიშვილი 20 წელია, ხელისუფლებას აკონტროლებს. მან ჯერ ზვიად გამსახურდია დაამხო, შემდეგ შევარდნაძე ჩამოიყვანა და მისი მაფიოზური კლანი შეიფარა. ასე რომ, ყველაფერი გავლილი გვაქვს და, თუ ერმა ბიძინა ივანიშვილის ტყუილი კიდევ ერთხელ ,,ჭამა’‘, უმჯობესი იქნება, განაჩენს ხელი თავადვე მოვაწეროთ და სრულიად ერი საერთო სახრჩობელაზე ჩამოვეკიდოთ. ისე, ,,ქართულ ოცნებაში’‘ უკვე ხელჩართული ომი მიმდინარეობს _ ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს, სახელმწიფო დაცვის ხელმძღვანელს ივანიშვილის მიერვე დანიშნული პრემიერი არ ენდობა. ამასთან, პრეზიდენტის უშიშროების საბჭოსაც უნდობლობას უცხადებს და ცალკე საბჭოს ქმნის. ფაქტობრივად, ქვეყანაში სამხელისუფლებიანობა გვაქვს. ფაქტია, გუნდში ტოტალური უნდობლობაა, მაგრამ ჩემი აზრით, რაც მალე წაიმტვრევს კოალიცია კისერს, ქვეყანა მით სწრაფად გადარჩება _ კოალიცია უნდა დაიშალოს და ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. სხვა შემთხვევაში, ქვეყნის მომავალი დამთავრებულია!
_ ვიდრე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის იბრძოლებთ, კარს ადგილობრივი არჩევნებია მომდგარი, მასში მონაწილეობის მიიღებთ?
_ ადგილობრივი არჩევნები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროვოცირებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ამ მიმართულებით გარკვეული გეგმები გვაქვს და მოვლენების განვითარებასაც ყურადღებით ვაკვირდებით. არჩევნებში მონაწილეობას კი აუცილებლად მივიღებთ, რადგან 2010 წელს ბოიკოტი არავინ დაგვიფასა. მაშინ პარტიის დაფინანსება და წარმომადგენლობა მსხვერპლად შევწირეთ, ის ადამიანები კი, რომლებმაც გიგი უგულავას გამარჯვება მიულოცეს, დღეს ხელისუფლებაში არიან და მმართველ გუნდს წარმოადგენენ, ამიტომ ამ ქვეყანაში თავგანწირვას რა აზრი აქვს?!
_ არსებობს ვერსია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია კოალიციას ჩამოაყალიბებს. კოალიციაში თქვენც გიხილავთ?
_ ქვეყანა კოალიციებმა დაღუპეს! ვისაც პოლიტიკოსობაზე პრეტენზია აქვს, ბრძოლა საკუთარი პარტიის სახელით უნდა გააგრძელოს. ან რომელ პარტიასთან უნდა დავიწყოთ კონსულტაცია, როცა, ფაქტობრივად, ქვეყანაში რეალური პოლიტიკური ძალა აღარ დარჩა?! თავი კუნძულზე მარტოდდარჩენილი რობინზონ კრუზო მგონია... საქართველოს მასშტაბით აქციებს უკვე ვატარებთ, ხან კანცელარიის წინ ვიკრიბებით, ხან საყდრისის მშენებლობას ვაპროტესტებთ და ტყე-ღრეში დავდივართ... ეს მასშტაბური საპროტესტო ტალღის მოსამზადებელი პროცესია. ,,ქართულ ოცნებას’‘ ხელისუფლების დაკარგვის პათოლოგიურად ეშინია, რასაც 40%-იანი ბარიერიც მოწმობს. საერთოდ, ქვეყანაში სადაც 50%-იანი ბარიერი არ არსებობს, მას სახელმწიფო არ უნდა ერქვას. საარჩევნო კოდექსში ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებული კანონები დღემდე ხელუხლებელია. მეტიც, გაყალბების უკეთ ორგანიზებისთვის ,,ოცნებამ’‘ რამდენიმე ცვლილება შეიტანა _ ნაციონალების დროს კომისიაში 5-6 პარტია მაინც იყო წარმოდგენილი, ახლა კი საარჩევნო კომისიებში მხოლოდ ,,ქართული ოცნება’‘ და ნაციონალური მოძრაობა წევრიანდება. საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთ უბანში 500 ბიულეტენი გამიყალბეს.
_ თუმცა თქვენი სარჩელი სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია...
_ დიახ, ამიტომ გადავწყვიტე, სტრასბურგის გზას დავადგე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება მსგავს ქმედებებს მომავალშიც გააგრძელებს. ივანიშვილსა და სააკაშვილს კადრებიც კი ერთი ჰყავთ _ ახალი მთავარი პროკურორის ბიოგრაფიას გადავხედე, სადაც ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობის პერიოდში გამოზრდილი კადრია. ისინი ერთი მთლიანის ორ სხვადასხვა ნაწილს წარმოადგენენ.
_ ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის მძიმე ბრალდებების წარდგენასა და პარლამენტში ფიზიკურ დაპირისპირებას საერთო თამაშის ნაწილად მიიჩნევთ?
_ რეალურად, პარლამენტში ოპოზიცია არ არსებობს და ერთმანეთს მხოლოდ იმას ედავებიან, ქვეყნის სულიერი და მატერიალური სიმდიდრიდან ვინ უფრო მეტი უნდა შეჭამოს. გარკვეული დაპირისპირება დედმამიშვილებს შორისაც არსებობს, ერთს რომ მოეფერები, მეორე იბოღმება, ,,ქართულმა ოცნებამ’‘ და ნაციონაულმა მოძრაობამ სწორედ ასეთი ოჯახური იდილია მოიწყვეს.
_ სად არის ამ დროს არასაპარლამენტო ოპოზიცია, მათ შორის, თქვენი პარტია და ხელისუფლებას ძლიერ ოპონირებას რატომ ვერ უწევთ?
_ ეს იმის ბრალია, რომ ხელისუფლება არასაპარლამენტო ოპოზიციის განადგურებას მიზანმიმართულად ცდილობს და ოპონენტად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა სურს, რადგან იცის, დამნაშავე ძალას ხალხი აღარასოდეს აირჩევს და მასთან ოპონირება მარტივია. მსგავსი რეპრესიები ოპოზიციურ პარტიებზე ბოლშევიზმისა და ფაშიზმის დროსაც კი არ ყოფილა. ოპონირება როგორ გავუწიოთ იმ ფონზე, როცა ფსიქოლოგიური მანქანა მთელი სიმძლავრით მუშაობს და საზოგადოების ცნობიერებაში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალის დაფიქსირებას ცდილობს _ არ გინდა მეორე, აირჩიე პირველი და პირიქით. ასე ხდებოდა შევარდნაძისა და აბაშიძის დროსაც, როცა მხოლოდ ორი არჩევანი გქონდა, თუ მოქალაქეთა კავშირს მტრობდი, ,,აღორძინება’‘ უნდა აგერჩია. ამიტომაც ვამბობ, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნა, მილიარდიანი საბიუჯეტო გარღვევა მოგვენატრება, რადგან გაისად სახელმწიფო აღარ შეგვრჩება. ნაციონალები კი გაიხარებენ.
_ იზიარებთ მოსაზრებას, რომ ნაციონალური მოძრაობა მალე ხელისუფლებაში დაბრუნდება?
_ თუ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოპოზიციურ ძალად დაფიქსირება მომავალშიც გაგრძელდა, არასაპარლამენტო პარტიების რეპრესიები გაგრძელდა და თუ ბიზნესმა არ დაგვაფინანსა, სააკაშვილისა და ,,ოცნების’‘ მაფია ხელისუფლებაში 30 წლის განმავლობაში იტრიალებს. პირველ რიგში, ერმა ფულის მაძიებლისა და ვერცხლის მოყვარულობის საშინელი სენი უნდა მოიშოროს. სანამ გვეგონება, რადგანაც ივანიშვილს, ბურჭულაძეს, წვერებიან თაღლით ლევან ვასაძესა და სხვა პირებს ფული აქვთ, არჩევნებში ხმა უნდა მივცეთ, თანაც დარწმუნებულნი ვიქნებით, რომ მათი ფინანსები ჩვენი შვილების საკუთრება იქნება, საზოგადოებად ვერ ჩამოვყალიბდებით და ცხვრის ფარად დავრჩებით. იმის ნაცვლად, ივანიშვილს კიდევ ერთი პირობა შეესრულებინა და ქვეყნის განვითარებაში თავისი კაპიტალის 90% ჩაედო, ბეჟუაშვილსა და ებრაელ ბიზნესმენებთან ერთად, საქართველოში ჰესების მშენებლობაში მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა. ასე რომ, ვიდრე ივანიშვილის მილიარდებს აღფრთოვანებულები შევნატრით, ის ვანილიანი შოკოლადის აბაზანას აბაზანაზე იღებს.
რუსუდან შელია
http://labour.ge/ge/component/content/arti...our-is-changingარა რა დარჩა ეგ კაცი ლუკმა პურის გარეშე რომელსაც ნაცები აძლევდნენ არაფერში

ეხლა ცდილობს მშიერი არ მოკვდეს