ნატო დავითაშვილზე რას იტყვით? წაგიკითხავთ რამე ამ ადამიანის? მემგონი საინტერესო უნდა იყოს ქართული მითლოგია და ფენტეზის მიქსი....
Digital Culture-ის სტუმარია “იროელთა ქრონიკების” ავტორი ნატო დავითაშვილი. მისი რიგით მეხუთე წიგნი “ლურჯი სუფრის მოცეკვავე” ცოტა ხნის წინ გამოვიდა, ამის აღსანიშად გადავწყვიტეთ ავტორთან ინტერვიუ ჩაგვეწერა.
რატომ გადაწყვიტეთ ფენტეზის ჟანრში წერა?
დავიწყებ იქიდან, რომ, ასე მგონია, სხვა ჟანრში ვერასდროს დავწერ. ფენტეზის კითხვა უკვე მოზრდილმა დავიწყე, 30 წლის ვიქნებოდი. ქართულ ლიტერატურაში ძალიან მოვისაკლისე ეს ჟანრი. სიმართლე გითხრათ, ახლაც მიკვირს, ქართველი მწერლები დიდად რომ არ სწყალობენ მას. ამას შესაძლებელია, რაღაც ახსნაც ჰქონდეს, თუმცა, ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ამ კითხვის ყველაზე მოკლე და ზუსტი პასუხი იქნება _ დავწერე ის, რისი წაკითხვაც ვერც ერთ ქართველ ავტორთან ვერ მოვახერხე.
რატომ არჩიეთ ქართული მითოლოგიის გამოყენება სრულიად ახალი სამყაროს შექმნას?
პირველი წიგნი ჩემი შვილისთვის დავწერე. ძალიან მინდოდა, ქართულ მითოლოგიას გასცნობოდა და არა მარტო გასცნობოდა, არამედ ჰყვარებოდა. ამბის ფენტეზის ჟანრში გადმოცემა კი ამისთვის საუკეთესო საშუალებად მივიჩნიე და დღესაც ასე მიმაჩნია. სანამ წერას დავიწყებდი, მანამდე ეს იდეა რამდენიმე მწერალსა და ფოლკლორისტს შევთავაზე, სიუჟეტების მოფიქრებაშიც კი აღვუთქვი დახმარება. თავად ქართული მითოლოგიის მოყვარული მცოდნე ვიყავი მხოლოდ და დაწერას ნამდვილად არ ვაპირებდი. მაშინ კი არა, ახლაც სიფრთხილით ვწერ, მეშინია, ჩვენს მითოსს არ ვავნო რამე. არ ვიცი, რა ვთქვა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი პროექტი არ შედგა. ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მეუღლის, რომელმაც არა მარტო გამაცნო ფენტეზი, არამედ შემაგულიანა კიდეც _ რაღა სხვებს ეხვეწები, თავად მოკიდე ამ საქმეს ხელიო. მეც მოვკიდე ხელი წერას, უფრო ზუსტად კი კითხვას. პირველ წიგნს სამი წელი ვწერდი, აქედან ორი წელი მასალებს ვაგროვებდი, ვკითხულობდი, ვსწავლობდი. ასე დაიწერა „ამბავი ლილე იროელისა“. ეს ერთგვარი გამოწვევაც იყო ჩემთვის, შევძლებდი თუ არა წიგნის დაწერას, მანამდე ხომ არაფერი დამეწერა.
საბოლოოდ გამოვიდა „იროელთა ქრონიკები“, რომელიც ჯერ-ჯერობით ხუთ წიგნს მოიცავს. აქედან ორი ქართულ მითოლოგიაზეა დაფუძნებული – „ამბავი ლილე იროელისა“ და „ნისლებში და ნისლებს მიღმა“, სამი ორიგინალური სამყაროებია – „როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“, „ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“ და „ლურჯი სუფრის მოცეკვავე“.
რომელმა სამმა ავტორმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა, როგორც ავტორზე?
სხვა ავტორთა გავლენას ვერ ვგრძნობ. შეიძლება, მკითხველი რაღაც პარალელებს ხედავს, მაგრამ მე – არა. როგორც ავტორი ვისურვებდი, ჩემს წიგნებში ჰერბერტის „დიუნას“ მსგავსად სამყარო სრულყოფილად იყოს აღწერილი, ბორხესის მსგავსად მრავალი პლასტი იყოს… და ეს სია შეიძლება კიდევ გაგრძელდეს.
რომელია უკანასკნელი ავტორი რომელიც თქვენთვის “აღმოაჩნიეთ”?
სულ ბოლოს ლია ლიქოკელმა გამაოცა. მასში ფენტეზის მწერალს ვხედავ. იმედი მაქვს, გუმანი არ მიღალატებს და, ადრე თუ გვიან, ყველა დაინახავს.
რა გეგმები გაქვთ მომავალში, განაგრძობთ ქართულ მითოლოგიის პოპულარიზაციას თუ ახალ მიმართლებას აიღებთ?
„ამბავი ლილე იროელისა“ რომ დავასრულე, დარწმუნებული ვიყავი, ქართულ მითოლოგიას აღარ გამოვიყენებდი. უბრალოდ არ ვიცოდი, რაზე უნდა დამეწერა. მეგონა მასალა ამოვწურე. ვცდებოდი. წავიკითხე ანდრეზი ცროლის მთის შესახებ და დაიწერა „ნისლებში და ნისლებს მიღმა“. ასე მგონია, კაცი თუ მოინდომებს, თითო ანდრეზზე ერთ წიგნს დაწერს.
ორიგინალურ სამყაროებსაც ვქმნი, რომელთაც მითოლოგიასთან საერთო არაფერი აქვთ. ამჟამად რამდენიმე სიუჟეტი მაქვს, ვიცი ფინალიც, ზოგს ქართული მითოლოგია მოუხდება, ზოგისთვის ორიგინალური სამყაროს მოფიქრება მომიწევს. ერთი ვიცი, დავწერ ფენტეზის.
დიდი სურვილი მაქვს დავასრულო „იროელთა ქრონიკები“. ისე ახლის დაწყება არ მინდა. არ ვიცი, სხვა ჟანრში რომ მეწერა, როგორ იქნებოდა, მაგრამ ახლა როგორც მწერალი ჩემი მკითხველების მიმართ გარკვეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მოვალე ვარ, დაწყებული ამბავი დავასრულო და მხოლოდ ამის შემდეგ შევთავაზო ახალი პროექტი. მოთხრობების წერაც მინდა მოვსინჯო. მასალის ნაწილი მაქვს – რამდენიმე იდეა, დასაწყისი, მონახაზი. იქნებ ერთი პატარა კრებულიც შევთავაზო მკითხველს.
რა მდგომარეობაშია დღევანდელი ჟანრობრივი ლიტერატურა საქართველოში და ვის წაკითხვას ურჩევდით მკითხველს თანამედროვე ქართველი მწერლებიდან?
შარშან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ვიყავი. ჟანრული ლიტერატურის სტენდები კი არა, მთელი პავილიონები ვნახე – მრავალფეროვანი, საინტერესო. გამომცემლობებს ლიტერატურა ძირითადად ჟანრული კუთვნილებით ჰქონდა დალაგებული. ახლა წარმოიდგინეთ საქართველოს სტენდი, რომელზეც ჩვენი თანამედროვე ჟანრული ლიტერატურა იდება _ ერთი სტანდარტული თაროს მესამედიც არ იქნება. ხოლო ვისაც ქართული ჟანრული პროზის კითხვა სურს, უნდა წაიკითხოს ჯაბა ზარქუა და ლაშა მილორავა, თუმცა ფენტეზი არც ერთია.
თუ გაქვთ რაიმე რჩევები დამწყები მწერლებისთვის?
არ იზარმაცონ, წერონ – ყოველ დღე, თითო ფურცელი, თითო აბზაცი მაინც. დიდი ხნით არ დაშორდნენ ტექსტს, უფრო სწორედ იმ სამყაროს, რომლის შესახებაც უნდათ მოყოლა. ეს ხომ ძალიან საინტერესო პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია, ყოველ წელს თითო წიგნს ვწერ, მაინც ძალიან დიდ დროს ვფლანგავ. დროის მართვის ხელოვნებაში უნდა დაოსტატდნენ.
რა უნდა გაკეთდეს რათა ამ ჟანრს მეტი ყურადღება მიექცეს?
უპირველეს ყოვლისა, უნდა ითარგმნოს წიგნები. ჟანრული ლიტერატურის პოპულარიზაციის შესანიშნავი საშუალება იყო ფესტივალი ინსომნია. ალბათ გახსოვთ, წიგნების მაღაზია ბუქსითიში შვიდი ავტორის ჩაკეტვა და თითო მოთხრობის შექმნის ღამეები. იმედი მაქვს, ყოველწლიური გახდება. გამოვიდა ფენტეზი ლექსების კრებული, რომელსაც დაერთო სამი გამოკვლევა. ფეისბუქიც დიდ საქმეს აკეთებს. ამ ჟანრის მოყვარულებს ერთმანეთის მოძებნისა და გაერთიანების საშუალება მისცა „სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის მოყვარულთა ჯგუფში“. ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო საიტი Digital Culture, რომელიც ფენტეზი მოყვარულებს ძალიან საინტერესო სტატიებსა თუ სიახლეებს გვაწვდის.
რას ფიქრობთ იმ აზრზე რომ ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკა ექსკლუზიურად ბავშვებმა და თინეჯერებმა უნდა იკითხონ?
ეს აზრი მცდარია. შეიძლება ამ ჟანრებს ახალგაზრდები უფრო ეტანებიან, რადგან მათ ჯერ არ აქვთ შექმნილი ჩარჩოები და ახალი სამყაროების მისაღებად უფრო გახსნილები არიან. აი ასაკთან ერთად კი მატულობს დაშვებები, აკრძალვები და ჩვენდა უნებურად ვქმნით ჩარჩოებს, რომლის შიგნითაც თავს კომფორტულად ვგრძნობთ. ასე ვეჯაჭვებით ერთ ადგილს, ერთ მიმართულებას, ერთ სფეროს, ნაცნობ ადგილებსა და ნაცნობ ჟანრებს. კომფორტულობის დაკარგვის შიშით ვეღარ თუ აღარ ვიხედებით საკუთარი წარმოსახვებით შექმნილ ზღურბლს იქით და ერთ ადგილს ვტკეპნით. ეს ხომ თავისუფლების მიზანმიმართული შეზღუდვაა. წარმოსახვასა და ფანტაზიას განვითარება სჭირდება, ამის გარეშე ვერც თავად აღმოაჩენ ახალს და ვერც სხვის აღმოჩენილს მიიღებ.
ხედავთ თუ არა საქართველოში ამ ჟანრის განვითარების პერსპექტივებს?
აუცილებლად განვითარდება. უბრალოდ ქართულ ლიტერატურას სხვა გზა არ აქვს, თუ უნდა მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებში ჩაერთოს.
http://digitalculture.ge/