ლექსო დორეული 18 წლის სიმბოლისტი პოეტია. მის შემოწმედებას დიდ შეფასებას აძლევს ბევრი მწერალი. ლექსებს დავდებ და თქვენც გაეცანით.
მე-ვენახე
“ქრისტე ათასჯერ რომც
დაბადებულიყო
ბეთლემში, თუ იგი
ახლა შენს სულში
ისევ არ დაიბადა, მაინც
დაღუპული ხარ.”
ანჰელუს სილეზიუსი
მიმძიმს ცრემლების პეშვით მოყვანა,
ჭინჭრის ტოტები ამომდის გულზე,
პატრონის ცრემლით მოპირულ დანას,
ფესვგაჩეხილი ვაზივით ვუმზერ.
თვალს მოატყუებს ახლა ეშმაკიც.
გული ჩაფივით მარდად იცლება.
თუ კი აღდგომას ვერ დავესწარი,
სულში იფეთქებს ღვთის მაჯისცემა.
კუბოშიც ვბორგავთ მე და სიკვდილი,
მზის ხვამლი ასდის თოთო ალიონს.
დავსხდებით ზღვარზე როგორც კუნძები,
და გავაბოლებთ ქშენით ყალიონს.
სინდისის ტყვე ვარ, გულის კი არა!
როგორ იწვიმე ცავ ჩემს გარეშე?!!!
სისხლში ცრემლებმა რომ გამიარა,
მიმხრჩვალ ხრამებში რომ ვითარეშე.
მაშინ მომიგდე ხელში სიკვდილო.
წარსულში არა, თვალებში გხედავ.
დრო მოდგა ღმერთმაც რომ დამიტიროს,
დამლევს შენ მოდი მშობელო დედავ.
მძევლად მერგება ეს აღსარება,
რა უშავს…. კენტად მაინც მოვკვდები,
ეს სისხლი ძარღვში დაიარება,
როგორც ბეთლემში ბრძენი მოგვები.
განა ლეღვივით უღვთო ვიყავი?....
არ ვარ ლაზარე! ქრისტე არც შენ ხარ!
ვდგავარ ბეთლემში როგორც მჩხიბავი,
ცამ მეხი თავზე გადამატეხა.
თითს ვერ მოიკვნეტ, მიწაზე გოგრა,
კამათელივით რომ გაგორდება.
თავგასრესილი გველივით ბორგავს,
რკინის აკვანში მკვდარი ოცნება.
ქვესკნელი სევდის სასაფლაოა;
და მესაფლავე თავად ბედია,
სულში ნაღველმა რად დამათოვა.
ნეტავ ლექსები არ დამეხია.…
არწივის ფრთებზე ვროკავ ფლოქვებით,
ბოლომდე მათრევს ჩემი ლექსები!
როგორც რუმბებში ჩამხრჩვალი ღვინო,
მეც ასე ხანთან ერთად ვბერდები.
ჰა, დამამტვრიე ათივე თითი,
სული კუბოში უნდა დავმალო.
თუ კი ბედშავებს შენ გვიშველიდი,
რად აღარ მღერი ჩემო ლამბალო?!!!
თვალს მოატყუებს ახლა ეშმაკიც.
გული ჩაფივით ზანტად ივსება.
თუ კი აღდგომას ვერ დავესწარი,
სულში იფეთქებს ღვთის მაჯისცემა.
გეძებ ცხოვრებავ. დამტყდა მუხლები.…
სულში ვიღაცამ გველი იპოვა.
და მყინვარწვერმა თოვლის ღრუბლები,
თვალზე კურცხლებად ჩამოიგორა.
11. 01. 2010
აღსარება
ერთადერთია ბედნიერება;
ცათა სიმშვიდეს ლექსები არღვევს….
მე მებრალები ჩემო იღბალო,
რომ შენი ბედი იღადრავს ძარღვებს.
თვალს თვალში ვუყრი რკილნაჭამ სარკეს.
ვეღარ დაგლანდე.... რა იქენ ბიჭო?...
ვინემ ოცნება აგვატალახებს,
ქვით დავიშანთოთ თვალები გვიჯობს.
სიცივე ისე ბობოქრობს სულში,
მუჭში მაკვდება მზე, როგორც მტრედი.
ზღვა თავის ჟინზე როცა მივუშვი,
პოსეიდონის ცრემლს პეშვით ვხვეტდი.
ერთადერთია ბედნიერება;
ცათა სიმშვიდეს ლექსები არღვევს....
მე მებრალები ჩემო იღბალო,
რომ შენი ბედი იღადრავს ძარღვებს.
2007 წელი
შემოდგომა
ისე ეწადა
კავკასიონს
ცარგვალის შესმა,
რომ ელვისფერი
მწვერვალებით
ახეთქა ჭერი.
გიშრის მტევნება
დალალები
საფერავს ესხა....
თოხლო კვერცხივით
მოხარშული
მზე ზღვაში მღერის....
ქარი გამაძღარ
ჩალის ღრუბლებს
გამოეკიდა.
ცა კუშტ მყინვარებს
ცისარტყელის
თაიგულს უკრეფს.
გულში ჩაუკრავთ
თეთრ გვირილებს
მზის სხივები და
ქათქათა მკლავებს
ფიანდაზად
უგებენ ფუტკრებს.
ურმის თვლებივით
მიხრიგინებს
ქარბუქი ღამით,
ბინდით გათოშილ,
წვრილ ვარსკვლავებს
უნთიათ კვარი.
ვმარჩიელობ და
დამკლებია
სულ ერთი წამი....
ყმაწვილკაცობავ,
გაგასწარ და
ვერ მოგისწარი....
30. 09. 2009
ჯოჯოხეთში
როგორც ისრები დამაშვრალ საათს,
სხეულსაც ისე სცვივა ხელები.
ნუთუ ეს ყოფა წამებს გაგატანს
და ჯოჯოხეთშიც არ დაბერდები?!!!
ცრემლებში რიდით რომ იმალები,
ცრემლში დაგეხრჩო წარსულის გმინვა,
სისხლში ბუღრაობს თეთრი თვალები,
ოხშივრით გამძღარ ვულკანში გძინავს,
შენ და შიმშილი მიეშურებით,
მოხტის სატანა და გბურძგლავს კიდევ.
როგორც არწივის დამტყდარი ფრთები,
ისე მუჭაში ცოდვები გიდევს.
მიხოხავ ჯაჭვით შეკაზმულ სულით,
რომ ამსახურო ეშმას ღირსება,
არარად აგდებ რომ სიყვარულით,
ღაწვებზე მზე ვერ წაგეკიდება.
აგდია ჩრდილი დროული კაცის,
ცოცხალი ლეში წამებზე ვაჭრობს,
და თუ ფიქრსაც კი არვინ დაგაცლის,
სულსაც მიჰყიდი ბნელეთის ბატონს.
ყოველ ნაბიჯზე კოჭები გწყდება,
თვით ჯოჯოხეთშიც ბევრი გმირია,
აწყვია წითლად წარმართთა წყება,
და ნაღვერდალზე გულები ყრია.
დღეს გადასანსლონ სული სვავებმა
დაე ერთხელაც მოვთაფლავ ეშმაკს,
იმედი კუბოს კვლავ მიაწყდება,
მაცხოვრის შიშით ცეცხლი ვერ შემჭამს.
და ახირებულს მაგ ცეცხლის წილად,
თვალწინ რომ გიდგას ხარბი ხატება,
ვარ თოთო ბავშვი, შენს კვალზე მივალ,
ჩემი გზაც აქეთ მოლასლასდება.
რა დაგემართა ადამიანო,
ღმერთსაც ხომ მხოლოდ ერთი გული აქვს?!!!
თოვლისფერ წყალში ჯერ უჭაშნიკო
ლალის თვალება ზღვები ყმუიან.
სიკვდილი უნდა დაიმსახურო,
აღარ ჩაიცვამს სხვის სხეულს სული.
არ არის ზეცა მიწაზე მყუდრო,
არ არის ქრისტე სხვისი მოკლული.
27. 10. 2009.
გარდაქმნათა პერიოდი
გათოშილ კითხვებს დიდი ხანია
ციცქნა პასუხი დააწანწალებს.
მითხარი ერთი, ის ერთგულია,
ვინც თავის გრძნობებს შენთვის აწამებს?!!
სიცოცხლეს გული დაასამარებს.
მხოლოდ ჩემია ეს ტრაგედია.
შევეხიზნები გალუმპულ ქარებს.
ბევრი ფიქრისგან გზა ამერია.
ნავალევ წამებს ვერ ჩავასესხებ.
ჩაბარდით წარსულს ჭაღარა წლებო.
ჯოჯოხეთის კარს როცა შევაღებ,
არ შემიბრალოთ ანგელოზებო!!!!
2000 წელი
მიქელა
თითქოს წარსული არც კი ყოფილა.
რა მივაჩეჩოთ საგზლად მიქელას.
ხარივით ქუში მატადორი და
ცეცხლის მანტია ქარში მიელავს.
ბეჩარა ბუღას თვალები უდუღს,
კუდწაწყვეტილი დასდევს კუდიანს.
ზმუილით ებრძვის დაფდაფის გუგუნს,
ჩლიქებში ცხარე ქვიშა უბრწყინავს.
მაყურებელს კი, გალორთხილს ოფლით,
მზის გამო არა, ძრწოლისგან სცხელა.
ცა დაიქანცა ღრუბლებზე ხოხვით.
თეთრმა ვეფხვებმა გააბეს ღრენა.
მზე დამხობილა ხარის რქებს შორის.
უნაგირს ნესტის სუნი აუდის.
შერჩა ლაგამი მკვდარი მეგობრის,
და სიჩაუქე სერ რობინ ჰუდის.
კანს გამოიცვლის გველი_ მათრახი.
ნეტავ რაინდებს წყალი რად უნდათ.
ძვლები ქივქივებს შლამზე რახრახით;
მოიხრჩო თავი ცისკრის აუზმა.
აიშვებს ახლა მზე- შლეგი ლომი,
შუადღის ბუღი ცასაც დაახრჩობს.
ქვიშის დელგმაში მაყურებელი,
უკანასკნელად უმღერს მატადორს.
გააპობს რქები ცეცხლნაჭამ რიდეს,
ცრემლის გემო აქვს ჰაერსაც, სისხლსაც,
იქნებ სიცოცხლე აღარც კი ღირდეს;
სიკვდილი ფრთებსაც უცებ გაგვისხლავს.
დღეს კენტავრებიც დაემხობიან.
ქვიშის ტორნადო მოითხრის ფესვებს.
დაატყდა ქარის ლეშს ფერდები და
მაყურებელიც ღმერთს მიასვენებს.
და ხარის რქებში დაწრეტილ სისხლით,
მატადორები შესვამენ ძმისას.
ზეცა დანაცრულ მნათობს მიჰკივის,
ყრუ საფლავებში ჩამძვრალა ქვიშა.………
… … … … … … … …
დაუამდებათ ქარებს იარა.
დაიძინებენ ღმერთები ისევ.
მთებზე სიმშვიდემ გადაიარა.
და ხარი ისევ მატადორს მისდევს.
თითქოს წარსული არც კი ყოფილა.
რა მივაჩეჩოთ საგზლად მიქელას.
ხარივით ქუში მატადორი და
ცეცხლის მანტია ქარში მიელავს.
2010 წელი
დაკარგულები
ზურგზე მოიგდო,
როგორც გუდა
თერგმა ლოდები.
ჭრელ ჩითმერდინებს
ზეცა თავზე
სხივებით იკრავს.
სიკვდილის შემდეგ,
ვფიცავ, ისევ
დაგელოდები,
შევეხიზნები
შენთვის მოსულ
მზით დამთვრალ წვიმას.
ჩვენი ღირსება
საუკუნით
დაიგვიანებს....
ახლა რუმბებით
მაჭრის შესმას
ვინღა დაგაცლით?....
სცხელათ, კუბოში
დარდისაგან
დამზრალ წმინდანებს,
კივის დემონი,
უკან ქრისტე
მოდის ბარბაცით.
მზისგან დადაგულ,
ჟანგით დახრულ
ცებშიც გეძებდი.
მოლოდინმა კი
უმოწყალოდ
გაცვითა რწმენა.
მყრალ უკუნეთში
შემომძვრალი
ნათელის რქები,
სუნთქავდა ჩემით,
მომელოდა
ქარში გარჩენა....
წკეპლით ღრუბლების
ბერტყვა მქონდა
მუდამ მისჯილი,
მაგრამ იღბალმა,
იმედები
უცებ დაფუფქა.
ეს უსახლკარო,
მღვრიე ხალხთა
მუნჯი სიკვდილი,
გახდა ამ სოფლის
ქაოტების
გული და სუნთქვა.
გდია, დამხრჩვალი,
მგოსნის ძეგლი
ცის ეშაფოტზე,
მეწამულ ღამეს
ბუღი ასდის
მდუღარე სისხლის.
მოვასწროთ, სანამ
ეშმაკები
მოსულან გონზე,
ჩვენი გვამისთვის
გარეთ ქართა
საფლავი იცდის....
ჩემი თვალები
ცივ გველივით
მიიკლაკნება.
შენ კი, ბეჩავო,
გულის ფეთქვის
ხმაზეც კი კრთები.
ჩვენ, დაკარგულებს,
მიგვყავს ლექსი!
შეგრჩებათ ვნება!
ყეფენ, ჩადრებში
გახვეული
მომავლის გზები....
მაინც ერთად ვართ!
ვლივლივებთ ქარში....
ვლაღობთ და ვხარობთ....
მძლავრად გავკივით....
ასე დაგეცალოთ
მტერი, - თქვა ქარმა და
ამოაპირქვავა
ღრუბლები ყანწივით.
2009 წელი
ივნისში გამოვიდა ლექსოს წიგნი: დაკარგულები თუმცა ყველა ეგზემპლიარი გაიყიდა. მალე მის მეორე წიგნსაც ვიხილავთ. არ დაიშუროთ კონემტარები

This post has been edited by katleta on 13 Aug 2010, 00:11