ინტერვიუ დიდ მიშისტ ქალბატონთან, რომლის ყაჩაღობის ბრალდებით გასამართლებული შვილიც მიშუტკაც შეიწყალა

რაღაცნაირად შემეცოდა

მაია ორჯონიკიძე: "სიმართლე 9 წლის ასაკში გავიგე და ჩემი ბავშვობა დამთავრდა"
ცნობილ პოეტსა და მთარგმნელს, იზა ორჯონიკიძეს, რომელიც 3 წლის წინ 72 წლის ასაკში გარდაიცვალა, ერთადერთი შვილი და ერთადერთი შვილიშვილი დარჩა, თუმცა ოთხჯერ იყო გათხოვილი. მისი ქალიშვილი დედის გვარს ატარებს. ის ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილი, პოლიტიკურად აქტიური სახე, მაია ორჯონიკიძე გახლავთ. მას საკმოდ წინააღმდეგობრივი ცხოვრება აქვს გამოვლილი. პოეტი დედისგან ახსოვს სიტყვები, რომლებიც სამუდამოდ მის ტრავმად იქცა – ჩემთვის ჯერ ჩემი ცხოვრებაა და მერე შენ ხარო... ქალბატონი მაია ამბობს, მისი ბედი ინდური ფილმის სცენარს ჰგავს.
მაია ორჯონიკიძე პროფესიით მხატვარია, ისე როგორც მისი ერთადერთი ვაჟი ცოტნე მამულაშვილი. ცოტნე რამდენიმე ხნის წინ დიდ უსიამოვნებაში გაეხვა – ლომბარდის დაყაჩაღების ბრალდებით დააპატიმრეს და 6 წელი მიუსაჯეს. მაია ორჯონიკიძე, რომელიც საქართველოს "დემოკრატიული პარტიის" წევრია და ასევე – ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი, ამბობს, რომ მის შვილს ე.წ. "ნასედკა" მიუგზავნეს და არჩადენილი დანაშაული სწორედ დედის პოლიტიკური აქტიურობის გამო დააბრალეს. მიხეილ სააკაშვილმა ცოტნე მამულაშვილი თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში შეიწყალა.
ამრიგად, მაია ორჯონიკიძე თავისი პირადით "სარკეში".
– ერთი წლის ვიყავი, ჩემი მშობლები ერთმანეთს რომ დაშორდნენ. დედა მოსკოვში წავიდა სასწავლებლად და მეც წამიყვანა. იქ გაიცნო ბერძენი ემიგრანტი, რეჟისორი ანტონისი. ის კარგა ხანი მამა მეგონა. მამას ვეძახდი და ისეთი კაცი იყო, ბევრს ნამდვილი მამა რომ არ ჰყავს. სიმართლე 9 წლის ასაკში გავიგე და საშინელი ტრავმა მივიღე.
პირველი და მეორე კლასი მოსკოვში დავამთავრე. ქართული არ ვიცოდი. დედაჩემმა მოსკოვში ლომონოსოვის უნივერსიტეტის სლავისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა და სკოლა–ინტერნატში მუშაობდა. მახსოვს, ერთხელ დედაჩემი სადილს აკეთებდა და რადიოში ქართული სიმღერა გაისმა. იზამ გულამოსკვნით დაიწყო ტირილი. ვერ ძლებდა ემიგრაციაში. ეს ის პერიოდი იყო, როცა საბერძნეთში ფაშისტური რეჟიმი სულს ღაფავდა და სამშობლოდან დევნილი ბერძნები ევროპაში, ძირითადად პარიზში გადადიოდნენ. ჩემი მამობილი სთხოვდა დედას, ჩვენც წავიდეთ პარიზშიო. იზამ კატეგორიული უარი უთხრა. იჩხუბეს. დედაჩემმა ჩაალაგა ჩემოდანი, ამომიღლიავა და ჩამოვიდა საქართველოში. მალევე გამოსცა თავისი ლექსების პირველი წიგნი "ორი დღეკეთილი". ლიტერატურულ წრეებში უკვე იცნობდნენ, როგორც ნიჭიერ პოეტ ქალს.
– თქვენი მამობილი წავიდა პარიზში?
– მაშინვე არ წასულა. ძალიან უყვარდა დედა. კიდევ ერთხელ სცადა შერიგება – ჩამოვიდა თბილისში. როგორც ჩანს, ჩამოვიდა თუ არა იჩხუბეს და ანტონისი თავისი ჩემოდნებით იმავე დღეს წავიდა უკან. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი ტრაგედია იყო. ძალიან უბედური ვიყავი და დედამ, როგორც ჩანს, ჩემი მდგომარეობის შემსუბუქება გადაწყვიტა, მითხრა, ანტონისი შენი მამა არ არისო. ამით კი უფრო საშინელი ტრავმა მომაყენა. ვერ მიხვდა, რას აკეთებდა, რადგან ახალგაზრდა, 29–30 წლის იყო.
ორი კვირის ჩამოსულები ვიყავით თბილისში და ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან მოდიოდა ულამაზესი ახალგაზრდა კაცი – ნამდვილი ალენ დელონი, ოღონდ უკეთესი სხეულით. ჩემთვის მოჰქონდა საჩუქრები. დედამ მითხრა, მამაშენი ანტონისი კი არა, ეს კაციაო. ალექსანდრე ჰქვია მამაჩემს და შინაურულად სტიმას ეძახდნენ. სტიმა ბიძია ძალიან მომწონდა, მაგრამ ეს რთული გადასატანი იყო 9 წლის ბავშვის ფსიქიკისთვის. მაშინ გამოვიცვალე ქვეყანა, ენა, მამა... ჩემი ბავშვობა 9 წლის ასაკში დამთავრდა.
დღემდე ანტონისის სახელი მიწერია მამის სახელის გრაფაში. მოზრდილ ასაკში დავაპირე ჩემი ბიოლოგიური მამის სახელი ჩამეწერა – გვარი დედის მაქვს და სახელს მაინც ავიღებ მამისას–მეთქი, მაგრამ დედამ მითხრა, ეგ რომ გააკეთო, ძალიან მატკენ გულს, რადგან ამ ფორმით მინდა, იმ ადამიანის ხსოვნა დავაფასოთო. დავეთანხმე და სანამ ცოცხალი ვარ, ანტონისის ასული ვიქნები. მამაჩემი, ალექსანდრე თარხნიშვილი, ასე დაგვრჩა უყურადღებოდ.
– თავიდანვე მამის გვარზე რატომ არ იყავით?
– დედა როგორც კი გაშორდა, იმ დღიდან გამომიცვალა გვარი. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და სწორედ ამიტომაც ეწყინა დედას. მიღალატაო, ბუზღუნებდა ხოლმე. მამა ისეთი იყო, უნივერსიტეტის გოგოები მასზე იყვნენ შეყვარებული. მოზრდილი ვიყავი, ერთმა ქალმა რომ მითხრა, გოგოებს მამათქვენის გამო ბნედა ემართებოდათო. მერე გავიგე, რომ თურმე მამაჩემი ელოდებოდა იზას და მოსკოვიდან რომ ჩამოვიდა, სცადა შერიგება, მაგრამ დედა არ შეურიგდა. დედას მესამედ გათხოვებიდან ერთი წლის შემდეგ მამამ ცოლი მოიყვანა, მისგან ბიჭი შეეძინა. ჩემი ძმა ისრაელში ცხოვრობს.
დედამ გაიცნო პროზაიკოსი, უკრაინული ლიტერატურის მთარგმნელი, ჯაბა ასათიანი და თბილისში ჩვენი ჩამოსვლიდან ერთ თვეში მისი ცოლი გახდა. ჯაბა ფიზიკურად და შინაგანად კარგი პიროვნება იყო, მაგრამ მან და დედამ მალე დაიწყეს ჩხუბი, რაც ჩემ თვალწინ ხდებოდა და საშინლად განვიცდიდი. ჩემზე არავინ ფიქრობდა. მაშინ დედაჩემი 30 წლის იყო, ჯაბა – 23–ის. სხვა დრო იყო, 7 წლით უფროსი ქალი, თან ბავშვიანი... ჯაბას დედა წლების განმავლობაში დედაჩემთან არ კონტაქტობდა. დრო რომ გავიდა, მერე კი ჰქონდათ ურთიერთობა. დედას შვილის გაჩენა შეეძლო, მაგრამ არც ანტონისს გაუჩინა და არც – ჯაბას. სადღაც მართალიც გახლდათ, შემოქმედებითი ნატურა იყო და ერთი შვილის მოვლაც რთულია ამ დროს.
იზამ და ჯაბამ 10 წელი გაატარეს ერთად, უყვარდათ ერთმანეთი. ჯაბა მამასავით მექცეოდა და მის მიმართ პრეტენზია არ შეიძლება მქონდეს. მათი დაშორება არ მინდოდა, რადგან ალბათ გული მიგრძნობდა, რომ ეს დედას პირად ცხოვრებაში ბოლო ღირსეული ადამიანი იყო. დედაჩემს ნათქვამი აქვს, ოთხი ქმარი მყავდა, მაგრამ მამაშენის გარდა არავინ მყვარებიაო.
შემდეგ დედას ცხოვრებაში გამოჩნდა პოეტი, რომლის სახელის ხსენებაც კი არ მინდა, რადგან თუ ადამიანისგან კარგი არაფერი გახსოვს, ჯობია, არც ახსენო. ისიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი. უმძიმესი ხასიათის, ვიწრო აზროვნების და დიდი პრეტენზიების მქონე პიროვნება იყო. 7 წელი ვიცხოვრეთ ერთად.
– თქვენ რას გიშავებდათ, რატომ გახსოვთ ასე მძიმედ?
– 19 წლის ვიყავი და 3 თვის მყავდა ცოტნე, ეს კაცი რომ ჩვენს ოჯახში შემოვიდა. დედაჩემი ინახავდა ოჯახს. მაშინ სტუდენტიც არ ვიყავი, რადგან სანამ ცოტნე 4 წლის არ გახდა, აკადემიაში ვერ ჩავაბარე, ბავშვის დამტოვებელი არ მყავდა. ბავშვობაში ქალაბიჭა, სპორტული გოგო ვიყავი, ყმაწვილობაში – სულ წიგნებში ჩაფლული და უცბათ გავხდი დედა, ოჯახში მოტრიალე ქალი. დედას, მის ქმარს, ჩემს ქმარს საღამოს ყველაფერი დაკრიალებული და გამზადებული ხვდებოდათ. დედას და იმ კაცს სულ უსიამოვნება ჰქონდათ. ის ჩემ მიმართაც იყო აგრესიული. კედლები თხელი იყო და მესმოდა, როგორ ამხედრებდა იზას ჩემ წინააღმდეგ. ჩვენ შორის ურთიერთობას ძაბავდა და უზნეოდ იქცეოდა. ამის გამო უბედური ვიყავი, რადგან გაუსაძლისი ხდებოდა საკუთარ სახლში ცხოვრება.
5 წლის შემდეგ ძალიან გავბრაზდი, რასაც მოჰყვა ჩემგან შესაბამისი ქმედებები – ხელის მაგიდაზე დაბრახუნება და არამარტო. რომ დაინახა, ხმის ამოღება შემეძლო, ვეღარ მიბედავდა რამეს.
– ქალბატონი იზა როგორი დედა იყო?
– დედაჩემი ტრაგიკული ადამიანი გახლდათ. ულამაზესი, ჭკვიანი, ნიჭიერი – უამრავი რამ დააბერტყა გამჩენმა, მაგრამ ვალდებულების ადამიანი იყო. არ გიღალატებდა, თავის, როგორც დედის, ვალდებულებას შეასრულებდა, მაგრამ 10–12 წლიდან ვამჩნევდი, რომ ჩემ მიმართ მოვალეობის გრძნობა ჰქონდა. ჩემთვის შვილთან ურთიერთობა მოვალეობა არ არის, მოთხოვნილებაა. იზასთვის პირველ პლანზე იყო პირადი ცხოვრება და შემოქმედება და მერე – შვილი. ეს პირდაპირაც მითხრა – ჯერ ჩემი ცხოვრებაა და მერე შენ ხარო. ესეც ტრაგედია იყო ჩემთვის, რადგან დედა სიგიჟემდე მიყვარდა და ახლაც ძალიან მიყვარს.
ყველაფერი მომცა და მასწავლა იზამ, სხვას ჩემზე არავის უზრუნია, მაგრამ ამის მიუხედავად, მუდმივად ვგრძნობდი, რომ მისთვის მეორე პლანზე ვიყავი. ვალდებული ვარ, მას ეს გავუგო და მესმის კიდეც. საინტერესო და წინააღმდეგობრივი ადამიანი იყო. ერთმანეთთან ურთიერთობა გვიჭირდა. თითქმის ყველაფერზე განსხვავებული შეხედულება გვქონდა, მაგრამ რაღაცეებში ვგავართ ერთმანეთს.
– ჰგავხართ ფიზიკურად, ხმის ტემბრით...
– ფიზიკურად, ნაკვთებით მამას ვგავარ, იერით – დედას და, რაც ასაკში შევდივარ, უფრო და უფრო ვემგვანები. ასეთ ნიჭიერ და ხელოვნებისთვის შეწირულ ადამიანებს ალბათ ჯობია, ოჯახი არ ჰქონდეთ. რასაკვირველია, იზას ვუყვარდი, მაგრამ ეს არ იყო ერთადერთობა. არ გავზრდილვარ იმ განცდით, რომ დედისთვის ყველაზე მთავარი ადამიანი ვიყავი. მუდამ ტკივილით ვცხოვრობდი, რომ მე მისთვის პირველი არ ვიყავი. არ ვსაყვედურობ მის ხსოვნას. სხვანაირად ნამდვილი პოეტი ვერ იქნებოდა. ბევრი სიკეთე აქვს სხვებისთვის უანგაროდ გაკეთებული. უცნაური ქალი იყო. შეეძლო, სრულიად უცხო ადამიანისთვის უზარმაზარი რამ გაეკეთებინა და მე კი წვრილმანი რაღაცისთვის ხვეწნა მჭირდებოდა.
ყველაფერში მასშტაბური იყო და წვრილ კაცთა განსაქიქი ქალი არ არის. ჩავარდნებიც ჰქონდა, აღმაფრენებიც, შეცდომებიც, მაგრამ მაინც მასშტაბური იყო. მასშტაბურ ადამიანს შეცდომებიც მასშტაბური აქვს.
– ცნობილია, რომ მეოთხე ქმართან გაშორების შემდეგ რამდენჯერმე კიდევ ეწვია სიყვარული თუ გატაცება.
– კი, დაახლოებით 22 წლის განმავლობაში გრძნობის რამდენიმე ობიექტი ჰყავდა და ეს ნორმალურია. პოეტისთვის სიყვარულის განცდა საწვავია. სიყვარული ჰგავს თავად ადამიანს. როგორიც ხარ შენ, ისეთია შენი სიყვარული. სიყვარული ჯადოქრული გრძნობაა, მით უმეტეს, როცა ის იბადება ისეთ დიდ პოეტში, როგორიც იზა ორჯონიკიძე იყო. იზა იწვოდა.
დიდი სიყვარული მე ორჯერ მაქვს განცდილი. მეც ვწერდი ლექსებს და როგორც მეუბნებიან, საკმაოდ კარგად. რუსულადაც ვწერდი და ქართულადაც. ვერიკო ანჯაფარიძე ჩემი რუსული ლექსების დიდი მოტრფიალე იყო და მეხვეწებოდა, დამებეჭდა, მაგრამ არ დავინტერესებულვარ ამით.
– ორჯერ გიყვარდათ და სამჯერ გათხოვდით. ერთხელ უსიყვარულოდ შექმენით ოჯახი?
– იცით, იმ კაცზე, ვისგანაც შვილი მყავს, სიყვარულით გაგიჟებული არ ვყოფილვარ. ახალგაზრდა ვიყავი, შემომიჩნდა. მეც მეგონა, მიყვარდა. მეტს გეტყვით, იმ ორს, ვის მიმართაც დიდი სიყვარული განვიცადე, ცოლად არ გავყოლივარ. ერთი პლატონური სიყვარული იყო. მეორე 5 წელი გაგრძელდა, მაგრამ მიილია. გრძნობის გარეშე არ გავთხოვილვარ, მაგრამ ალბათ ეს სამივე უფრო გატაცება იყო. ცოტნე 5 წლის იყო, მამამისს რომ გავშორდი და გავყევი არაჩვეულებრივ პიროვნებას, გია ჯიბლაძეს. 3 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მაგრამ მეგობრებად დავშორდით. გია გარდაცვლილია და მის დასთან დღემდე ვმეგობრობ.
მესამედ ჩემი ბავშვობის მეგობარს, მოქანდაკეს გავყევი ცოლად. 2 წელი ვიყავით ერთად. მივხვდით, რომ სხვადასხვა წარმოდგენები გვქონდა ყველაფერზე და მშვიდობიანად დავშორდით.
– როცა დედათქვენის ცხოვრებაში მამაკაცები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, თქვენ ტრავმირებული რჩებოდით. შემდეგ იმავე მდგომარეობაში თქვენი შვილიც ხომ არ აღმოჩნდა?
– ჩემს შემთხვევაში ცოტა სხვანაირად იყო. 5 წელი არ გავთხოვილვარ. 10 წლის იყო ცოტნე, გიას რომ გავყევი. ის კეთილშობილი პიროვნება გახლდათ, გიჟდებოდა ცოტნეზე, ერთ ლოგინში ეძინათ. მესამედ რომ გავთხოვდი, ცოტნე უკვე 26 წლის კაცი იყო და მეორე ცოლი ჰყავდა. ასე რომ, მისთვის არანაირი ტრავმა არ მიმიყენებია.
– ახლა ცოტნესაც მესამე ცოლი ჰყავს.
– დიახ. ორ ცოლს გაშორდა და მათგან თითო–თითო ანგელოზივით შვილები ჰყავს. ახლა კი მესამე ცოლისგან ეყოლა მესამე შვილი.
– თქვენი კარიერა როგორ წარიმართა?
– სამხატვრო აკადემია რომ დავამთავრე, მაშინვე მივიღე მოწვევა ილია ჭავჭავაძის სახლ–მეზეუმში მთავარი მხატვრის თანამდებობაზე. 3 წელი ვიმუშავე. მერე ერთი წელი იზასთან, ლიტერატურის მუზეუმში ვიმუშავე მხატვრად. შემდეგ ყველგან აირია სიტუაცია. მოვკიდე ცოტნეს ხელი და ამერიკაში წავედი. იქ მქონდა შანსი, ამერიკელ მილიარდერს გავყოლოდი ცოლად, მაგრამ არ მაინტერესებდა ვინმეს ფული. შანსი მქონდა, რომ "ამერიკის ხმაში" მემუშავა, მაგრამ ვერ წარმომედგინა ჩემი სამშობლოს გარეშე. სანამ ცოტნემ აკადემია არ დაამთავრა, ვერ მივეცი თავს უფლება, რომ დავბრუნებულიყავი, რადგან სწავლის საფასურს ვერ გადავიხდიდი. სანამ ენას ვისწავლიდი, ამერიკაში სახლებსაც ვალაგებდი, ბებიებსაც ვუვლიდი. მერე იქ კოლეჯში ვასწავლიდი ხატვას.
– და ახლახან გამოჩნდით ქართულ პოლიტიკაშიც.
– 2009 წლიდან გამოვჩნდი. რამდენიმე სტატია დავბეჭდე. ამის მერე გია თორთლაძე დამიკავშირდა და მის პარტიაში შესვლა შემომთავაზა. 2005 წელს რომ დავბრუნდი საქართველოში, უკვე სახელმწიფო დამხვდა. წინა ხელისუფლებამ ქვეყანა ნანგრევებიდან ამოიყვნა, დღეს ბევრს არ უნდა ამის აღიარება.
– რამდენიმე თვის წინ თქვენს შვილს ლომბარდის დაყაჩაღების ბრალდებით 6 წელი მიუსაჯეს. სააკაშვილმა კი პრეზიდენტად ყოფნის ბოლო დღეებში შეიწყალა, რაც თავისთავად ბევრ კითხვას ბადებს.
– ცოტნე არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი მხატვარი, ღირსეული ვაჟკაცია! 34 წლის ასაკში, ორი შვილის მამა, დღისით, მზისით, შეიარაღებული, ნიღბის გარეშე შევარდა სადღაც?! ცოტნეს ამხანაგის ძმა, ყოფილი პოლიციელი ყვება, ვალები მქონდა და ცოტნეს ვთხოვე, თუ შეგიძლია, წამომყევიო. ამბობს, რომ 2 საათზე შეხვდა, ცოტნემ მაშინ გაიგო, სად მიჰყავდა და 15 წუთში ყაჩაღობა მოხდა. თუ არ იცოდა, სად მიდიოდა, იარაღი რატომ ეჭირა ჩემს შვილს ხელში, იარაღით დადიოდა ქუჩაში?! ისე უნიჭოდაა ეს ყველაფერი შეთითხნილი... თან ღამის 3 საათზე, მეგობარ ქალთან, მარია ექსელთან იმყოფებოდა ცოტნე, რადგან სცენარზე მუშაობდნენ და მაშინ აიყვანეს. პოლიციელებმა მოატყუეს, ვითომ მოწმის სტატუსით უნდა დაეკითხათ, წაიყვანეს და დააპატიმრეს. ის, ვინც ცოტნეს ხელს ადებს, ჩვეულებრივი "ნასედკაა". არც ის ვიცი, ლომბარდი სინამდვილეში მართლა დააყაჩაღეს თუ არა. ორი ბიჭი აწამეს პოლიციაში, რომ ცოტნეზე ეთქვათ, დაყაჩაღებაში მონაწილეობდაო. ერთი მომიყვა, როგორ წაუვიდა წამებისგან გული ხუთჯერ. უნიტაზში ჩააყოფინეს თურმე თავი და ჩარეცხეს. ბოლოს უთხრეს, თუ ცოტნეს არ დაადებ ხელს, გაგაუპატიურებთო. დიახ, ეს ამ ხელისუფლების დროს ხდება!
არ არსებობს აუდიოფირი ან ვიდეოფირი. არ არსებობს ანაბეჭდი და იარაღი, რომელიც საქმეში ფიგურირებს. ლომბარდის პატრონი ქალი ამბობს, შემოვიდა ორი და დამაყაჩაღაო. ამ ქალმა ჩვენებაც შეცვალა – ჯერ თქვა, კაშნეები პირზე ჰქონდათ აფარებულიო და მერე თქვა, კისერზე ეკეთათო.
– ვის სჭირდა თქვენი შვილის ჯავრი, რომ ასეთი სპექტაკლი გაეთამაშებინათ?
– ჩემი შვილის კი არა, ჩემი აქტიურობა არ მოსწონთ. ცოტნე ნამდვილი პოლიტიკური პატიმარი იყო!
– დავიჯერო, ასეთ საშიშ ადამიანად მიაჩნიხართ ახალ ხელისუფლებას?
– მაპატიეთ, მაგრამ მელორ ვაჩნაძეზე მეტი წონა არ მაქვს?! მელორ ვაჩნაძე და სხვა 200 უსახელო რომ პოლიტპატიმარი იყოს, მაია ორჯონიკიძე ტელევიზორში მაინც ჩანს და სტატიებით და თავისი გამოსვლებით მაინც არის ცნობილი! ჩემი დასჯა გადაწყვიტეს. ფული მე არ მაქვს და თანამდებობა. უმუშევარი ვარ. გუდიაშვილის სურათი გავყიდე დედაჩემის კოლექციიდან, რომ პატიმარი შვილი შემენახა. ათასი ოხერ–მუდრეგი გაუშვეს და ცოტნე დააპატიმრეს.
გამოცემულია წიგნი "ქართული არქიტექტურა ვარდების რევოლუციის პერიოდში", რომლის ყდაზეც ცოტნეს გადაღებული ფოტოა. არაჩვეულებრივი ფოტოგრაფი, ხელოვანია! მე ვიყავი იდეალური სამიზნე, რადგან საზოგადოებრივი სექტორის ერთი ნაწილის აზრს გამოვხატავდი.
http://sana.ge/address/news/cat/1/id/25410...%93%E1%83%90%22
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)