Natradze13
Value your loved ones!

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 600
წევრი No.: 131263
რეგისტრ.: 14-May 11
|
#28251171 · 10 Nov 2011, 18:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შემოდგომის ერთერთი ქარიანი დღეა... არაფერი იუწყება დღევანდელი ამბის შესახებ, ყვალაფერი თავის ადგილზე და თავის დროზეა: დილით ჩიტები აჭიკჭიკდნენ; ბებომ როგორც ყოველთვის გამოიტანა მზესუმზირა გასაყიდად თავის ჩვეულ ადგილას და არემარეს გადახედა; აგერ მეეზოვემ დაიწყო თავისი კუთვნილი ტერიტორიის მოწესრიგება და ჩიტებსაც მოესალმა და ზემოთ ნახსენებ ბებოსაც, ბენზინგასამართი სადგურის მუშაკებს და აგრეთვე სამსახურში მიმავალ ნიკო პაპას, რომელიც დღეს რატომღაც კარგ ხასიათზე იყო....
ნელნელა ქუჩა მანქანებით, სამარშრუტო ტაქსებით და ავტობუსებით აივსო, რომელიც სამსახურში, სკოლაში, უნივერსიტეტში, ბაღში, პაემანსა და ვარჯიშზე მიმავალი დედებით, მამებით, ვაჟებით და ქალიშვილებით იყო სავსე.... ქუჩა ივსებოდა ასევე ფეხით მიმავალი ხალხით, ძაღლებით, კატებით და მრავალი სხვა სახის ცოცხალი არსებებით... ყველას თავისი საქმე ჰქონდა, ყველა რაღაცას აკეთებდა: ჩქარობდა, მუშაობდა, უსაქმურბდა, ზარმაცობდა, უყვარდა, ეზიზღებოდა... სიცოცხლე ჩქეფდა! ნაწყენი, შეშინებული, დაბოღმილი, გაბოროტებული, შეყვარებული, დარდიანი, ნაღვლიანი, საქმიანი, ზარმაცი, უსაქმური, გახარებული თუ დამსხვრეული, ის მაინც ჩქეფდა! ჩქეფდა.
ხიდი მაღალი იყო. რკინისა და ბეტონისაგან აგებული ეს დიადი ნაგებობა გადაჰყურებდა თბილისის ყოველდღიურ ცხოვრებას, რაღაცაზე ფიქრობდა და მდუმარედ ებრძოდა დროს, უძლიერეს და დაუნდობელ დროს, რომელიც ყველაფერს შიშის ზარს სცემს.. არ იბრძოდა მხოლოდ ეკა. მას არაფერი ჰქონდა დარჩენილი რისთვისაც მას ბრძოლა უღირდა.. არაფერი...
ამ ხიდიდან ბევრი ადამიანი გადამხტარა და ყველა ცოცხალი დაბრუნდა.. მაგრამ ეკა არც თოკს იბავდა ფეხზე და არც პარაშუტს იკეთებდა. ის დაბრუნებას არც აპირებდა.. რომც დაბრუნებულიყო რა? არც არაფერი! მეორე დღეს ის მაინც მოვიდოდა აქ..
ეკამ მოაჯირი წარმატებით გადალახა და ახლა მას და ამ უაზრო ცხოვრების დასასრულს მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა.. ერთი ნაბიჯი, ერთი წამი, ერთი მოძრაობა, ერთი გაფიქრება, ერთი ნერვული იმპულსი.. ეკას თვალწინ მთელმა ცხოვრებამ გაურბინა: პირველი სიტყვა, პირველი ნაბიჯები, პირველი კლასი, პირველი მეგობარი, პირველი ორიანი, პირველი სიყვარული... “არა! სიყვარულის ხსენებაც არ მინდა!”
- რაო? გადავხტეთ ერთად? – შემოესმა უცებ ეკაც ვიღაცის თბილი ხმა. ეკამ მისგან ორ მეტრში ბიჭი დაინახა, რომელიც მოაჯირზე გადმომძვრალიყო და სევდიანი სახით უყურებდა მტკვრის ნიაღვრებს და აშკარად ისიც აპირებდა გადახრომას.
- ვაიმე, როგორ შემაშინე.. – შეჰყვირა ეკამ. - აქ რას აკეთებ? ფრთხილად, არ გადავარდე!
- გადავვარდე? ჰეჰ, მეც ეგ არ მინდა! ნეტავ ჩემს ცხოვრებას აზრი თუ აქვს ამ ყველაფრის მერე? რა დამრჩენია ამქვეყნად? სიძულვილის და ტკივილის გარდა ამ ცხოვრებას ჩემთვის არაფერი მოუტანია და ვეღარც მომიტანს. მე მას არ მივცემ უფლებას რომ ასე გააგრძელოს და კიდევ მომაყენოს ტკივილი..
- და რა მოხდა?
- მე ის ძალიან მიყვარდა.. ჩემი კლასელი იყო.. 7-ე კლასიდან ერთად ვიყავით და უნივერსიტეტიც ერთად დავამთავრეთ.. ცოლად მოვიყვანე და ჩემზე ბედნიერი ადამიანი ამქვეყანად არ არსებობდა. არავინ! ვერც ვერავინ იარსებებს ჩემზე ბედნიერი, მე რომ იმ პერიოდში ვიყავი, ვერავინ! ყოველი დღე ბედნიერებით იწყებოდა და ბედნიერებით მთავრდებოდა.. ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი სიყვარულის ნაყოფიც მოევლინა ამ ქვეყანას.. პატარა ანგელოზი. პატარა ელენე. – მას ხმა აუკანკალდა, თვალებში სითბოს ნაცვლად ზიზღმა და ბოროტებამ დაისადგურა.. მან ჯიბიდან რაღაც ფოტოსურათის მაგვარი ამოიღო და ხელში ატრიალებდა. – ერთმა დღემ გადაწყვიტა ყველაფერი, ერთმა წამმა, ერთმა შეცდომამ და ერთმა მოქმედებამ! ვიღაცის უჭკუობის გულისათვის მე ყველაზე ბედნიერი ადამიანისგან ყველაზე უბედურად გადავიქეცი.. გესმის, ყველაზე უბედურად!!! ავარიამ ორივენი წამართვა, ორივენი! – მან სურათს დახედა და აცრემლიანებულმა აკოცა..
- შეიძლება სურათი ვნახო? – მორიდებულად ჰკითხა ცრემლნარევმა ეკამ.
- რათქმაუნდა! – ბიჭმა სურათი გადაუწოდა და როცა ეკამ, როგორც აღმოჩნდა, ბიბლიოთეკის საშვი გამოართვა, ბიჭმა მაგრად ჩასჭიდა ხელი მკლავში და ჯერ თვითონ გადაძვრა მოაჯირზე და მერე ძალით ეკაც გადმოათრია..
- უნამუსო! კრეტინო! იდიოტო! – მოტყუებული და გადარჩენილი ეკა სიტყვებს და ენერგიას არ იშურებდა ბიჭის გასალანძღად..
- კაი, კაი, დამშვიდდი, ზოგჯერ ტყუილიც საჭიროა როცა საქმე მოითხოვს – ამშვიდებდა ბიჭი. – ყველაფერს ამქვეყნად თავისი დანიშნულება და შედეგი აქვს, მთავარია ის თავის დროზე გამოიყენო.. მოდი ახლა დამშვიდდი და მითხარი რამ გადაგაწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა.. ოღონდ ჩემსავით არ დაიწყო ტყუილები!
- არავისი დანახვა არ მინდა! უბედური ვარ! ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ მიდის! – ცოტა დამშვიდებული ეკა უკვე ნდობით მიეპყრო უცნობ გადამრჩენელს..
- მე შენს პირადში ჩარევას არ ვაპირებ. უბრალოდ..
სიცოცხლე ზოგისთვის არაა სასიამოვნო რამ, მაგრამ მისი გაუმჯობესება შესაძლებელია. ამისათვის არაა საკმარისი მოიგო მილიონი ლატარეაში, მიიღო ნობელის პრემია, ცოლად გაჰყვე ოცნების მამაკაცს, გახდე ქველმოქმედი – ყველაფერი ეს ცვალებადი და დროებითია. იმისათვის, რომ ბედნიერებას გრძნობდე უსასრულოდ, ჭირში და ლხინში, საჭიროა ორი რამ: პირველი - უნდა შეგეძლოს აწმყოთი სიამოვნება, რაც არ უნდა იყოს ყველაფერში უნდა მოძებნო დადებითი მხარე, და მეორე - უნდა აცნობიერებდე რომ შეიძლებოდა ყველაფერი უარესად ყოფილიყო! და ეს რთული არაა:
როცა ფეხზე აგური დაგეცემა, გაიღიმე, რადგან ხის მორი არ დაგეცა; როცა ასანთით თითს დაიწვავ, გიხაროდეს რომ ხელში 220 ვოლტიანი დენგამტარი არ გეჭირა; როცა თითში ხიჭვი შეგერჭობა იხტუნავე სიხარულისგან, რადგან თვალში არ მოგხვდა; როცა გტკივა კბილი, მაშინ ეს ოხვრა სიხარულისა უნდა იყოს, იმისა, რომ არ გტკივა ყველა კბილი; როცა მიჰყავხარ პოლიციელებს ფეხები დაუკოცნე, რადგან წილად პატივი გხვდა წახვიდე განყოფილებაში, და არა კრემატორიუმში; ქმარმა გიღალატა? ამაზე სასიხარულო ამბავი არა გქონია ჩათვალე, რადგან ის გღალატობს შენ, და არა სამშობლოს! გიხაროდეს რომ ჭამ ობიან პურს, და არა მწვადს, რომელიც სიკვდილის წინ ციხის სამმართველოს შეუკვეთე; გიხაროდეს რომ ცუდად ხარ შენ, და არა შენი ახლობლები; გიხაროდეს რომ ხარ გოგო, და არა მინდორში მომუშავე ცხენი, ურემში შებმული ვირი, დასაკლავი ღორი, შესაწირი ცხვარი და ამდაგვარი რამ. გიხაროდეს ეს ცხოვრება, რომელიც ღმერთმა იმისათვის გიბოძა რომ შენ აქ ყოფნით ასევე გაახარო სხვები და ამქვეყნიურ ცხოვრებას აზრი მისცე... დათესე სიკეთე, რადგან გარშემო ბოროტებაა; დათესე სიყვარული, რადგან გარშემო სიძულვილია; შენ მაგალითს სხვას მისცემ, ის სხვა კიდე სხვას და ასე გეომეტრიული პროგრესიით გაგრძელდება, და როცა შენ ამ შედეგს დაინახავ, დამიჯერე, ბედნიერი იქნები...
და კიდევ... რა აზრი აქვს კანკალებდე და ფიქრობდე რამე არ დამემართოსო? ან შენი სიკვდილის დღეს ელოდებოდე? მაინც თავის მოკვლას აპირებდი და არ სჯობს ყოველი დღე ისე გაატარო, თითქოს ის შენთვის უკანასკნელია? ყოველდღე გააკეთო ის, რასაც სიკვდილის წინ გააკეთებდი? ეს ხომ ეს არც ისეთი რთულია!
ხო, შენი სახელიც კი არ ვიცი.
- ეკა!
- გიო!
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
ცივა.. მთელი დღეა თოვდა.. და ახლა უკვე ღამის თბილისს გადაფარებული აქვს თეთრი საბანი და დასაძინებლად ემზადება თავისი მაცხოვრებლებით.. სიცოცხლე იძინებდა! ნაწყენი, შეშინებული, დაბოღმილი, გაბოროტებული, შეყვარებული, დარდიანი, ნაღვლიანი, გახარებული თუ დამსხვრეული, ის იძინებდა..
თეთრ თოვლზე მოჩანდა გრძელი კვალი.. ის არ იყო მანქანის.. ეს ადამიანის ნაფეხური იყო..
ხიდის მოაჯირი გოგომ იოლად გადალახა. ხელები უკანკალებდა, სციოდა. მაგრამ ეს სიცივე არაფერი იყო იმ სიცივესთან, რაც გულში სუფევდა. მას ერთი ნაბიჯი აშორებდა იმ სითბოსთან, რომელიც ამ სიცივეს გააბათილებდა..
- რაო? გადავხტეთ ერთად? – შეშინებულმა გოგომ მის გვერდზე სევდიანი ეკა დაინახა, რომელსაც ხელში სურათი ეჭირა...
12 september. 2011.
This post has been edited by Natradze13 on 10 Nov 2011, 18:01
|