ერიკ ლივნი: ლარის კურსი, რომ 1.7 ნიშნულზე იყოს, ეს ქვეყანაში უმუშევრობას გამოიწვევდა
http://ipress.ge/new/7608-erik-levini-lari...as-gamoitsvevda“საქართველოს ბიზნესის ნდობის ინდექსმა ყველა დროის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია, მეწარმეთა მოლოდინები პესიმისტურია”, – ბიზნეს სექტორზე კვლევას ISET-ი აქვეყნებს. მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე "აიპრესი" ISET-ის დირექტორს, ერიკ ლივნს ესაუბრა.
– საქართველოს მთავრობა გადასახადების ესტონურ მოდელზე მუშაობს, თქვენი აზრით რომელი ქვეყნის ანალოგია საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის?
– საქართველოს ეკონომიკისთვის არც ერთი ქვეყნის მაგალითი მისაღები არაა, ქვეყანა უნიკალურია და მას საკუთარი მოდელი სჭირდება. საქართველო პატარა ქვეყანაა და მას არაფერი აქვს ისეთი რაც სხვა ქვეყანას არ აქვს. მაგალითად ჩინეთს ჰყავს იაფი მუშა ხელი, სხვა ქვეყნებს ბუნებრივი რესურსები დიდი მარაგი, – რაც საქართველოს ასევე არ აქვს. სწორედ ამიტომ თუ ქვეყანას სურს რომ ინვესტორები მოიზიდოს ის განსხვავებული უნდა იყოს. ასე რომ კითხვა რომელი ქვეყნის ანალოგი იქნება მისაღები, არასწორია. განსხვავებულები და გამორჩეულები უნდა ვიყოთ. არ უნდა მივდიოთ არც ერთ მაგალითს.
როდესაც მე საქართველოში ჩამოვედი პირველი რაც აეროპორტში მოხდა, იყო ის რომ ერთი ბოთლი ქართული ღვინო მაჩუქეს. სხვა რომელ ქვეყანაში ჩუქნიან უცხოელებს ბოთლ ღვინოს? არსად, სწორედ ამაში მდგომარეობს განსხვავებულება. საქართველო უნდა დარჩეს განსხვავებული და გამორჩეული.
- ბიზნესი ჩვენთან ხშირად საუბრობს ხელის შემშლელ კანონზებზე და რეგულაციებზე. თქვენი აზრით, აფერხებს დღეს მთავრობის გადაწყვეტილებები ინვესტორების შემოსვლას ქვეყანაში?
– მაგალითს მოგიყვანთ, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, 2500 ადამიანი იყო დასაქმებული . კომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, რომლის მფლობელიც პატარკაციშვილების ოჯახია. ინვესტიციის მოცულობაც საკმაოდ დიდი იყო. მაგრამ ჰყავს საქართველოს პროფესიონალები ტექნოლოგიების სფეროში ? არა, ისინი კომპანიამ უკრაინიდან ჩამოიყვანა. თუმცა გასული წლის სექტემბერში, საქართველომ მიგრაციის ახალი კანონი წარმოადგინა. კომპანიაში დასაქმებულ უკრაინელებს ცხოვრების ნებართვის აღება მოუწიათ. ამის გამო რუსთავის მეტალურგიული ქარხანა რამოდენიმე თვის მანძილზე პარალიზებული იყო. უკრაინელებს კი ცხოვრების ნებართვის მისაღებად დიდი პროცედურების გავლა მოუხდათ. სჭირდებოდა საქართველოს ეს კანონი? რა თქმა უნდა არა. მსგავსი პრობლემა შეექმნა კომპანიას ნოემბვერშიც, როდესაც ის ჩინელ ინვესტორებთან 20 მილიონ დოლარიან ხელშეკრულებას აფორმებდა. მსგავსი მიდგომით კი ქვეყანა ინვესტორებს ვერ დააინტერესებს.
- თქვენს კვლევაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური დისკუსიები საქართველოს ეკონომიკის ზრდას ხელს უშლის, რა სახის პოლიტიკურ დისკუსიებს გულისხმობდით? აღნიშნულში მთავრობის შემადგენლობაში ხშირი ცვლილება ხომ არ მოიაზრება?
– რა თქმა უნდა მინისტრთა კაბინეტის ცვლილება საინვესტიციო კლიმატზე მოქმედებს. მსხვილ ინვესტორებს პირდაპირი კონტაქტი აქვთ მინისტრებთან და რა თქმა უნდა მსგავსი ხშირი ცვლილებები პროცესს უკან წევს. თუმცა ეს არ არის ძირითადი საკითხი.
მთავარი საკითხი არის არაპროგნოზირებადი პოლიტიკური გარემო. კანონები და რეგულაციები საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. მაგალითად ავიღოთ აქციზის განაკვეთის გაზრდაზე კანონი. მთავრობას ალკოჰოლურ სასმელებზე კანონის ჰარმონიზცია უნდა მოეხდინა ევროკავშირის რეგულაციებთან, თუმცა აღნიშნულის გაკეთება მთავრობას 3-5 წლის მანძილზე შეეძლო. თუ თქვენ ევრორეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანას 5 წლის მანძილზე გააკეთებდით, ეს არც მომხმარებელს და არც მწარმოებელს არ დააზარალებდა. თუმცა მთავრობამ მაღალი აქციზის დაწესება მიმდინარე წლიდან გადაწყვიტა, ბიზნესთან კონსულტაციები გაიმართა, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს კონკრეტული პასუხი ვერ გაეცა.
- ბოლო პერიოდში კიდევ ერთი კანონი გახდა განხილვის საგანი, რომელიც ეროვნულ ბანკს ეხება…
– აღნიშნული კანონპროექტის განხილვის შესაძლებლობა ჯერ-ჯერობით არ ყოფილა. მე მგონია, რომ მთელი ეს პროცესი განტევების ვაცის ძიებაა.
- თვლით რომ აღნიშნული კანონპროექტი საბანკო სექტორს გამართულად მუშაობაში დაბრკოლებებს შეუქმნის?
– კანონპროექტი თავის თავში პრობლემატური არ არის. მთავრობას შეუძლია გამოაცალკევოს საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკისგან და მას სხვა სახელი დაარქვას, ამით მხოლოდ ინსტიტუტის სახელი შეიცვლება. აღნიშნული ძირეულ ცვლილებას არ გამოიწვევს. სხვადსხვა ქვეყნებს სხვადასხვა მოდელები აქვთ. მთავარი საკითხი აქ არის, ის რომ პოლიტიკური მიზნების გამო სხვადასხვა ინსტიტუტების დესტაბილიზაცია მიმდინარეობს. დღეს ერთი ინსტიტუტის დესტაბილიზაცია, ხვალ უფრო მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დაკნინებას გამოიწვევს. თუ მართლაც პარლამენტი იქნება გადამწყვეტი ფიგურა საბანკო სექტორის ზედამხედველობაში ეს საშინელ შედეგს გამოიტანს. ზედამხედველი არ უნდა იყოს არც პარლამენტი და არც სხვა პოლიტიკური ფიგურა, ის უნდა იყოს დამოუკიდებელი.
- თუმცა ხშირად მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობაში, გიორგი ქადაგიძეს სწორედ პოლიტიკური „ანგაჟირების“ გამო სდებენ ბრალს, კანონპროექტის შექმნის მიზეზადაც სწორედ პოლიტიკური ინტერესები დასახელდა
– ქართული ლარი საუკეთესო პოზიციაშია. წარმოიდგინეთ რომ ლარის კურსი დოლარის მიმართ კვლავ 1,7-ზე ყოფილიყო, ისე როგორც ეს გასულ წელს იყო, ჩვენ ძალიან „ძვირი“ გავხდებოდით სხვა სავაჭრო პარტნიორებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის. არავის ენდომებოდა ქართული პროდუქტის ყიდვა და იმპორტი მეტ კონკურენციას გაუწევდა ადგილობრივ პროდუქტს. ამით კი სამუშაო ადგილების შემცირება მოხდებოდა, ჩვენ ვერაფრის გაყიდვას შევძლებდით. აღნიშნული საქართველოს ერთ სურათამდე მიიყვანდა – გაზრდილი უმუშევრობა და შემცირებული ვაჭრობა. ეს ერთ სურათამდე მიგვიყვანდა – ხალხი პროტესტს ქუჩებში გამოხატავდა, ლონზუნგით – “ჩვენ გვინდა სამუშაო ადგილები”.
- თვილით რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა სწორი იყო?
აბსოლუტურად სწორი იყო, მათ არ დახარჯეს რეზერვები. ბანკის პოლიტიკა საკმაოდ მაღალპროფესიული იყო და შედეგიც სახეზეა.
დღევანდელი სიტუაცია, როდესაც ერთი მეორეზე გადაბრალება ხდება, მხოლოდ პოლიტიკური მცდელობაა იმის საჩვენებლად ვინ არის კარგი და ვინ ცუდი ბიჭი.