ვალერი გელბახიანის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას დაკავებული პოსტიდან გაანთავისუფლებენ. ამის შესახებ, გელბახიანი გაზეთ ,,კვირის ქრონიკასთან" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
"ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ირაკლი ალასანიას გაანთავისუფლებენ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან და სავარაუდოდ, ისიც მარგველაშვილის ფლანგზე აღმოჩნდება. საქართველოში იწყება ამერიკა-რუსეთის სერიოზული პროცესები, ამ შემთხვევაში თავდაცვის მინისტრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის დე- ფაქტო თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი უნდა იყოს მთავრობის ის წევრი, რომელიც ნომენკლატურულად ემორჩილება ყველას. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ძალიან ბევრს მოძრაობდა ირაკლი ალასანია საერთაშორისო პოლიტიკურ და დიპლომატიურ წრეებში, მას ჰქონდა მცდელობა, რომ გამოეკვეთა, რომ ის იყო ქვეყნის საპრეზიდენტო ლიდერი და არა სხვა და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ვიზიტები. ცხადია, ეს ინფორმაცია არსებობს, ცნობილი იქნებოდა ხელისუფლებისთვის და შეფასდებოდა სათანადოდ. არსებული ინფორმაციით, ალასანია აკნინებდა პოლიტიკური ფიგურების ავტორიტეტს, რომლებიც ოცნების კოალიციაში შედიან. ის ცდილობდა, საკუთარი პოლიტიკური ძალა წარმოეჩინა ერთადერთ გადამრჩენ ძალად, ამიტომ მე მეჩვენება, რომ ალასანიას საკითხი გადაწყვეტილია. ასე რომ, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ძალიან ბევრ სიახლეს ვნახავთ და არ გამოვრიცხავ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების გატარებას." - აცხადებს გაზეთთან ინტერვიუში გელბახიანი.
http://primetimenews.ge/?page=3&news_id=25051