"უკვე იმდენი მერი გამოიცვალა ქუთაისმა, გინესის წიგნში შეგვიყვანენ მალე"
"ეგენი იქამდე მივლენ, მერად სერგიას დანიშნავენო. მეეეეეერრეეე?!!"
"პარლამენტი არ გვინდა, დეიტოვეთ თქვენ... ფინანსური ორგანიზაციები გამოუშვით ჩვენკენ. ან კიდე, ჯობია, მთაწმინდა გადასცენ ქუთაისს, ნახევარზე მეტი მაინც ქუთაისელია იქ."
ქუთაისში ახალი მერი უკვე აღარავის უკვირს, მეტიც როცა რომელიმე მათგანი 4-5 თვე გაძლებს, ეს უფრო უჩვეულოდ მიაჩნიათ. ბოლო სამი წლის მანძილზე სავარდო და სამაისოში 10-ზე მეტი მერი გამოიცვალეს. რატომ იცვლიან ქუთაისში მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ცხვირსახოცივით, ამაზე კომენტარი "თავისუფალი საქართველოს" ლიდერსა და შეთავსებით, ენაკვიმატ ქუთაისელს, ბატონ გოგი წულაიას ვთხოვეთ:
- რა ხდება, იცი? არჩევნების მერე საკრებულოს გაყოფა მოხდა: "პატრიოტებად" და "მეოცნებეებად", ყოფილი "ნაციონალები" გახდნენ "პატრიოტები", "მეოცნებეებმა" იოცნებეს და საბოლოოდ "პატრიოტები" უმრავლესობაში აღმოჩნდნენ. ქალაქს და საკრებულოს "პატრიოტები" აკონტროლებენ, "ოცნებას"უნიშნავენ მერად თავის ხალხს, მერე თუ ვერ შეთანხმდნენ, დაფერთხავენ ამ არჩეულს და იწყებენ ხელახლა. უკვე იმდენი მერი გამოიცვალა ქუთაისმა, საცაა, გინესის წიგნში შეგვიყვანენ. თუ კიდე ახალი მერი მოიყვანეს, მართლა ავდგები და გავგზავნი წერილს, რათა ეს რეკორდი დააფიქსირონ.
-რა ხიბლავთ მერობაში?
-ახლა ვინც იყო მერი, იმას რატომ ხიბლავდა, ნაღდად არ ვიცი, ეგ მინისტრის მოადგილე იყო და მშვენიერი სამსახური ჰქონდა. არა მგონია, თავის სურვილით წამოსულიყო ქუთაისში, ალბათ პარტიული დავალება იყო. სხვებს კაი სკამი და გავლენა უნდათ, მეტი რამ უნდა მოხიბლოს მაგაში? მეეჭვება, საქმის კეთების გამო უნდოდეთ მერობა, თორემ ეგრე რომ იყოს, რამე მაინც დაეტყობოდა ამ საწყალ ქალაქს.
- თქვენ თუ გიფიქრიათ მერობაზე?
- აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჩემი ნატურის ადამიანი არ გამოდგება, ნამეტანი ლმობიერი ვარ მე. ჩემი თავი უფრო საკრებულოში და პარლამენტში წარმომიდგენია, მაგრამ დავაკვირდები და თუ ამ არჩევნებზე ასეთივე მარაზმი იქნა კანდიდატების მხრივ, მერე მე დავაყენებ ჩემ კანდიდატურას .
- ბატონო გოგა, პარლამენტი უნდა იყოს თუ არა ქუთაისში?
- თბილისი არის კავკასიის ცენტრი (მე, ქუთაისელ გოგი წულაიას მომწონს თუ არა, ეს ასეა), ეს ქალაქი ბუნებრივი მდებარეობითაა დედაქალაქი და ამიტომ ამ ქალაქში უნდა იყოს პარლამენტი, მაგრამ რადგან შენობა აშენებულია, გამოსავალი ასეთია: კონსტიტუციაში ხო წერია, რომ პარლამენტი იქნება 2 პალატიანი? აგერ ამხელა შენობაა აშენებული. ჰოდა, იყოს, შენ ხარ ჩემი ბატონი, ერთი პალატა თბილისში და მეორე ქუთაისში, რა დაშავდება?!
-ზურაბ ტყემალაძის იდეაზე (თბილისის პარლამენტის შენობის ქუთაისისთვის მიკუთვნება) რას ფიქრობთ?
-ე ბიჯო, მასე თუ უნდათ ქუთაისის პატივისცემა, პარლამენტი არ გვინდა, დეიტოვეთ თქვენ და მის მაგივრად, რაც ფინანსური ორგანოებია, ისინი გადმოიტანონ ქუთაისში. არ ვიცი, ტყემალაძემ მასხრობით თქვა თუ სერიოზულად, მაგრამ სისულელეა ეგ იდეა. ან კიდე, პარლამენტის ჩუქებას ჯობია მთაწმინდა გადასცენ ქუთაისს, ნახევარზე მეტი მაინც ქუთაისელია იქ.
პ.ს. თბილისის ფორუმზე ქუთაისის მერობის კანდიდატების განხილვისას საინტერესო იდეა გამოითქვა - ”ეგენი მალე იქამდე მივლენ, მერად სერგიას დანიშნავენო.” - ავტ.
მეეეეეერრეეე?!!
http://www.kvirispalitra.ge/mozaika/20585-...anen-maleq.html