არასრულწლოვნის გარყვნაში ბრალდებულის სიმართლე და ღია წერილი ვანო მერაბიშვილს
"არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობის და გარყვნის გამო დამაკავეს, არადა არც გოგო მიჩიოდა და არც ოჯახი"
"ისე მირტყამდნენ თავში, რომ თვალებზე მივიღე ტრავმა, ერთმანეთისკენ გამირბოდა თვალები"
"თვალებში თითები ჩამაჭირა და მითხრა: სასამართლოზე თვალებს ერთ ადგილას თუ არ გააჩერებ, ამოგთხრიო"
წინა ხელისუფლების დროს ხშირი იყო პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ამაზე წერდნენ როგორც პრესის წარმომადგენლები, ისე უფლებადამცველები. სტუდენტი გიორგი თევზაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი და რამდენიმე დღის წინ ყოფილ პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს ღია წერილიც მიწერა:
გიორგი თევზაძე, სტუდენტი:
- თავდაპირველად პოლიციაში დამიბარეს მოწმის სახით, რადგან დაიკარგა გოგონა, რომელსაც მე ვიცნობდი (ეგონათ, რომ იყო გატაცებული), მაგრამ მეარაფერი ვიცოდი (როგორც მერე აღმოჩნდა, მონასტერში წასულა), თუმცა პოლიციამ მაინც დამაკავა, სრულიად სხვა ბრალდებით. მე ვხვდებოდი გოგოს, რომელიც იყო არასრულწლოვანი (მე ვიყავი 18 წლის და ის გოგო 15-ის) და მოგვწონდა ერთმანეთი. სექსიც გვქონდა და სწორედ არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობის გამო დამაკავეს. არადა, ამ გოგოს, ჩემამდეც არაერთ ბიჭთან ჰქონდა ურთიერთობა და თან არც მიჩიოდა, არც ეს გოგო და არც მისი ოჯახი.
-როგორ მოხდა შენი დაკავება?
- 2011 წლის 26 სექტემბერი იყო და სახლში ვიყავი. გვიან საღამოს მოვიდა პოლიციის განყოფილებიდან ვინმე რომანი, რომელმაც განყოფილებაში წაყოლა მთხოვა. ჩემებს უთხრეს, რომ მალევე დამაბრუნებდნენ, განყოფილებაში მისულს კი განმიცხადეს, რომ ბრალი მედებოდა არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობაში და მის გარყვნაში. მაშინვე დამიწყეს ცემა. ამ ყველაფერს ესწრებოდა პროკურორიც, რომელიც ცინიკურად მეუბნებოდა: "შენი დაჭერის მუღამი მაქვს და უნდა დაგიჭიროო". ამასობაში მოვიდა სამტრედიის პოლიციის უფროსი ალეკო სვინტრაძე ("ალეხანდრო" - ამ სახელით იცნობდა მთელი სამტრედია), რომელმაც დაუნდობლად მცემა და მაწამა. წაქცეულს მაფურთხებდა და მაგინებდა.
-რას ითხოვდნენ შენგან როცა გაწამებდნენ?
-გამომძიებელი იყო ფილიპე კოხრეიძე. მე სულ სისხლიანი ვიყავი, კოხრეიძე თვითონვე წერდა ყველაფერს, რაც სურდა. ისე მირტყამდნენ თავში, რომ თვალებზე მივიღე ტრავმა, ერთმანეთისკენ გამირბოდა თვალები. სვინტრაძე მოვიდა ჩემთან, მთელი ძალით ჩამაჭირა თვალებში თითები და მითხრა: სასამართლოზე თვალებს თუ არ გააჩერებ, ამოგთხრიო.
-შენ ახლობლებზე ხომ არ იყო ზეწოლა?
- როცა მაწამებდნენ, ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი (ფეხებით დამკიდეს და ალეკო სვინტრაძე დაუნდობლად მირტყამდა, მართლა მეგონა, რომ მომკლავდნენ). მამამ და მამიდამ გარეთ გაიგეს ჩემი ყვირილი, შემოვიდნენ შიგნით და მოითხოვეს ჩემთან შეხვედრა, მაგრამ ადმინისტრაციული დარღვევის გამო ისინი ფულადი ჯარიმით დააჯარიმეს. ადვოკატთან დარეკვის უფლებაც კი არ მისცეს.
-როგორ გამოგიშვეს?
- საბოლოოდ სასამართლოზე გამიყვანეს. პროკურორმა გამაფრთხილა, რომ ხმა არ უნდა ამომეღო და ყველაფერში უნდა დავთანხმებოდი. მეც ზუსტად ასე მოვიქეცი, რაც წაიკითხა პროკურორმა ყველაფერში დავეთანხმე, რადგან შემეშინდა. საბოლოოდ მომისაჯეს 1 წელი პირობითი, 2 წელი მეთვალყურეობა და 3000 ლარის გიაროს სანაცვლოდ გამანთავისუფლეს.
- სხვა პატიმრებთან თუ გქონდა შეხება?
- ე.წ. "კაპეზეზე" ვნახე ჩემი ნაცნობი, რომელსაც გული აწუხებდა. ამ ტიპს აწამებდნენ საშინლად. ერთ დღეში სამჯერ გამოუძახეს სასწრაფო. მერე ერთ-ერთ თანამშრომელს ვკითხე, რომ შემოგკვდომოდათ, რას იზამდით-მეთქი და რიონში გადავაგდებდით და მერე ვიტყოდით, გაიქცა და საკუთარი ნებით გადახტა მდნარეშიო.
-არ გიფიქრია, გეჩივლა ამ პიროვნებებისათვის?
- თუ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან ამ საქმით, კარგი იქნება. უბრალოდ უნამუსობაა, როდესაც პროკურორი ხარბაია ისევ მუშაობს, ხოლო სვინტრაძე, რომელიც ყველაზე დიდი არაკაცი იყო, რომელსაც უამრავი ადამიანი ყავს გაბოროტებული, დღეს სამხარეო პოლიციაში მუშაობს.
ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ყველაფერი მეორე მხარესთანაც გადაგვემოწმებინა, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ბატონ ალეკო სვინტრაძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ამ თემაზე კომენტარი შსს-ს პრეს სამსახურის წარმომადგენელმა ტატო კუჭავამ გააკეთა:
- თუ ამ პიროვნებას აქვს რაიმე სახის პრეტენზია, უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოს.
- ანუ თვითონ ბატონი ალეკო კომენტარს არ გააკეთებს?
- რა უნდა თქვას ბატონმა ალეკომ?
- ან ის რომ მართლაც აწამებდა, ანდაც ის, რომ ეს ბიჭი ტყუის...
- არა, ბატონი ალეკო ამაზე არ გააკეთებს კომენტარს, თუ აღნიშნულ პიროვნებას აქვს პრეტენზია 2011 წელს მომხდარ ფაქტზე, მას აქვს სრული უფლება, რომ მიმართოს შესაბამის ორგანოს შესაბამისი წერილით.
http://www.kvirispalitra.ge/justice/20576-...rabishvils.html