https://www.facebook.com/mcla.gov.officialსაქართველოს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს სოზარ სუბარს მე-19 დაწესებულებაში (ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი) არსებული პრობლემების მოგვარების რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაციაში რამდენიმე საკითხია აქცენტირებული. კერძოდ: 1. მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები; 2. ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართათვის გვერდითი მოვლენების გამოვლენა და მართვა; 3. თანმხლები დაავადებების დროული გამოკვლევა და მკურნალობა; 4. ფსიქიატრის და ფსიქოლოგის ხელმისაწვდომობა; 5. ინფექციის კონტროლის ღონისძიებების გატარება; 6. საკვების ხარისხი და ულუფა; 7. დისციპლინური სახდელები. სახალხო დამცველი მიმართავს მინისტრს, შეისწავლოს გამოვლენილი პრობლემები და მიიღოს სათანადო ზომები. სამინისტრომ განიხილა სახალხო დამცველის რეკომენდაციები და თანმიმდევრულად აქვეყნებს მათზე პასუხებს: 1. მედიკამენტებთან დაკავშირებით სამედიცინო დეპარტამენტის სამედიცინო რეგულირების სამმართველომ პატიმართა საჩივრების საფუძველზე ჯერ კიდევ 22 იანვარს ჩაატარა მოულოდნელი შემოწმება. შედეგად გვერდითი მოვლენების ფორმაში მოცემული 28-ვე გართულების სამკურნალო ყველა მედიკამენტი ადგილზეა (მაგალითად: ჰეპატოპროტექტორების 3 ნაირსახეობა, დერმატოლოგიური გართულებების 20-ზე მეტი სხვადასხვა მედიკამენტი, 12 დასახელების ანტიდეპრესანტი და 11 დასახელების საგულე საშუალებები). სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს თან არ ახლავს იმ პაციენტთა სამკურნალო დანიშნულებების შედარება მედიკამენტების საბაზისო სტანდარტთან, რომელზე დაყრდნობითაც სავარაუდოდ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დასკვნები უნდა მოემზადებინათ. 2-3. ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართათვის გვერდითი მოვლენების გამოვლენასა და მართვასთან, ასევე თანმხლები დაავადებების დროული გამოკვლევასა და მკურნალობისთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ უკვე დანერგილია გვერდითი მოვლენების აღრიცხვის სტანდარტი, 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე კი ტუბერკულოზის ცენტრიდან სხვადასხვა სპეციალიზებული ჩარევისთვის 209 პაციენტია გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოებში. ასევე დაფიქსირებულია 2057 კონსულტაცია, რომელიც მოწვეულმა სპეციალისტებმა ადგილზე ჩაატარეს. ვითარების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სამედიცინო დეპარტამენტი კომპლექსურ შემოწმებას დამატებით ჩაატარებს და შედეგებს გაცნობებთ. 4. ფსიქიატრის და ფსიქოლოგის ხელმისაწვდომობა - დაწესებულებას ემსახურება ფსიქიატრი, რომლის მოწვევაზე და კონსულტაციებზე გადაწყვეტილებას იღებს სამედიცინო პერსონალი. ფსიქიატრთან დაკავშირებული პრეტენზიები განპირობებულია პატიმართა მხრიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების ზედოზირებული მოთხოვნებით, რომელსაც სამედიცინო სტანდარტების და კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ფსიქიატრი როგორც წესი არ აკმაყოფილებს. 5. ინფექციის კონტროლის ღონისძიებების გატარება - ინფექციის კონტროლის კუთხით დაწესებულებაში ვითარება წინა წლებთან შედარებით დიამეტრალურად გაუმჯობესდა. კერძოდ, განყოფილებებსა და საკნებს შორის შექმნილია წნევათა სხვაობები, ხდება პალატების იზოლირებული ვენტილაცია, მოწყობილია დამოუკიდებელი და იზოლირებული სასეირნო სივრცეები, სტანდარტის დაცვით ხდება სამედიცინო ნარჩენების მენეჯმენტი, ბიომასალის აღება გამოკვლევებისთვის და სხვა. 6. საკვების ხარისხი და ულუფა - ტუბერკულოზის ცენტრში კვების სტანდარტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2013 წელს - რაციონში შევიდა ბოსტნეული, ბურღულეული, საქონლის ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, თაფლი, ხილი და სხვა. მისი გაუმჯობესება 2014 წლის თებერვლიდან კიდევ მოხდება. საკვების ხარისხის და ულუფების კონტროლი ხორციელდება დადგენილი წესით. კვების ორგანიზებას კი სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახდენს. სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე სამინისტრო კვების პირობებს კიდევ ერთხელ გადაამოწმებს. 7. დისციპლინური სახდელების გამოყენება ხდება კანონმდებლობის თანახმად. იზოლირებულ პალატაში მოთავსება ხელს არ უშლის ამბულატორიულ პაციენტთა მკურნალობის პროცესს. ტუბერკულოზის ცენტრი არამხოლოდ სამედიცინო, არამედ თავისუფლების აღკვეთის, საპატიმრო დაწესებულებაა და უხეში დარღვევების შემთხვევაში დაავადების სტატუსი ამბულატორიული პაციენტებისთვის დაუსჯელობის გარანტია ვერ იქნება. ტუბერკულოზის ცენტრის მართვის და განვითარების გეგმაზე სამედიცინო დეპარტამენტი მუშაობას ახალი სტრატეგიის ფარგლებში იწყებს. დაწესებულებაში არსებული პრობლემების შესწავლის და მათზე რეაგირების მიზნით, მინისტრმა სათანადო ზომები ამა წლის 22 იანვარს უკვე მიიღო და ამ მომენტისთვის დაწესებულების მართვაში ახალ მთავარ ექიმთან ერთად, ჩართულია სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალური ჯგუფი, რომელიც სამედიცინო რეგულირების, ფარმაციის მენეჯმენტის, პროგრამის მართვის სპეციალისტებითა და ფთიზიატრებით არის დაკომპლექტებული.