მოდერებს ვთხოვ ეს თემა ც ჰეპატიტზე გახსნილ სხვა თემებს არ შეუერთონ. რამდენიმე დღე აქ ვრცელდებოდა მცდარი ინფორმაცია და სასურველია ეს პასუხი მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა ნახოს. ავადმყოფთა რაოდენობა დიდია და თითოეულს აინტერესებს ხვალ რა იქნება
მოკლედ, რომ განვმარტო საფრანგეთში მკურნალობაზე შეზღუდვები არაა
დანარჩენი ქვემოთ იხილეთ:
წყარო:
https://www.facebook.com/photo.php?fbid=101...75047316&type=1ავტორი:არჩილ თალაკვაძე
თბილისის ფორუმზე, სოციალურ ქსელ ფეისბუქში და ინტერნეტ მედიაში (მაგ. reportiori.ge) კანტი-კუნტად შეხვდებით საქართველოში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის მიმართულებით დაწყებული რეფორმების დისკრედიტაციის მცდელობებს.
რა გარდატეხა მოახდინეს საქართველოს მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ C ჰეპატიტის წინააღმდეგ და როგორია ამ მიღწევების საპირისპიროდ მიმართული უღიმღამო კამპანია. მოკლე ანალიზი:
საქართველოს მიღწევები C ჰეპატიტის წინააღმდეგ:
A) მთავრობამ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა, დაამტკიცა და დააფინანსა C ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში უზრუნველყოფს წელიწადში 12000 ადამიანის სკრინინგს, 5000 ადამიანის ვაქცინაციას B ჰეპატიტზე, 3000 ადამიანის გამოკვლევას სრული პაკეტით და 500 ადამიანის მკურნალობას წელიწადში პეგ. ინტერფერონით და რიბავირინით.
B) მთავრობამ (4 მინისტრის და ორი პრემიერმინისტრის უშუალო ჩართულობით) ჩაატარა პრინციპული მოლაპარაკებები C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მედიკამენტების გლობალურ მწარმოებლებთან, პენიტენციური სისტემისთვის მოამზადა და ჩაატარა გამჭვირვალე, კონკურენტული და ეფექტური ტენდერი მედიკამენტების შესაძენად, რომლითაც მედიკამენტის ფასი 60%-ით შემცირდა ერთ ფლაკონ პეგ.ინტერფერონზე და რიბავირინზე (250$-დან 93$-მდე).
C) ტენდერით მიღებული ფასი გავრცელდა 10 000 მოქალაქეზე, რომლებიც 2014 წლის 1 ივლისიდან იყიდიან მედიკამენტებს 60%-იანი ფასდაკლებით (შედარებისთვის: აქამდე საქართველოში წელიწადში 300-400 პაციენტი თუ ახერხებდა მკურნალობას საკუთარი ხარჯებით).
D) პეგ. ინტერფერონზე მიღებული ახალი ფასით საქართველო მსოფლიოში მედიკამენტის სიიაფის მიხედვით მეორე ადგილზეა ეგვიპტის შემდეგ (რომელსაც ვერც კი შევედრებით მოცულობით, რადგან იქ წელიწადში 20-30.000 მოქალაქე მკურნალობს C ჰეპატიტზე!!!); ეს ფასი არის ახალი მაგალითი და ორიენტირი იმ ქვეყნებისთვის, სადაც მკურნალობის ღირებულება ჯერ კიდევ ძალიან მაღალია.
E) C ჰეპატიტის წინააღმდეგ სპეციალური პროგრამის შემუშავებით საქართველო გახდა მაგალითი კავკასიის რეგიონის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, სადაც, მიუხედავად საჭიროებისა, ამ ტიპის პროგრამები ჯერ კიდევ არ არსებობს.
F) საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, საქართველო ხდება გლობალური ლიდერი C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან პროგრამის შემუშავება პატიმრებისთვის და ფასის გავრცელება 10 000 მოქალაქეზე არის საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე მკურნალობის ხელმისაწვდომობის ყველაზე დიდი გაფართოება. იხ. სტატია:
http://www.opensocietyfoundations.org/voic...nst-hepatitis-cდღემდე საქართველოში მკურნალობა მხოლოდ C ჰეპატიტით და შიდსით ერთდროულად დაავადებული პაციენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი და ისიც მხოლოდ გლობალური ფონდის დაფინანსებით.
G) პენიტენციურ სისტემაში პროგრამის დაწყებით საქართველომ არამხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის მოგვარება სცადა, არამედ გამოვიდა თავის მართლების რეჟიმიდან ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, რადგან სასჯელაღსრულების სისტემაში დიაგნოსტიკის და მკურნალობის შეზღუდვით სახელმწიფომ 4 საქმე წააგო სტრასბურგის სასამართლოში (კონვენციის მესამე მუხლის დარღვევის გამო - წამების აკრძალვა) და კიდევ არაერთი სარჩელის გამო მოუწევდა თავის მართლება.
დისკრედიტაციის მცდელობები:
ერთ-ერთი ფორუმელი: „ჩვენმა თანამემამულეებმა ძლივს მოახერხეს და საფრანგეთში გააღწიეს უმეტესობამ ვალებით, ოღონდ რამენაირად სიცოცხლე შეინარჩუნონ და ამ იდიოტებმა კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ფაქტიურად“. დაწყებული რეფორმების შემდეგ საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეებს აღარ მკურნალობენ?!
ერთ-ერთი რესპოდენტი reportiori.ge-ზე: “100 ათასზე მეტი ადამიანი შემოუსვლელად არის გასული საქართველოს ტერიტორიიდან. ისინი საფრანგეთის ტერიტორიაზე C ჰეპატიტის მკურნალობის უფასო კურსით სარგებლობდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ პენიტენციურ სისტემაში არსებული ბენეფიციარებისთვის C ჰეპატიტის მკურნალობის უფასო კურსის განხორციელება დაიწყო, საფრანგეთმა შეაჩერა საქართველოს მოქალაქეებზე აღნიშნული უფასო პროგრამის განხორციელება.”
ერთ-ერთი ფეისბუქელი: ამიერიდან გაურკვეველი ვადით, საფრანგეთი უარს აცხადებს საქართველოს მოქალაქეებზე გასცეს პოლიტიკური დევნილის სტატუსი და სასამართლო წარმოებაში მიიღოს შესაბამისი განაცხადი, თუ განმცხადებლის ისტორია უშუალოდ არ უკავშირდება მისი ფიზიკური განადგურების, ანუ სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს, რაც დამტკიცებული უნდა იქნეს შესაბამის ინსტანციებში დოკუმენტალურად და არა ზეპირი თხრობის სახით. ასევე სამედიცინო დახმარება შეუწყდათ "ც" ჰეპატიტით დაავადებულ ბენეფიციარებს, რომელნიც ექვემდებარებოდნენ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებას, მიეღოთ შესაბამისი უფასო სამედიცინო დახმარება და დროებითი საცხოვრებელი ვიზა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლებით, რაც გამოიწვია 2013.08.06 საქართველოში საფრანგეთის საელჩოში, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მიწოდებულმა მცდარმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საქართველოში ამოქმედდა "ც" ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა.
სანამ შედარებას გააკეთებთ და დასკვნებს გამოიტანთ:
ჯანმრთელობის დაცვის უფლება გარანტირებულია „ევროპის სოციალური ქარტიით“. საფრანგეთის ხელისუფლება ქარტიის მხარეა და ამ ქარტიის მე-11 მუხლით აქვს ვალდებულება ჯანმრთელობის დაცვის უფლება ეფექტურად განახორციელოს მის ტერიტორიაზე, რაც ამ მუხლის ჩანაწერით მოიცავს „ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების მაქსიმალურად აღმოფხვრას“. ეს მუხლი რომ ქართველ მიგრანტებსაც იცავს საფრანგეთში, დაწვრილებით არის განმარტებული აქ:
http://www.coe.int/t/dgi/publications/hrha...14(2013)_en.pdf და ეს მუხლი არამხოლოდ C ჰეპატიტის, არამედ სხვა დაავადებების მკურნალობასაც მოიცავს. შესაბამისად, თუ რომელიმე განყოფილებამ უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეს მკურნალობაზე საფრანგეთში, მან დაარღვია კონვენცია და აქ არაფერ შუაშია საქართველოში დაწყებული C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა.
საქართველოს 100.000-ზე მეტი მოქალაქე რომ სარგებლობს საფრანგეთში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამით, ეს როგორც მინიმუმ მიგრაციის საკითხებში სრულიად გაუცნობიერებელი ადამიანის აზრი და დეზინფორმაციაა. ოფიციალური მონაცემებით, რომელსაც საფრანგეთი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად აქვეყნებს, საფრანგეთში საქართველოდან მიგრანტების რაოდენობა 2000-ს არ აღემატება. თავად გადაამოწმეთ აქ:
http://www.iom.int/cms/en/sites/iom/home/a...-migration.html ამ 2000 ადამიანიდანაც კი დაუჯერებელია უმრავლესობა იყოს ჩართული საფრანგეთში მკურნალობაში, რადგან ინფექციის გავრცელება საქართველოს მოსახლეობაში დაახლოებით 6,7%-ია.
საქართველოს ხელისუფლებამ რომ საფრანგეთის ხელისუფლებას მისწერა, „C ჰეპატიტის პროგრამა დავიწყე და მკურნალობა ყველასთვის უფასოაო“, ესეც მტკნარი სიცრუეა, რადგან არსებობს წერილი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მისწერა დიასპორის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც ამგვარი არაფერი წერია - მასში ნათლად არის განმარტებული, რომ სახელმწიფო აფინანსებს პროგრამას მხოლოდ პენიტენციურ სისტემაში. აღნიშნულმა სამინისტროებმა კი ორ მოქალაქეს თავად გაატანეს საფრანგეთში ამ წერილის ასლები, რომლის საფუძველზეც არავითარი დეპორტი არ მომხდარა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველას მოგმართავთ კითხვით: შევწყვიტოთ ჩვენი პატიმრების მკურნალობა და დანარჩენი მოქალაქეებისთვის მკურნალობის ფასის გაიაფება? შევწყვიტოთ სამოქალაქო პროგრამის შემუშავების პროცესი მომავალი წლებისთვის?