ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები უკვე თბილისში იმყოფებიან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ დახვდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ნატო-ში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი ირაკლი ძნელაძე და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, შეიარაღებული ძალებისთვის, მთლიანად ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია არა მარტო შეიარაღებული ძალებისთვის, არამედ ქვეყნისთვის. შეხვედრაზე განხილული იქნება რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ასევე მიზნები და ამოცანები, რომლებიც დასახული გვაქვს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე და ასევე თუ რამდენად ვასრულებთ ამ ამოცანებს. პროგრესი სახეზეა, ეს მათი ვიზიტითაც დასტურდება", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების საქართველოში ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი კნუდ ბარტელსი ხელმძღვანელობს.
დღეს ნატო-ს პირველი სამხედრო პირი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.
12 თებერვალს დაგეგმილია სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან. შეხვედრის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.
იმავე დღეს, სასტუმროში "რადისონ ბლუ ივერია", "28+1 ფორმატში" სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება. სესიაზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
სხდომის შემდეგ, ნატო-ს წარმომადგენლებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ლანჩზე უმასპინძლებს.
სამხედრო კომიტეტის გასვლითი ვიზიტი საქართველოში პირველად იმართება. სამხედრო კომიტეტი ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიაზე რეკომენდაციები წარუდგინოს და ნატო-ს სტრატეგიულ სარდლებს მითითებები მისცეს.
კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ნატო-ში წევრ-ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...imyofebian.html