ბანკების უმეტესობამ ლარში იპოთეკურ სესხზე საპროცენტო განაკვეთი გაზარდა
აქართველოში მოქმედი ბანკების უმეტესობამ ლარში იპოთეკურ სესხზე საპროცენტო განაკვეთი გაზარდა. აღნიშნულს ბანკების მენეჯმენტი ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შეცვლას უკავშირებს, რომელიც, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, 3,75 %-დან 0,25 %-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 4 %-ს შეადგენს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში მოქმედ რამდენიმე ბანკში განუმარტეს, ლარში იპოთეკური სესხის პროცენტი სწორედ რეფინანსირების განაკვეთის შესაბამისად იანგარიშება და როცა ის იცვლება, აღნიშნული აისახება სესხის პროცენტზე.
მათივე განმარტებით, სესხის საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა ზუსტად იგივე მოცულობით, რა ცვლილებაც რეფინანსირების განაკვეთმა განიცადა.
"როგორც გახსოვთ, იპოთეკურ სესხებზე ბოლო აქციის ფარგლებში გაიცემოდა გრძელვადიანი სესხი ლარში, რომელიც მიბმული იყო ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე. შესაბამისად, თუ ხდება ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება, ეს აისახება პროცენტებზე. სიტყვაზე, თუ რეფინანსირების განაკვეთი იკლებს - იკლებს პროცენტიც და პირიქით. ლარში გრძელვადიანი იპოთეკური სესხის შემთხვევაშიც ეს მოხდა და მინდა გითხრათ, რომ ეს ცვლილება ეხება მხოლოდ ამ პროდუქტს", - განუცხადეს "ინტერპრესნიუს" "საქართველოს ბანკში".
სააგენტო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ კიდევ რამდენიმე ბანკს დაუკავშირდა. ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების გამო ლარში იპოთეკურ სესხზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდა დაადასტურეს "თიბისი ბანკშიც". მათ ისიც განმარტეს, რომ მომხმარებლები იმის შესახებ, რომ სესხის პროცენტი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული და მისი ცვლილების შემთხვევაში სესხის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა შეცვლილიყო, თავიდანვე იყვნენ ინფორმირებულნი. "თიბისი ბანკის" ინფორმაციით, აღნიშნული ჩადებულია თავად მომხმარებლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში.
" ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას არანაირი კავშირი არ აქვს ბაზარზე არსებული სასესხო პროდუქტების საპროცენტო განაკვეთებთან, გარდა ლარის ცვლადგანაკვეთიანი იპოთეკური სესხისა. ეს პროდუქტი - ცვლადგანაკვეთიანი იპოთეკური სესხი ლარში - თავისთავად გულისხმობს საპროცენტო განაკვეთის ყოველთვიურ ზრდას ან შემცირებას (თუმცა არის ხოლმე პერიოდები, როდესაც ამ სესხის საპროცენტო განაკვეთი არ იცვლება)", - განმარტეს "თიბისი ბანკში".
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის მიუხედავად ლარში იპოთეკურ სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ გაუზრდია "ლიბერთი ბანკს". როგორც "ინტერპრესნიუსს" ბანკში განუცხადეს, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთთან მიბმულ მათ პროდუქტებზე "არ ასახულა და უახლოეს მომავალში არ აისახება".
სააგენტო ბანკ "რესპუბლიკასთან" დაკავშირებასაც ცდილობდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ამის მიუხედავად, "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული ბანკის რამდენიმე მომხმარებელი დაუკავშირდა, რომელთა ინფორმაციითაც, ლარში აღებულ იპოთეკურ სესხზე მიმდინარე თვის შენატანი გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით გადაიხადეს.
რეფინანსირების განაკვეთის მნიშვნელოვანი ცვლილებები 2012 წლიდან დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ის 6,5 %-დან 3,75 %-მდე ჩამოვიდა და როგორც მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკური აქტივობის გაზრდისკენ იყო მიმართული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი ისევ - 0,25 %-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის აქტივობა უკვე შეინიშნება და შერბილებული პოლიტიკის საჭიროება აღარ არის.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...hi-gazarda.htmlრა გვეშველება