ნანიკო ხაჩიურს მკურნალობისთვის საჭირო ფული შეუგროვდა!!! (ექსკლუზივი)
"ჩვენ ერთად მივაღწევთ იმას, ნანიკო ხაჩიურმა იცოცხლოს და იხაროს"
სასწაულები ჩვენ თვალწინ ხდება - ათიათასობით ადამიანის ცრემლიან გამოხმაურებას ის მოჰყვა, რომ ნანიკო ხაჩიურის მამას ახლა შვილის გადასარჩენი ფული, 120000 დოლარი სრულად აქვს. ორიოდ დღეში კი ნანიკო თურქეთში წავა და მკურნალობას დაიწყებს. იქვე დაიგეგმება ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციაც. ჩვენც მხოლოდ კარგი ვიფიქროთ და ასეც იქნება. დღეს ნანიკოს უბედური მამაც ასე ფიქრობს და თვალებში იმედიც გაუჩნდა. სიტყვებით მადლიერების გამოხატვა უჭირს და ძალიან წუხს, ამიტომ მთხოვა, - თქვენ ხომ გეხერხებათ და ეს დაწერეთო..
- რა დავწერო, ბატონო ბიჭიკო?
- დაწერეთ: მთელი სიცოცხლე დაჩოქილი ვილოცებ თქვენზე, ხალხო, - ის ერთი ლარიც რომელსაც ხალხი ჩემი შვილისთვის ერთი დარეკვით იღებდა, ჩემთის შეუფასებელი ქონებაა; მეგონა, მოვკვდებოდი, მაგრამ სულიერად ამ ხალხის ხმამ და ზარებმა მიხსნა. მაგრამ თუ საავადმყოფოს ფულს სრულად არ შევკრებდი, მაინც ვერაფერს გავხდებოდი... ამაში ბატონი ხუბუტია დამეხმარა... არ ვიცი, არ მეყოფა ძალა, არც ლოცვა, არც სიტყვები, არც მთელი სიცოცხლე მისთვის მადლობის გადასახდელად... ჯერ ხომ 50000 დოლარი გადმომირიცხა, - ეს დიდი ფულია, არ არის ადვილად გასამეტებელი და კაცი თუ არ ხარ, ამას სხვისი შვილისთვის ვერ გაიღებ.
- ბატონ მიხეილს ბევრმა უთხრა, ამას იმიჯისთვის აკეთებო...
- ჰო, მაგრამ თავად მითხრა, - ვისაც რა უნდა, ის თქვას, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შვილი გადაგირჩინოო... მან იცის, შვილის სიყვარული რა არის. ის კი არა, თავის მეგობრებსაც თხოვა იგივე გაეკეთებინათ, - ნანიკოს სამკურნალო თანხა ხუბუტიას ორმა ბიზნესმენმა მეგობარმა შეავსო, - ერთმა აფხაზმა და მეორე სომეხმა, 25-25 ათასი დოლარი გამომიგზავნეს. ღმერთმა გაახაროს და ეს მადლი ასმაგად უკან დაუბრუნოს.
- აფხაზმა? ასეთ შემთხვევაში ქველმოქმედების გარდა, სხვა რამეც გაგვითბობს გულს... ჩვენი საერთო ფესვები გაგვახსენდება...
- მართლა ასეა. ახლა უფალს ვთხოვ, რომ ამ სიკეთემ ჩემი ნანიკო დამიბრუნოს. უფალს შევთხოვ, რომ ჩემი შვილი ამ ხალხის სიკეთის გულისთვის მაჩუქოს...
http://www.kvirispalitra.ge/public/20758-n...eqskluzivi.html