რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე შეიძლება ითქვას, რომ თბილისში ქართველების ასეთ ქომაგობას არ ელოდა.
- ძალზე მოხარული ვარ, რომ თბილისში ვიმყოფები. სასიამოვნო სანახავი იყო თითქმის პირთამდე სავსე ამოდენა სტადიონი. საქართველოში რაგბის ასე რომ ქომაგობენ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვიცით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობაა. ამიტომ, ძნელია ამ ქვეყნების ნაკრებ გუნდებს შორის მატჩების ორგანიზება. თუმცა, დავინახე, რომ დღეს ორივე გუნდის მორაგბეები პატივისცემით ეპყრობოდნენ ერთმანეთს. თამაში ძალიან ხისტი იყო, მაგრამ მორაგბეები, ამის მიუხედავად, ჭეშმარიტი რაინდებივით იქცეოდნენ.
მოთამაშეები ბინძურ ბრძოლას თავს არიდებდნენ. ერთმანეთის მიმართ კარგი დამოკიდებულება იგრძნობოდა. მიმაჩნია, რომ ეს სამაგალითო უნდა იყოს სხვა სარაგბო ერებისთვის.
- საქართველოს ნაკრებმა საერთო აღიარებით ბოლო წლებში საგრძნობ პროგრესს მიაღწია. ფიქრობს თუ არა რაგბის საერთაშორისო საბჭო ამ ფაქტზე დაყრდნობით მსოფლიოს სარაგბო მოზაიკის შეცვლას?
- ცხადია, ჩვენ ამაზე ვფიქრობთ. მიგვაჩნია, რომ ცვლილებები ორი მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ესენია: საკლუბო და სანაკრებო რაგბი. უნდა მოხდეს ტურნირების სისტემის დახვეწა.
საქართველოს ნაკრები ყოველ ნოემბერს პირველი ეშელონის ნაკრებებს უმასპინძლებს.
საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ საკლუბო რაგბიზეც. საქართველოს რაგბის კავშირს სწორი ხედვა და სტრატეგია გააჩნია, რაც საფუძველს ქმნის საიმისოდ, რომ ქართული რაგბი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს.
უწინარესად, საჭიროა ბავშვთა და საკლუბო რაგბის განვითარება, რაშიც რაგბის კავშირს სახელმწიფო და კერძო სექტორიც აქტიურად ეხმარება.
ჩვენ ყველანაირად მხარს დაგიჭერთ, რათა ქართულმა კლუბებმა საერთაშორისო დონეზე რეგულარულად თამაში შეძლონ.
- კიდევ რა უნდა გააკეთოს საქართველოს რაგბის კავშირმა, რათა ჩვენი ქვეყნის ნაკრები ექვსი ერის გუნდებს დაუახლოვდეს. პირდაპირ რომ ვთქვათ, როდის დაემატება საქართველო ევროპის ელიტას?
- ამისთვის რამდენიმე საკითხის მოგვარებაა საჭირო. საქართველოს ნაკრები რეგულარულად უნდა იმარჯვებდეს საერთაშორისო მატჩებში. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი, კონკურენტუნარიანი 20-წლამდელთა ნაკრები, რადგან ექვსი ერის გათამაშების პარალელურად ახალგაზრდული ნაკრებების ტურნირიც მიმდინარეობს და თქვენი ახალგაზრდა მორაგბეები ელიტურ გუნდებთან სათამაშოდ მზად უნდა იყვნენ.
შემდეგ, აუცილებელია მაღალი დონის ინფრასტრუქტურა. სტადიონი და სხვა საჭირო ნაგებობები უნდა პასუხობდეს საერთაშორისო მოთხოვნებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ექვსი ერის გათამაშება კომერციული ტურნირია. მას კერძო კომპანია მართავს.
შესაბამისად, საქართველომ სათანადოდ უნდა უპასუხოს იმ ყველა კომერციულ გამოწვევას და წინა პირობას, რასაც ეს ორგანიზაცია წაუყენებს.
ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საფრანგეთმა ოთხ ერს რომ დამატებოდა, საამისოდ 30 წელიწადი იწვალა. იტალია კი, ხუთ ერს მეექვსე ერად 2001 წელს დაემატა. მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა ძლიერ სარაგბო ქვეყნად.
მთავარია, რომ ქართულმა რაგბიმ აუცილებლად უნდა განაგრძოს წინსვლა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და მიგვაჩნია, რომ საქართველო და რუმინეთი ახლოს არიან ელიტასთან. მათ შეუძლიათ ევროპის წამყვან ქვეყნებს მალე გაუწიონ კონკურენცია.
- თქვენ საქართველოში მეორედ იმყოფებით. ეს, ცხადია, ქართული რაგბისადმი დიდი ყურადღებისა და პატივისცემის დასტურია. რა განსხვავება შენიშნეთ თქვენს პირველ და ამჟამინდელ ვიზიტებს შორის?
- განსხვავება თვალსაჩინოა. მოხარული ვარ იმით, რომ დღეს მართლაც ძალიან კარგად ჩანს რაგბის კავშირის, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა. მქონდა ბედნიერება, ბიძინა ივანიშვილს შევხვედროდი. ძალიან კარგია, რომ სტადიონების შენება გრძელდება. ეს ყველაზე საჭირო და დიდი ინვესტიციაა ქართულ რაგბიში. იმედი მაქვს, რომ თითოეული ეს სტადიონი მალე ჩადგება მწყობრში, რაც ქართული რაგბის განვითარებას დიდ ბიძგს მისცემს.
P.S. რაგბის საერთაშორისო საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მსოფლიოს თასის გათამაშება ფინანსური მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება უპრეცედენტო ინვესტიციები რაგბის განვითარებისთვის მთელ მსოფლიოში.
2007 და 2011 წლების მსოფლიოს თასის გათამაშებებში მიღებული ფინანსური მოგების შედეგად, რაგბის საერთაშორისო საბჭომ 2009-2012 წლებში 150 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი დახარჯა.
ხოლო 2013-2016 წლებში 180 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ინვესტიციებს გეგმავს. ამ თანხაში შედის ყოველწლიური მიზნობრივი გრანტები და სტრატეგიული ინვესტიციები, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი სარაგბო ქვეყნის წამოწევა.
http://site.rugby.ge/news-view/?newsid=329...%83%90%E1%83%9C